გლინტვეინი, ქვაფენილიანი გზები, ნაძვის ხეები, ზღაპრულად მორთული მოედნები, საშობაო ბაზრობები, განათებები და ვაფლის ტკბილი სურნელი – ევროპაში მასაც კი მოეწონება შობის გატარება, ვისაც ეს დღესასწაული დიდად არ უყვარს. ჩვენ გირჩევთ საუკეთესო ქალაქებს, სადაც ახალი წლის პერიოდი ერთხელ მაინც უნდა გაატაროთ.
ბრიუგე
ზღაპრული ბრიუგე თავისი არხებით, ვაფლის სურნელითა და სადღესასწაულო განწყობით, საშობაო პერიოდის მიმართულებებში ღირსეული ლიდერია. ესტუმრეთ განათებულ ბაზარ Grote Markt-ს, ისრიალეთ ყინულზე, დაათვალიერეთ ბელგიური ხელნაკეთი დეკორაციები და დააგემოვნეთ სხვადასხვანაირი შოკოლადი. ადით ბელფორტის კოშკზე და გაუყევით მაინვოთერის ტბას, რათა ტრადიციული უძველესი არქიტექტურით დატკბეთ.
ბრიუგეს საშობაო ბაზრობა ღიაა 25 ნოემბრიდან 8 იანვრამდე
ლაპლანდია
ისინი, ვინც შობის ნამდვილ ემოციას ეძებენ, სანტა-კლაუსის სოფელს უნდა მიაკითხონ ზამთრის საოცრებათა ქვეყანაში. დაათვალიერეთ ნაძვნარიანი სოფელი და ეწვიეთ სანტას ოფისს. აქ უამრავი სადღესასწაულო აქტივობა დაგხვდებათ: ირმების მარხილით გასეირნება, თოვლის მანქანებით რბოლა და აშ. რაც, მთავარია, არ გამოგრჩეთ ჩრდილოეთის ციალი.
ლონდონი
ინგლისის დედაქალაქი ახალი წლის პერიოდში ძალიან ამაღელვებელი ხდება. 1 ნოემბრიდან ოქსფორდის ქუჩაზე საშობაო განათებები ირთვება. მოინახულეთ ჰაიდ პარკი, რომელიც ყოველწლიურად ზამთრის საოცრებათა ქვეყნად იქცევა.
პრაღა
ჩეხეთის დედაქალაქი შობის პერიოდში ევროპის ყველაზე გასაოცარი ქალაქია. აქ რამდენიმე საშობაო ბაზარია მოწყობილი – ძველ ქალაქში, ვენსლეს მოედანზე, რესბუბლიკის მოედანზე და პრაღის სასახლესთან. აქ უამრავ რამეს აღმოაჩენთ, მათ შორის გემრიელ საკვებსაც. მოუსმინეთ გუნდის სიმღერებს, მიირთვით თბილი ღვინო და ჩაიძირეთ პრაღულ ატმოსფეროში.
პრაღის საშობაო ბაზრობა ღიაა 26 ნოემბრიდან 6 იანვრამდე
ბერლინი
ბერლინშიც ბევრი საშობაო ბაზრობაა: WeihnachtsZauber ცნობილია ხელნაკეთი პროდუქტებით, Berliner Weihnachtszeit-ზე კი, ალექსანდრეპლაცის სიახლოვეს, ოჯახებისთვის იდეალური ლოკაციაა, აქ ტრადიციული მუსიკა უკრავს, სანტა დადის და ეშმაკის ბორბალი სპეციალურად ნათდება.
სტრასბურგი
საფრანგეთ-გერმანიის საზღვარზე მდებარე ეს ქალაქი კულტურული მრავალფეროვნების წყალობით შობის გასატარებლად უნიკალური ადგილია. სტრასბურგის საშობაო მარკეტი ევროპაში უძველესია. გაისეირნეთ ქვაფენილიან ქუჩებზე, მიირთვით ტრადიციული ხემსები და მოინახულეთ ისტორიული Petite-France-ის არხი, რომელიც იუნესკომ გამორჩეულ ძეგლად აღიარა.
მიუნხენი
გერმანიის მორიგი ქალაქი, რომელიც ახალ წელს ბრწყინავს, მიუნხენია. ამ ქალაქმა მართლაც იცის როგორ იდღესასწაულოს. ისრიალეთ ყინულზე, გაისეირნეთ საშობაო ტრავმაით, დალიეთ გლინტვეინი და ესტუმრეთ რომელიმე საშობაო ბაზრობას. აქაც დიდი არჩევანი დაგხვდებათ.
რეიკიავიკი
ისლანდია დეკემბერში საკმაოდ ცივი და ბნელია, მაგრამ საახალწლო პერიოდში სავსეა სიცოცხლით, მეგობრული ატმოსფეროთი და ბრწყინვალებით. რაც მთავარია, ისლანდიაში სწორედ ამ დროს იხილავთ ბუნებრივ გასაოცარ ნათებას: ავრორას.
ვენეცია
ვენეციას შობის პერიოდში ბევრი ტურისტი სტუმრობს. არცაა გსაკვირი რატომ: გაისეირნეთ ქალაქის ლაბირინთში, ტრადიციულ ვენეციურ სახლებს და ხიდებს შორის და თავადაც დარწმუნდებით თუ რა არის ასეთი ჯადოსნური ამ იტალიურ პატარა ქალაქში. არხები ხშირ შემთხვევაში გაყინული არაა და გონდოლები ისევ მუშაობენ.