ციურიხი შვეიცარიის ფინანსური დედაქალაქია, თუმცა აქ უამრავი რამაა სანახავი. შეგიძლიათ განიტვირთოთ მშვიდ პარკებში ან დაათვალიეროთ ცოცხალი შოპინგ არეალები მის სრულად ინდუსტრიულ ნაწილში. ჩვენ მთავარ ღირსშესანიშნაობებს გირჩევთ.

ციურიხის ძველი ქალაქი

თუ ლინდენჰოფის უბნისკენ წახვალთ, მდინარე ლიმატის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქის გულს მიადგებით. ძველი ქალაქი და მისი ქუჩები ციურიხში აუცილებლად სანახავი ადგილია.

მოედანი: Paradeplatz

ბევრი წლის წინ, პარადეპლაცი პირუტყვის ბაზრობა იყო, მაგრამ ახლა აქ ბანკის სათაო ოფისი და შვეიცარიის ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონებაა. მათ შუაში მდებარე მოედანზე ტრავმაის ხაზები ისე იხლართებიან, რომ გეგონებათ ეს-ესაა ავარია მოხდება.

ციურიხის ოპერა

1891 წლიდან, ციურიხის ოპერა ნეოკლასიკურ შენობაში მდებარეობს. აქ საოპერო და საბალეტო სპექტაკლები იდგმება და შოუ-პერფორმანსების მუდამ მრავალფეროვანი არჩევანია.

მუზეუმი: Kunsthaus Zürich

კანსთჰაუსში 4000-ზე მეტი ნახატი და სკულპტურა ინახება, ათასობით პრინტთან ერთად. ეს ქვეყანაში საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ შვეიცარიელი არტისტები გამოიკვლიოთ.

ბუნების ძეგლი: Uetliberg

ციურიხში მდებარე მთაზე უეტლიბერგი მდებარეობს, რომელიც ქალაქზე პანორამულ ხედს გვთავაზობს. აქედან ციურიხის ტბა და ალპებიც კი მოსჩანს. ანძას შეგიძლიათ წლის ნებისმიერ დროს ეწვიოთ, მაგრამ საუკეთესო დრო გაზაფხულია, როდესაც ყვავილები ყვავიან.

ინდუსტრიული ლოკაცია: Viadukt

ვიადუქტს ნამდვილად აქვს საკუთარი შარმი. მაღაზიები და კაფე-რესტორნები მატარებლის რელსების ქვეშ არიან განთავსებულნი და საინტერესო სივრცეს ქმნიან.

ციურიხის ტბა

დატკბით ციურიხის ტბის გარშემო ბულვარში სეირნობით, კარგ ამინდში კი პიკნიკის მოწყობით. შეგიძლიათ ისეირნოთ ფეხით და ველოსიპედით. გზად საოცარი ხედები შეგხვდებათ, ასევე ჩინური ბაღიც.

სავაჭრო ქუჩა: Bahnhofstrasse

ეს მსოფლიოში ცნობილი შოპინგ-ქუჩაა, დიზაინერების აუთლეტ მაღაზიებითა და რესტორნებით. ჩაისეირნეთ 1 კილომეტრი სიგრძის ქუჩაზე და დაათვალიერეთ ძვირფასი ნივთები.

პარკი: Rieterpark

რიტერპარკი ციურიხის უდიდესი საჯარო პარკია და კარგ ამინდში აქედან ალპებსაც კი მოკრავთ თვალს. აქ მდებარეობს რიტბერგის მუზეუმიც უნიკალური კოლექციებით. მას მე-19 საუკუნის დროინდელ ვილაში მიაგნებთ, პარკის შუაგულში.

ფიფას მსოფლიო ფეხბურთის მუზეუმი

სამსართულიანი ფიფას მუზეუმი ფეხბურთის მოყვარულთა სამოთხეა. აქ მთელ შუადღეს ადვილად გაიყვანთ. დაათვალიერებთ სხვადასხვა თემატიკით მორთულ დარბაზებს და გამოფენებს, მათ შორის ნივთებს პირველი მსოფლიო ჩემპიონატიდან.

ჩინური ბაღი

ციურიხს ეს ბაღი 1993 წელს ჩინელმა პარტნიორებმა უსახსოვრეს. ის “ზამთრის სამ მეგობარს” ეძღვნება და წარმოგვიდგენს: ფიჭვის, ბამბუკის და ქლიავის ხეების ყვავილობას. ეს საუკეთესო ჩინური ბაღია ჩინეთს მიღმა.

ტაძარი: Grossmünster

ეს ცნობილი ეკლესია შვეიცარიაში მე-16 საუკუნის პროტესტანტულ რეფორმაციას უკავშირდება, მაგრამ შენობა მე-12 საუკუნითაა დათარიღებული.

ფულის მუზეუმი

ციურიხი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია. ამიტომაც, ის საუკეთესო ადგილია ფულის ისტორიის შესასწავლად. აქ ბევრ უნიკალურ მონეტას და კუპიურას იხილავთ.

ციურიხის ბოტანიკური ბაღი

თუ გსურთ თავი უცებ ამაზონში ან ალპების ფლორაში ამოყოთ და ველურ ბუნებაში ჩაიძიროთ, ციურიხის ბოტანიკურ ბაღს უნდა ესტუმროთ. აქ 7000-ზე მეტი მცენარის სახეობა დაგხვდებათ.

შვეიცარიის ეროვნული მუზეუმი

შვეიცარიის ეროვნული მუზეუმი სამ მუზეუმს და საკოლექციო ცენტრს აერთიანებს, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი არტეფაქტი ინახება, ცივილიზაციის საწყისებიდან – დღემდე. ქვეყანაში ამ მუზეუმს ყველაზე მეტჯერ სტუმრობენ.

ზოოლოგიური მუზეუმი

აღმოაჩინეთ შვეიცარიის ფაუნა ციურიხის ზოოლოგიურ მუზეუმში, სადაც 1500-ზე მეტი ცხოველია წარმოდგენილი.

წმ. პეტრეს ეკლესია

ამ ეკლესიის საათი ძალიან ღირსშესანიშნავი დეტალია, რადგანაც ევროპაში უდიდესია. წმ. პეტრეს კათედრალი ციურიხის უძველესი ტაძარია. ის მე-9 საუკუნით თარიღდება.