ვენა შესაძლოა სულაც არ დაგიჯდეთ ცოტა, მაგრამ ბიუჯეტური მოგზაურებისთვის აქ მაინც ბევრი შესაძლებლობაა დროის სასიამოვნოდ გასაყვანად. ჩვენ ავსტრიის დედაქალაქის უფასო აქტივობებს გირჩევთ.
ეწვიეთ წმ. სტეფანის კათედრალს
მოზაიკური ფილებით შემკული ჭერით ეს მე-12 საუკუნის კათედრალი ვენის გამორჩეული ძეგლია. გოთიკური ღირსშესანიშნაობა ყველასთვის ღია და უფასოა. თუმცა, გიდის ტურით დათვალიერება, კოშკში და მუზეუმში ვიზიტი ფასიანია. შეიგრძენით ინტერიერის ამაღელვებელი ატმოსფერო.

დაკავდით საფეხმავლო ტურით
გაისეირნეთ ისტორიულ ქუჩებში რათა უკეთ შეიგრძნოთ ვენა, როგორც ულამაზესი ქალაქი. სპეციალური აპლიკაცია – ivie App ამაში დაგეხმარებათ. ის საშუალებას მოგცემთ საკუთარი თავის გიდი გახდეთ და ნაკარნახევი მარშრუტით იხელმძღვანელოთ. დათვალიერებას დაიწყებთ შონბრუნის სასახლიდან. არსებობს უფასო გიდის საფეხმავლო ტურებიც, რომელსაც ვენაში მოხალისეები გვთავაზობენ. ენთუზიასტი ადგილობრივები დაახლოებით 2 საათის განმავლობაში დაგათვალიერებინებენ ქალაქს. მათი სახელწოდებაა Vienna Greeters.

გადმოხედეთ ვენას ზევიდან
ლეოპოლდის მუზეუმის სახურავზე მდებარეობს არაჩვეულებრივი ტერასა – MQ Libelle გასაოცარი ხედებით. მასზე არსებული შუშის სტრუქტურაც ხელოვნების ნიმუშია. აქ გამოფენაც მდებარეობს საინტერესო ინსტალაციებით – MQ Art Box, რომელსაც 24 საათის განმავლობაში უფასოდ ეწვევით. ტერასა ღიაა ყოველდღე, სამშაბათის გარდა და იქ ორი გარე ლიფტის საშუალებით ახვალთ.

დააგემოვნეთ ადგილობრივი პროდუქცია ბაზარში
ვენის ადგილობრივი ბაზრების დათვალიერება უფასოდ შეგიძლიათ. ზოგიერთი დახლი ვიზიტორებს ადგილობრივი პროდუქციის დაგემოვნებასაც სთავაზობს. Kutschermarkt – ქალაქის უძველესი ბაზარია. ადგილობრივებში ასევე პოპულარულია Schwendermarkt და Karmelitermarkt.

მოარეთ მუზეუმები
მართალია, ვენის მუზეუმების უმეტესობა ფასიანია, მაგრამ თუ ავსტრიის დედაქალაქში თვის პირველ კვირა დღეს იმყოფებით, მათ უფასოდ მოინახულებთ. ამ აქციას უერთდებიან მუზეუმები: MUSA – თანამედროვე ხელოვნების გამოფენებით, Pratermuseum – ვენის საკულტო გასართობი პარკის ისტორიით, Clock Museum – 700-ზე მეტი საათით, ფრანც შუბერტის სახლ-მუზეუმი და Haydnhaus – ცნობილი მაესტროს, ჰაიდნის საცხოვრებელი.

მოუსმინეთ კლასიკური მუსიკის კონცერტს
ზოგიერთი საზაფხულო კლასიკური მუსიკის სპექტაკლი, რომელიც ვენის ოპერაში ტარდება, მის ეზოში მდებარე ეკრანზე ლაივში უფასოდაც გადის. მიდით ნახევარი საათით ადრე, დაიკავეთ ადგილი და დატკბით კონცერტით ღია ცის ქვეშ.

გაისეირნეთ შონბრანის სასახლეში და ბელვედერის ბაღებში
Schönbrunn Palace ვენის გამორჩეული სასახლეა, რომელსაც უზარმაზარი ბაღები აკრავს გარს მალული ადგილებით და მშვიდი კუთხეებით. ბაღი იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლებშიცაა შესული და მას უფასოდ ეწვევით.

შეუერთდით ადგილობრივებს ხელოვნურ კუნძულზე
Donauinsel – მდინარე დანუბეზე მდებარე ხელოვნური კუნძულია, სადაც შეძლებთ ცურვას, რუჯის მიღებას და პიკნიკის მოწყობას. აქ მდებარეობს კოპას სანაპირო, ქალაქის სარელაქსაციო ადგილი.

დაათვალიერეთ პანთეონი
Zentralfriedhof – ვენის უდიდესი და ყველაზე ცნობილი სასაფლაოა, სადაც განისვენებენ შტრაუსი, ბრამსი, ბეთჰოვენი და შუბერტი.

დაისვენეთ ლაინცერის ტიერგართენში
Lainzer Tiergarten – ცენტრისგან მოშორებით მდებარე ეს მწვანე ტერიტორია განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება ბავშვებისთვის, რადგანაც აქ ბუნების ბილიკებია გამოსაკვლევი, მათ შორის ტყეებში. პარკში დგას ჰერმსვილა, პატარა სასახლე, რომელიც ყოველი თვის პირველ კვირა დღეს უფასოდაა ღია.

იარეთ ველოსიპედით
ვენაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებულია, თუმცა შეგიძლიათ ველოსიპედის პატარა სადგურებიდან საზოგადოებრივი ველოსიპედებიც იქირაოთ. რეგისტრაციისთვის იხდით 1 ევროს. თუ ველოსიპედს 1 საათში დააბრუნებთ და ახალი ველოსიპედის აღებამდე 15 წუთს დაიცდით, დამატებით არაფერი გექნებათ გადასახდელი.











