არ აქვს მნიშვნელობა რამდენი გეგმა გაქვთ დასახული როცა ვენეციას სტუმრობთ, აქ უბრალოდ უნდა სცადოთ და ქალაქში დაიკარგოთ. გამოდით სასტუმროდან დილით, რუკისა და გეგმების გარეშე; მოიარეთ პატარა ქუჩები ფეხით და შეიგრძენით ქალაქის მჩქეფარე სული.
დღე 1
დილა დაიწყეთ რომელიმე ლამაზი კაფით, სადაც ადგილობრივები და ტურისტები იკრიბებიან. კაფე ტონოლოში ლეგენდარული ფუნთუშეულია, კაფე როსო კი სტუდენტური თავშეყრის ადგილია. დალიეთ ყავა და მიაყოლეთ რაიმე გემრიელი. იტალიელებს ბართან ფეხზე მდგარი ჭამა უყვართ, თქვენც ასე სცადეთ და მაგიდის მომსახურეობის თანხასაც დაზოგავთ.
დილის ყავის შემდეგ, რიალტოს ბაზრისკენ გაემართეთ, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ეს ვენეციის გულია და მეთევზეები ყოველდღიურად ახალი ზღვის პროდუქტებით ავსებენ მას. აქ ქალაქის ჩვეულ რიტმს ყველაზე უკეთ შეიგრძნობთ. ჩაუყევით დახლებს ნელ-ნელა და შეიძინეთ რამე გემრიელი.
შემდეგ რიალტოს ხიდით გადადით კამპო სანტა მარია ფორმოზაზე, სადაც მშვენიერ წიგნის მაღაზიას მიაგნებთ, სახელად Acqua Alta. ეს მაღაზია თითქოს მთელ ქალაქს აირეკლავს. წიგნები ყველგანაა – ვაგონებსა და გონდოლაშიც კი. თუ ვენეციით დაინტერესებულები ხართ, აქ მის შესახებ ბევრი საინტერესო წიგნი დაგხვდებათ.
დაიძარით კასტელოსკენ. ერთი-ორჯერ შესაძლოა შესახვევებმა დაგაბნიოთ, მაგრამ საბოლოოდ მომხიბვლელ ეკლესიასთან მაინც აღმოჩნდებით. San Giorgio degli Schiavoni ვენეციელ ოსტატს, კარპაციოს ეკუთვნის. შემდეგ დაბრუნით Ponte della Commenda-ში და იხილეთ არტისტის სტუდიო – Galleria d’arte Stefan Popdimitrov, სადაც ექსცენტრიკული შემოქმედის ნამუშევრებია გამოფენილი.
ალბათ გზად უკვე მოგშივდებოდათ, ამიტომაც წადით Dae Fie-ში, საგულდაგულოდ დამალულ უბანში. ეს იტალიური ბარია საყვარელი ბაღით და სკამებით. აქ პასტას მრავალფეროვანი ასორტიმენტი დაგხვდებათ. თუმცა, საუკეთესო არჩევანი მაინც ლაზანია იქნება.
ლანჩის შემდეგ, დრო შოპინგს გამოუყავით. Fondamenta dei Ormesini-ში ბევრ პატარა მაღაზიას აღმოაჩენთ, სადაც ტანისამოსი, ნიღბები და სამკაული იყიდება. იპოვნეთ ბუტიკი სახელად მურანერო, სადაც შუშის არტისტი ნივთებს თქვენ წინაშე დაამზადებს. აქ ნამდვილად უნიკალურ სუვენირებს შეარჩევთ.
წადით უკან ქარის მიმართულებით და ნახავთ საავადმყოფოს, რომელიც ისტორიულ შენობაში – Scuola Grande di San Marco-ში მდებარეობს და რენესანსის პერიოდის ვენეციური არქიტექტურის ბწრყინვალე ნიმუშია. შენობის წინ გოთიკური ტაძარია სახელად San Giovanni e Paolo, სადაც ქალაქის ბევრი მმართველია დასაფლავებული. შეჩერდით საცხობთან სახელად Rosa Salva და მიირთვით ქალაქის ტკბილეული, რომელთა გემოც არასოდეს დაგავიწყდებათ.
ვახშმისთვის დაჯავშნეთ Al Timon-ი, ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანი. გასინჯეთ თევზის კერძი ან სპაგეტი.
