მათ, ვინც ყველა სახის ტრანსპორტს მატარებელს ამჯობინებენ, ევროპაში მოგზაურობისას  მათი გამოცდა გრძელ მანძილებზეც შეგიძლიათ. მაღალმა ინტერესმა და ფრენის ალტერნატივის განვითარებამ, საწოლით აღჭურვილი მატარებლები უფრო და უფრო პოპულარული გახადა. ის საშუალებას მოგცემთ 1 ღამე მატარებელში გაატაროთ და ერთი ადგილიდან მეორეში შედარებით დასვენებულმა გადაინაცვლოთ.

1. მიუნხენიდან ვარშავამდე

ზალცბურგის და ვენის გავლით

სიხშირე: ყოველდღიური

მოგზაურობის დრო: 14–15 სთ

ამაყად მიმავალი შოპენის (Chopin) ღამის მატარებელი ყოველ საღამოს გადის მიუნხენის ცენტრალური სადგურიდან და პოლონეთის დედაქალაქ ვარშავისკენ მიემართება. მიუნხენის სადგური პირდაპირ ქალაქის ცენტრში მდებარეობს. “შოპენი” გზას ალპებისკენ აგრძელებს. სადღეღამისო მგზავრობისას, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგის გავლით, პეიზაჟი სულ უფრო მთაგორიანი ხდება, რის შემდეგაც მატარებელი გზას აგრძელებს და გვიან ღამით ვენაში ჩერდება მგზავრების ასაყვანად. ჩეხეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, “შოპენი” ჩრდილოეთით უხვევს, გვიან ღამით შედის პოლონეთში და ვარშავაში დილის საუზმისთვის ხელსაყრელ დროს, დილის 8 საათისთვის ჩადის.

2. რომიდან ვენეციამდე

სიხშირე: ყოველდღიური

მოგზაურობის დრო: 7 სთ 30 წთ

ევროპის ღამის მატარებლების გამორჩეული კომპანია: Intercity Notte, რომელსაც ტრენიტალია მართავს, რამდენიმე გამორჩეულ მიმართულებას გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ რომიდან სიცილიისკენ მიმავალი მატარებლები ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობენ, არსებობს მიზეზები, რის გამოც დედაქალაქიდან საპირისპირო მიმართულებითაც ღირს გამგზავრება. ტრიესტისკენ მიმავალი კუპეებიანი მატარებელი ყოველ საღამოს გადის “რომა ტერმინიდან” და ნელ-ნელა მიუყვება ლაციოს, უმბრიასა და ტოსკანას რომანტიკულ რეგიონებს. მძინარე მგზავრები შესაძლოა ვაგონების გადაბმის ხმაურმა გააღვიძოს, როდესაც ჩრდილოეთისკენ მიმავალ ვაგონებს მესტრეში გამოაცალკევებენ, რის შემდეგაც მატარებელი ვენეციის ლაგუნის კაშხალს გადაკვეთს, რაც მართლაც დაუვიწყარი სანახაობაა. დილის ალიონზე “ლა სერენისიმას” (ვენეციის ისტორიული მეტსახელი) დანახვაზე ნებისმიერი მგზავრი უმალ გამოფხიზლდება, მით უმეტეს, რომ ჩასვლისთანავე შეგიძლიათ ერთი-ორი ჭიქა ძლიერი ესპრესო მიირთვათ.

3. ბრიუსელიდან ბერლინში ან პრაღაში

სიხშირე: კვირაში სამჯერ

მოგზაურობის დრო: 10–16 სთ

დიდი გამოხმაურების მქონე European Sleeper-ის რეისი ბრიუსელიდან ბერლინის მიმართულებით საკმაოდ პოპულარულ ღამის მატარებლად იქცა, ხოლო კომპანიამ, რომელიც მას მართავს, მარშრუტი პრაღამდეც გააფართოვა ანტვერპენში, როტერდამსა და ამსტერდამში გაჩერებები დაამატა.

4. ციურიხიდან ზაგრებში

სიხშირე: ყოველდღიური

მოგზაურობის დრო: 13–19 სთ

ეს EuroNight-ის რეისი, რომელსაც SBB მართავს, მოხერხებული მარშრუტია შვეიცარიის უდიდეს ქალაქ ციურიხსა და ხორვატიის კომპაქტურ, ულამაზეს დედაქალაქ ზაგრებს შორის. ის თავიდან ბოლომდე ხუთ ქვეყანას კვეთს. ამ მგზავრობის დაგეგმვა ზაფხულის გრძეელ დღეებში განსაკუთრებით ღირს, რადგან ეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პანორამული და ლამაზი მარშრუტია. ის ავსტრიისა და სლოვენიის მთიან რეგიონებს გადის.

