დომინიკის რესპუბლიკაში მოგზაურობა ბევრისთვის პუნტა-კანას სამოთხისებურ პლაჟებზე, ყოვლისმომცველი მომსახურების მქონე სასტუმროებში დასვენებასთან ასოცირდება. თუმცა, ულამაზესი სანაპიროების გარდა, აქ უამრავი საინტერესო ადგილია აღმოსაჩენი: უძველესი გამოქვაბულები, ჯუნგლებით დაფარული მთები, ზიპლაინები, ეკოპარკები და მე-16 საუკუნის ხმელთაშუაზღვისპირული სოფლის ზუსტი ასლიც კი.
1. პუნტა-კანას პლაჟები
პუნტა-კანაში მოგზაურობა ულამაზეს პლაჟებზე დასვენების გარეშე წარმოუდგენელია. ბავაროს სანაპირო გამოირჩევა თეთრი, რბილი ქვიშითა და მშვიდი ტალღებით, ხოლო მაკაოს პლაჟი უფრო წყნარი, ოქროსფერქვიშიანი სანაპიროა, სადაც შედარებით მაღალი ტალღები სერფინგისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. თუ გსურთ როგორც სანაპიროზე დასვენება, ისე წყლის აქტივობები, ეწვიეთ ხუანილიოს პლაჟს, სადაც შეგიძლიათ კაიაკით გასეირნება, ვინდსერფინგი, სნორკელინგი და ლაშქრობა.

2. ეკოპარკში თავგადასავლები
პუნტა-კანას ტურისტულ ზონაში მდებარე “Scape Park” ეკო-თავგადასავლების ცენტრია, სადაც ნებისმიერი ასაკის სტუმარს საინტერესო აქტივობები ელოდება. პარკის ტერიტორია ადგილობრივი ხალხის ისტორიას უკავშირდება. აქ მდებარეობს ჰოიო აზული, კრისტალურად სუფთა წყლის ბუნებრივი ცენოტი, სადაც ცურვა და სნორკელინგია შესაძლებელი. შეგიძლიათ ჯუნგლებში ზიპლაინით გაისეირნოთ, მიწისქვეშა გამოქვაბულები გამოიკვლიოთ, თუთიყუშებს დააკვირდეთ ან მარტორქისებრ იგუანებს შეხვდეთ.

3. ღამის გართობა ადგილობრივ კლუბებში
კარიბის ზღვის ერთ-ერთი პოპულარული საკურორტო მიმართულება, პუნტა-კანა, მრავალფეროვანი ღამის ცხოვრებით გამოირჩევა. მშვიდი საღამოს გასატარებლად ეწვიეთ “Huracan Café”-ს, რომელიც ლოს-კორალესის სანაპიროზე მდებარეობს. ეს მყუდრო პლაჟის ბარია, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ მოჰიტო და ოკეანის ხედით დატკბეთ. თუ უფრო ენერგიული გარემო გიზიდავთ, “Drink Point” კარგი არჩევანია: აქ კარიბული ბაჩატისა და მერენგეს რიტმების თანხლებით კოქტეილებსა და ცეკვას შეგიძლიათ მიეცეთ. ბავაროს სანაპიროზე მდებარე Onno’s კი ტროპიკული კოქტეილებითა და დიჯეის მუსიკით გამოირჩევა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია “Coco Bongo”, სადაც ღამის გართობას სანახაობრივი შოუები, აკრობატები, მოცეკვავეები და ეფექტური ვიზუალური წარმოდგენები ახლავს.

4. მთის პანორამული ხედები მონტანია რედონდადან
თუ სანაპიროსგან განსხვავებული პეიზაჟების აღმოჩენა გსურთ, ბავაროდან დაახლოებით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ მიჩესში მდებარე მონტანია რედონდას ეწვიეთ. ზღვის დონიდან 305 მეტრის სიმაღლეზე მდებარე მთის წვერიდან კარიბის რეგიონის შთამბეჭდავი ხედები იშლება. მონტანია რედონდა ფოტოების გადასაღებადაც გამორჩეული ადგილია. მწვერვალზე განთავსებულია საქანელები, ჰამაკები და სხვა დეკორაციები, რომლებიც თითქოს მთის კიდეზეა მოთავსებული და ჰაერში ფრენის შთაბეჭდილებას ქმნის.

5. დააგემოვნეთ დომინიკური პასტელესი
დომინიკის რესპუბლიკაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პლანტანს: ბანანის მსგავს სახამებლიან ნაყოფს, რომლისგანაც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილობრივ კერძს, პასტელესს ამზადებენ. ეს არის შიგთავსით სავსე ცომის პატარა ულუფები, რომლებიც კუნძულის ოჯახებში საყვარელ წასახემსებლად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ პასტელესი მექსიკურ ტამალესს ჰგავს, მის მოსამზადებლად სიმინდს არ იყენებენ. ცომი დაჭყლეტილი პლანტანისგან მზადდება, შიგთავსად კი ხორცს იყენებენ. შემდეგ კერძს ბანანის ან პლანტანის ფოთლებში ახვევენ და ამზადებენ.

