ბერლინი გასაოცარი მეტროპოლისია ისტორიული ძეგლებით, სუბკულტურების ეკლექტური მიქსით და მრავალფეროვანი უბნებით, სადაც ადგილობრივ და მსოფლიო სამზარეულოებს დააგემოვნებთ. ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ აქ საფულე უნდა დაგითხელდეთ. სხვა პოპულარული და ძვირადღირებული ევროპული დედაქალაქებისგან განსხვავებით, როგორებიცაა ლონდონი, ამსტერდამი და პარიზი, ბერლინი მოგზაურებს სიამოვნების მიღებას ბიუჯეტურად სთავაზობს. ჩვენ მოგცემთ რჩევებს გერმანიის დედაქალაქის საუკეთესო დათვალიერებისთვის.
ამჯობინეთ ჰოსტელი სასტუმროს
ბერლინში ბიუჯეტური დარჩენის დიდი არჩევანია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ უბანში გსურთ. ბერლინში ჰოსტელი არამხოლოდ ბიუჯეტური, არამედ კომფორტულიცაა.
მიირთვით საერთაშორისო სამზარეულო იაფად
ბერლინის ყველა კუთხეში აღმოაჩენთ ბიუჯეტურ საკვებ ობიექტებს. დატკბით გერმანული “არაოფიციალური” ეროვნული კერძით – დონერ ქაბაბით. ყველაზე ცნობილია მუსტაფას ქაბაბი ამ მეტროსთან: Mehringdamm U-Bahn Station. უფრო ტრადიციულ გერმანულ კერძს – Currywurst იაფად დააგემოვნებთ კაფეში – Curry 36. როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მულტიკულტურული ქალაქი, ბერლინის საერთაშორისო სამზარეულო ხელმისაწვდომი და გემრიელია. თურქული რესტორნები ტრადიციულ ლანჩებს 6 ევროდ ყიდიან და ისინი მთელ ქალაქშია მიმოფანტული, ისევე როგორც ვიეტნამური და ლიბანური კაფეები. იტალიური, პოლონური და ბერძნულიც პოპულარული არჩევანია. შარლოტენბურგის Thai Park-ში ევროპის უზარმაზარი ტაილანდური ქუჩის მარკეტია, რომელიც უიქენდებზეა ღია. აქ გემრიელ ტალანდურ საკვებს 6 დოლარად მიირთმევთ.
მოინახულეთ ბერლინის ცნობილი ღირსშესანიშნაობები უფასოდ
ბერლინის ბევრი აუცილებლად სანახავი მიმართულება უფასოა და ერთმანეთთან ახლოს. ჩაუარეთ ჩარლის დამცავ პუნქტს – Checkpoint Charlie, ბრანდებურგის კარიბჭეს, რაიხსტაგის სასახლეს, ჰოლოკოსტის მემორიალს, გერმანიის უმაღლეს სტრუქტურას: Fernseherturm. ამ ყველაფერს ნახევარ დღეში გააკეთებთ.
გამოიკვლიეთ ქალაქის გასაოცარი მრავალფეროვანი უბნები
ბერლინს მრავალფეროვანი უბნები აქვს. მაგალითად, კრაუზბერგი პოპულარული ადგილია დასალევად, საერთაშორისო ატმოსფეროს შესაგრძნობად და ქუჩის ხელოვნების აღმოსაჩენად. ფრიდრიჰშეინი ადგილია, სადაც დილამდე იცეკვებთ, მიტეში კი ბერლინის კულტურას და ისტორიას გაეცნობით. ტურისტების მიერ ნაკლებად მონახულებული ადგილები – შონენბერგი, ნეუკოლნი, ვედინგი და ტიერგართენი კი ადგილობრივ ავთენტურ ატმოსფეროს ქმნიან.
დაისვენეთ მწვანე სივრცეებში
დაიკარგეთ ბერლინის ყველაზე მწვანე პარკში – ტიერგართენში, რომელიც ბერლინელებს ძალიან უყვართ. აქ ისინი დარბიან, სეირნობენ ან მზის აბაზანებს იღებენ. კიდევ ერთი სასეირნო ადგილია – მდინარე შპრეს სანაპირო ზოლი. გზად იხილავთ მუზეუმის კუნძულსაც. ეწვიეთ ისტ საიდ გალერისაც (East Side Gallery) უდიდეს ღია ცის ქვეშ გალერეას მსოფლიოში.
ისარგებლეთ შეთავაზებებით
ბერლინის მუზეუმების შესწავლა თუ გსურთ, გადაიხადეთ 32 ევრო მუზეუმის ბარათში (16 ევრო სტუდენტებისთვის). ის საშუალებას მოგცემთ უფასოდ მოინახულოთ რამდენიმე მუზეუმი. თუ ბევრის მონახულება არ გსურთ, ურბანული ეროვნული მუზეუმი მოინახულეთ შონებერგში. ის უფასოა და ბერლინის ურბანულ ხელოვნებას ეძღვნება.
მოინახულეთ ფლი მარკეტები და საკვების ბაზრობები
ადგილობრივი ბაზრობები ყოველთვის ხელმისაწვდომი არჩევანია. საბედნიეროდ, ბერლინი ბევრს გვთავაზობს. კრაუზბერგის უბანში მდებარეობს Marheineke Market Hall და Markthalle Neun. ორივე გემრიელ და ბიუჯეტურ პროდუქტებს გვთავაზობენ. ავთენტური სუვენირებისთვის კი ბერლინის ფლი მარკეტი ბრწყინვალე არჩევანია. ყველაზე მრავალფეროვანია მაუერპარკის ფლი მარკეტი კვირაობით.
დაათვალიერეთ ბერლინი ბიუჯეტური საფეხმავლო ტურით
ბერლინის საფეხმავლო ტურების ფასი 10 ევროდან იწყება და არჩევანი აქ ძალიან დიდია. ისინი დაგათვალიერებნიბენ მთავარ ღირსშესანიშნაობებს, გაგაცნობენ გერმანელების კულტურას და ისტორიას.
ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით
ბერლინი დიდი ქალაქია და ფეხით ვერ მოივლით. ამიტომაც, იმგზავრეთ მეტროთი იაფად. აქ სულ სამი ზონაა: AB, BC, და ABC. AB ზონის ბილეთი ბერლინის საკმარის ნაწილს ფარავს და სწორედ ის შეიძინეთ თუ პოსტდამში ან აეროპორტში არ აპირებთ წასვლას. ერთი გზის ფასია 3.20 ევრო. 24 საათიანი გზის ფასი კი 9.50 ევრო. თუ 5 ან მეტი ადამიანი ხართ, 24 საათიან ჯგუფურ ბილეთს 29 ევროდ შეიძენთ.