5. ბერლინიდან გოტენბურგში ან სტოკჰოლმში

სიხშირე: ოთხჯერ ან შვიდჯერ კვირაში

მოგზაურობის დრო: 13–17 სთ

შვედეთის რკინიგზის (SJ) EuroNight-ის მარშრუტი გერმანიასა და შვედეთს შორის სტარტს ბერლინში იღებს, გადის ჰამბურგს და საბოლოოდ გოტენბურგში ჩადის. ბერლინის ცოცხალი ღამის ცხოვრებისა და ურბანული სტილის, ან ჰამბურგის ისტორიული ნავსადგურის დატოვების შემდეგ, თქვენ აღმოჩნდებით შვედეთის ხშირად დაუფასებელ მეორე უდიდეს ქალაქში, სადაც წყლის პირას უამრავი გასართობი გელით, ან შეგიძლიათ მის ავტომოყვარულთა ისტორიასა და ვიკინგების მემკვიდრეობას ეზიაროთ. SJ-ის რეისები შემდეგ დედაქალაქამდეც მიდის.

სტოკჰოლმში ჩასასვლელად კიდევ ერთი არჩევანია კერძო ოპერატორი Snälltåget, რომელსაც სეზონური ღამის რეისები (ივლისის შუა რიცხვებიდან იანვრის დასაწყისამდე) დაჰყავს ბერლინიდან და ჰამბურგიდან. ბერლინს ვახშმობის შემდეგ დატოვებთ, ადრიან დილას ერესუნდის ხიდს გადაკვეთთ და შვედეთის იდილიური სოფლების ხედებით დატკბებით, სანამ სტოკჰოლმამდე მიიწევთ.

აგვისტოდან დეკემბრამდე, კვირაობით, Snälltåget-ის მარშრუტი დრეზდენიდან იწყება. ორივე მარშრუტი მოიცავს გაჩერებას კოპენჰაგენში. თუ თქვენს ცხოვრებაში ცოტა მეტი “ჰიუგე” (დანიური სიმყუდროვე) გჭირდებათ, შეგიძლიათ ერთი დღით შეჩერდეთ და დატკბეთ დანიის დედაქალაქით, მისი შთამბეჭდავი არქიტექტურით, დახვეწილი მაღაზიებითა და კაფეებით.

6. ბუდაპეშტიდან ბუქარესტში

სიხშირე: ყოველდღიური

მოგზაურობის დრო: 14 სთ 30 წთ

ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი სადგური, ბუდაპეშტის კელეტი, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტისკენ მიმავალი ფანტასტიკური ღამის თავგადასავლის საწყისი წერტილია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მარშრუტზე რამდენიმე საწოლებიანი მატარებელი მოძრაობს, Ister-ის განრიგი, სავარაუდოდ, ყველაზე მოსახერხებელია. ის უნგრეთის დედაქალაქს საღამოს 7 საათის შემდეგ მალევე ტოვებს და ბუქარესტის ცენტრალურ სადგურში (Gara de Nord) შუადღემდე ჩადის. მატარებელში მშვიდი და აუჩქარებელი დილის გატარების უდიდესი უპირატესობა ის ულამაზესი პეიზაჟებია, რომლებიც კარპატების მთების გავლისას იშლება. ხოლო ბუქარესტიდან ზაფხულობით მოქმედებს პირდაპირი ღამის სარკინიგზო კავშირი სტამბოლისკენ – რაც ევროპის კიდევ ერთი ყველაზე ეპიკური სარკინიგზო ოდისეაა.

7. პარიზიდან ლატურ-დე-კაროლში

სიხშირე: კვირაში ორჯერ

მოგზაურობის დრო: 12 სთ

საფრანგეთში მოგზაურობისას, ყურადღება მიაქციეთ ღამის მატარებელს, რომელიც პირენეების მთების ძირში მიდის. ლატურ-დე-კაროლის მიმართულებით კვირაში ორჯერ მოძრავ რეისს სამხრეთისკენ მგზავრობისთვის ექვსადგილიანი კუპეები აქვს. ის გადის ლიმოჟს, ტულუზას, პირენეების მთებს და ესპანეთის საზღვართან მდებარე ლატურ-დე-კაროლში ჩადის. ეს ძალიან მოსახერხებელი მარშრუტია პირენეების შედარებით მშვიდი მხარის აღმოსაჩენად ტურისტული ორომტრიალის მიღმა. თუ საფრანგეთის უკიდურესი სამხრეთის მეტად დათვალიერება გსურთ, ულამაზესი, ვიწროლიანდაგიანი “პატარა ყვითელი მატარებელი” ლატურ-დე-კაროლიდან აღმართს მიუყვებადა შთამბეჭდავ მთის სარკინიგზო ტურს გთავაზობთ.