6. დატკბი მზით საონას კუნძულზე
ქვეყანაში, რომელიც ულამაზესი პლაჟებით გამოირჩევა, რთულია რომელიმე მათგანის გამორჩევა, თუმცა საონას კუნძული ნამდვილად განსაკუთრებულია. კუნძულზე ღამის გათევა შეუძლებელია, მაგრამ აქ ერთი დაუვიწყარი დღის გატარება ნამდვილად ღირს. შეგიძლია სუფთა, თხელ წყალში სნორკელინგით დატკბე, დააკვირდე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ზღვის ვარსკვლავებს, რომლებიც მუხლამდე სიღრმის ცისფერ ლაგუნაში ბინადრობენ, ან უბრალოდ დაისვენო თეთრ ქვიშაზე, ქარში მოქანავე პალმების ჩრდილში. საონას კუნძული პუნტა-კანადან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საექსკურსიო მიმართულებაა. უამრავი ტუროპერატორი გთავაზობს კატამარანით მოგზაურობას კუნძულის თეთრქვიშიან სანაპიროებზე.

7. გაეცანი კარიბის ზღვის ველურ ბუნებას კოტუბანამას ეროვნულ პარკში
საონას კუნძული ერთი დღის გასატარებლად შესანიშნავი ადგილია, თუმცა ის გაცილებით დიდი კოტუბანამას ეროვნული პარკის მხოლოდ მცირე ნაწილია. პარკი თავგადასავლების მოყვარულებს უამრავ საინტერესო ადგილს სთავაზობს. აქ გვხვდება მარჯნის რიფები, თითქმის 400 მღვიმე, ადგილობრივი მცენარეების 539 სახეობა, ფრინველების 112 სახეობა და თევზების 120 სახეობა.

9. აღმოაჩინე უძველესი კლდეზე შესრულებული გამოსახულებები საოცრებათა მღვიმეში
თუ გსურს მეტი გაიგო ტაინოს მკვიდრი ხალხისა და მათი უნიკალური ტრადიციების შესახებ, ლა-რომანასთან მდებარე საოცრებათა მღვიმის მონახულება ნამდვილად ღირს. ტაინოები არავაკთა ხალხთა ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ და იყვნენ პირველი მკვიდრი მოსახლეობა, რომელსაც ქრისტეფორე კოლუმბი 1492 წელს, კუნძულ ჰისპანიოლაზე ჩასვლისას შეხვდა. “Cueva de las Maravillas” 1997 წელს ეროვნულ პარკად გამოცხადდა და საზოგადოებისთვის გაიხსნა. დაახლოებით 25 მეტრის სიღრმეზე ჩასვლის შემდეგ გრძელ ბილიკს გაუყვები, რომლის ორივე მხარეს კლდეზე ამოკვეთილი გამოსახულებები და 500-ზე მეტი კედლის ნახატი დაგხვდება. ისინი ტაინოების ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს.

9. ჩაიკარგე ბუნებაში ლოს-ჰაიტისესის ეროვნულ პარკში
ბავაროდან დაახლოებით 129 კმ-ის გავლის შემდეგ ლოს-ჰაიტისესის ეროვნულ პარკს მიაღწევ. მისი სახელი ტაინოს ენიდან მომდინარეობს და „მთიან მიწას“ ნიშნავს. პარკის მონახულება ნამდვილად ღირს: 1600 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ეს ტერიტორია დომინიკელთა რესპუბლიკის ეროვნული პარკების ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. აქაურობა აყვავებული მცენარეულობითა და სანაპიროს თავზე აღმართული მწვანე ბორცვებით მოგხიბლავს. აქვეა მღვიმეები, სადაც დომინიკელთა რესპუბლიკაში ტაინოების კლდეზე შესრულებული გამოსახულებებისა და კედლის ნახატების უდიდესი კოლექციაა დაცული. ისინი კოლონიზაციამდელ პერიოდს მიეკუთვნება. თუ კინოს მოყვარული ხარ, აუცილებლად გაისეირნე ტროპიკული ტყით დაფარულ ბორცვებზე: სწორედ ეს ადგილები გამოიყენეს ფილმ “Jurassic Park”-ის გადაღებებისას.

10. აღმოაჩინე Ojos Indígenas-ის ეკოლოგიური პარკი და ნაკრძალი
მიუხედავად იმისა, რომ პუნტა-კანასა და მის შემოგარენში საკურორტო მშენებლობებმა დომინიკელთა რესპუბლიკის სანაპიროს დიდი ნაწილი მოიცვა, აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია ხელუხლებელი სანაპირო ველები და მანგროს ტყეები. მათი აღმოსაჩენად პუნტა-კანას დატოვებაც კი არ დაგჭირდება “Ojos Indígenas”-ის ეკოლოგიური პარკი და ნაკრძალი ქალაქის მახლობლად მდებარეობს. პარკში ესპანურ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე გიდის თანხლებით ტარდება ტურები, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მონიშნულ ბილიკებზე დამოუკიდებლადაც შეგიძლია გაისეირნო. ტერიტორიაზე მიწისქვეშა მდინარით საზრდოობს მტკნარი წყლის 12 ლაგუნა, რომელთაგან სამში ბანაობა ნებადართული და უსაფრთხოა. აქვეა ბოტანიკური ბაღები, ხეხილის ბაღები და ბავშვებისთვის საინტერესო პატარა ზოოპარკი, სადაც ცხოველებთან ახლოს მისვლაა შესაძლებელი. კურორტზე ასევე დაგხვდება სრულად აღჭურვილი სპა, სერტიფიცირებული დაივინგის ცენტრი, საცხენოსნო ცენტრი და სავაჭრო სივრცე, სადაც უამრავი კარგი რესტორანი და მაღაზიაა თავმოყრილი.











