ბავარიის გულში, მიუნხენის გარშემო, იმაზე მეტია სანახავი, ვიდრე ამ ქალაქში. აქ იხილავთ გერმანიის ყველაზე ღრმა ალპურ ტბასაც. გამოიკვლიეთ შუასაუკუნოვანი ქალაქები და მთის დასახლებები, სადაც ცნობილ გერმანელებს უყვარდათ განტვირთვა.

ვაიშენსი/Walchensee

ქალაქის ცენტრიდან 1 საათის სავალ გზაზე, გერმანიის ყველაზე ღრმა ალპური ტბა მდებარეობს. აქ წყლის სიღრმე 200 მეტრს აღწევს. თუ ლაშქრობა გიყვართ, გეტყვით, რომ ტბის გარშემო არსებული მთებიდან საოცარი პანორამული ხედი იშლება. ზაფხულობით შეგიძლიათ ნავები და ველოსიპედები იქირაოთ. ტბაში ცურვაც და თევზაობაც ნებადართულია.

როტენბურგი/Rothenburg ob der Tauber

დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ შუასაუკუნეების დროინდელი გერმანია… ეს როტენბურგია! მიუნხენიდან ორი საათის სავალ გზაზე, შტუტგარტსა და ნურემბერგს შორის, ქვეყნის საუკეთესოდ შემონახული რენესანსის არქიტექტურა დაგხვდებათ. ძნელია დაიჯეროთ, მაგრამ 1300 წელს, როტენბურგი გერმანიის სიდიდით რიგით მეორე ქალაქი იყო. აქ ფესტივალები ხშირად ტარდება, ასე რომ შესაძლოა რომელიმე მათგანს დაემთხვეთ კიდეც.

პარტნახის ხეობა/Partnach Gorge

გაყინული ზამთარში და გრილი ზაფხულში – ეს ხეობა 1912 წელს ბუნების მონუმენტად აღიარეს. ვიზიტორებს შეუძლიათ კლდეებში გაკვალულ ბილიკზე იარონ და ჩანჩქერები დაათვალიერონ. მიუნხენიდან აქამდე საათი და 15 წუთის გზაა. სეირნობის დროს შესაძლოა დასველდეთ, ამიტომაც მშრალი მოსაცმელი წაიღეთ და ფეხსაცმელი სწორად შეარჩიეთ.

არწივის ბუდე/The Eagle’s Nest

ავსტრიის საზღვართან ჰიტლერის საყვარელი ადგილი მდებარეობს. ეს შენობა მას დაბადების დღეზე აჩუქეს და მესამე რაიხის სამთავრობო შეხვედრებისთვის გამოიყენებოდა. ახლა აქ სეზონური რესტორანია, სადაც ლიფტით მოხვდებით. ის ნოემბრიდან მაისამდე პერიოდში იკეტება.

ეკბაუერის მთა

1936 წლის ზამთრის ოლიმპიადა სწორედ აქ ჩატარდა. გაყევით ორკაციან გონდოლებს მის პიკზე და დატკბით ხედებით. განსაკუთრებით, ალპების 270 გრადუსიანი ხედი მოგხიბლავთ. დასახლებაში გემრიელ გერმანულ ლუდს და ტრადიციულ ბავარიულ საკვებს დააგემოვნებთ.

ნეუშვანშტეინი/Neuschwanstein

დისნეის თემატიკის სასახლე მიუნხენიდან სულ რაღაც 40 წუთის სავალ გზაზეა. ეს მე-19 საუკუნის ციხესიმაგრე მეფე ლუდვიგ მეორეს თავშესაფარი იყო. მისი სიკვდილის შემდეგ კი საჯაროდ გაიხსნა. ნეუშვანშტეინს ყოველწლიურად 1.4 მილიონი ადამიანი სტუმრობს. შესვლის ბილეთი იქამდე უნდა შეიძინოთ, სანამ სასახლესთან მიხვალთ. შეგიძლიათ კარებამდე ცხენებშებმული ურმითაც მიხვიდეთ.

ჩემსის ტბა/Chiemsee

ეს ტბა სამი სხვადასხვა მდინარის შეხვედრის წერტილია. მიუნხენის ცენტრიდან ტრანსპორტით აქ 90 წუთში მოხვდებით. თუ ბანაობის სეზონია, წაიღეთ თან საცურაო კოსტიუმი. ტბას ორი აუზი გადმოჰყურებს სარელაქსაციო კომპლექსთან ერთად.

ზალცბურგი/Salzburg

სამხრეთ გერმანიაში ყოფნის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ ავსტრიის საზღვართან იმყოფებით. შეგიძლიათ მიუნხენიდან 2 საათში მუსიკის დედაქალაქში – ზალცბურგში ამოყოთ თავი. გაუყევით ვიწრო ხეივნებს, მიირთვით ჟელატო და დატკბით ქალაქის არქიტექტურით. ადით ფუნიკულიორით ჰოჰენზალცბურგის სასახლეში და გადმოხედეთ ქალაქს.