საბოლოოდ კი დალიეთ რამე სასმელი ბარში სახელად Fondamenta della Misericordia და საღამო დაუვიწყარ წვეულებადაც გექცევათ.
დღე 2
დაიწყეთ დღე ყავით და შემდეგ დაადექით პიაცა სან მარკოს გზას. თუ ბაზილიკასთან იქამდე მიხვალთ, სანამ ის გაიხსნება, რიგში დგომა არ მოგიწევთ. მოზაიკით მორთული ბრწყინვალე ბიზანტიური ეკლესია ნამდვილად ღირს მონახულებად.
თუ ისტორია გიყვართ, მახლობლად Palazzo Ducale-ც უნდა მოინახულოთ, სადაც ოდესღაც ვენეციის რესპუბლიკა ქვეყნის კანონებს ადგენდა. რენესანსის ხელოვნების მოყვარულებმა Accademia di Belle Arti-სკენ უნდა გასწიონ, სადაც ტიციანის, ვერონეზეს და სხვა ვენეციელი ოსტატების შემოქმედებაა წარმოდგენილი. თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებს კი Peggy Guggenheim Collection უმასპინძლებთ. ეს შენობა პეგი გოგენჰეიმის სახლი იყო, ბოჰემის და ავანგარდის მოყვარული კოლექციონერის, რომელიც თანამედროვე ხელოვნების შედევრებს აგროვებდა, მათ შორის ჯექსონ პოლაკის.
მიირთვით ლანჩი Corner Pub-ში, რომელიც პეგი გოგენგეიმის გალერეედან ორი ფეხის ნაბიჯზეა. აქ საუკეთესო სასმელებს და სენდვიჩებს აკეთებენ მთელ ქალაქში. ამასთან, მომუშავე პერსონალი საკმაოდ მეგობრულია.
შემდეგ წყლის ნაპირისკენ გასწიეთ და Zattere-ს მიაკითხეთ, სადაც უგემრიელეს ჯელატოს ნაყინს ამზადებენ.
ვახშმისთვის მიირთვით ჭიქა ღვინო და ჩიჩეტი (cicchetti), რომელსაც აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე აღმოაჩენთ. ის ტაპასის ადგილობრივი ვერსიაა და იტალიელები სხვადასხვა კომბინაციებით ამზადებენ.
დღე 3
თუ რომანტიკის ხასიათზე ხართ, დაიწყეთ დღე გონდოლას მოძებნით. თუ ამას დილით ძალიან ადრე გააკეთებთ, წყნარ და მშვიდ ქალაქში ისეირნებთ. ვენეცია არის ქალაქი, რომელიც წასვლამდე გონდოლათიც უნდა შეათვალიეროთ, წვრილი არხებითა და ხიდების ქვეშ სიარულით.
ამის შემდეგ, მოიქეცით სპონტანურად და ეცადეთ ქალაქში დაიკარგოთ. არ დაისახოთ კონკრეტული მარშრუტი ან მიმართულება, უბრალოდ მიყევით გზებს. ქალაქის ლაბირინთი რაიმე უნიკალურს აუცილებლად აღმოგაჩენინებთ.
ლანჩისთვის მიაკითხეთ რესტორანს სახელად La Palanca, რომელიც მხოლოდ ლანჩისთვისაა ღია და მომხმარებელს მარტივ, მაგრამ გემრიელ ხემსებს სთავაზობს.
შუადღეს, გამოიკვლიეთ გიდეკას პატარა კუნძული. იქ ბევრი ხელოვნების გალერეა და მაღაზიაა წყლის პირას. ფოტოგრაფიის მოყვარულებს აუცილებლად მოეწონებათ მუზეუმი სახელად Tre Oci, რომელიც ცნობილი ფოტოგრაფების გამოფენას წარმოგვიდგენს. მათ შორის ჰელმუტ ნიუტონის.
სავახშმოდ აირჩიეთ ნებისმიერი ადგილი, რომელიც შთაგაგონებთ. შეგიძლიათ დაჯავშნოთ მაგიდა ცნობილ La Zucca-ში, რომელიც ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა. რესტორნის მფლობელს, კარლო პისტანაქის, ინგრედიენტები საკუთარი ბაღიდან მოაქვს და თავისი საქმის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მის სერვისს ნამდვილად ეტყობა.