ბერლინი გართობის, ისტორიისა და კულტურის გენიალური მიქსია. აქ ღამის ცხოვრებაც, მაღალი დონის გალერეებიც და უგემრიელესი გასტრონომიაც ერთნაირად ყვავის. ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, გერმანიის დედაქალაქი ერთგვარი კულტურის ზეიმია. ჩვენ ამ ქალაქში ბრწყინვალე ერთ კვირას დაგიგემავთ.
დღე 1 – ორშაბათი
დაიწყეთ კვირა რაიხსტაგით! დაათვალიერეთ ქალაქი ზემოდან. შესვლა უფასოა, თუმცა სჯობს თუ ონლაინ დარეგისტრირდებით და ადგილზე რიგებს თავს აარიდეთ. ბერლინის საკულტო პარლამენტის შენობის სახურავიდან ქალაქზე საოცარ ხედებს იხილავთ.
ამის შემდეგ გააგრძელეთ გზა ორი ისტორიული ძეგლისკენ – ბრანდებურგის კარიბჭისკენ და ჰოლოკოსტის მემორიალისკენ. რაიხსტაგიდან ფეხით 4 წუთის სავალზე მდებარე ბრანდებურგი ბერლინის ერთადერთი გადარჩენილი ქალაქის კარიბჭეა და წლების მანძილზე ბევრი პოლიტიკურ შეკრებას მასპინძლობდა.
ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, კარიბჭე გაერთიანებული გერმანიის სიმბოლო გახდა. აქვეა ჰოლოკოსტის მემორიალიც, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა პატივსაცემად.
დაასრულეთ დღე ტიერგართენის ბაღში სეირნობით. ეს ბერლინის უდიდესი და ულამაზესი პარკია. აქ იხილავთ ტბასაც პატარა ნავებით. შემდეგ, შეგიძლიათ ახლომდებარე რესტორნებში ისადილოთ.
დღე 2 – სამშაბათი
ყოველ სამშაბათ დღეს, ბერლინის ფილარმონიის ფოიეში უფასო კონცერტები იმართება. დასაწყისი “ლანჩის დროა” – 13:00 საათი. თუმცა, ადგილები ისე სწრაფად ივსება, რომ გირჩევთ ცოტა ადრე მიხვიდეთ. მუსიკის მოყვარულებს უნიკალური შანსი ექნებათ 40-50 წუთით კლასიკური მუსიკით და ჯაზით დატკბნენ.
ფილარმონიიდან 30 წუთის სავალ გზაზე “ჩარლის საკონტროლო წერტილს” იხილავთ. ის ცივი ომის ყველაზე ცნობილი ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გადატვირთული და ტურისტებით სავსეა, ის ბერლინის 10 აუცილებლად სანახავ ღირსშესანიშნაობაში შედის.
დღე 3 – ოთხშაბათი
მესამე დღე გერმანიის დედაქალაქის კუნძულზე გაატარეთ. Museum Island ბერლინის ხელოვნების ეპიცენტრია. აქ აღმოაჩენთ ნეფერტიტის ბიუსტს, ბაბილონის კარიბჭეს და ბევრ სხვა საინტერესო ნიმუშს. ამ კუნძულზე 5 უმაღლესი დონის მუზეუმი მდებარეობს. ხელოვნებით გაჟღენთილი დღე კი მზის ჩასვლისას გემრიელი კოქტეილით დაასრულეთ ახლომდებარე მიტეზე.
დღე 4 – ხუთშაბათი
ხუთშაბათს ბერლინის ცნობილი უბანი კრაუზბერგი გამოიკვლიეთ. აქ იაფი საკვები ობიექტები, ლამაზი ბარები და აუცილებლად სანახავი – East Side Gallery-აა. 1316 მ სიგრძის ბერლინის კედლის ნაწილი ფერადი ნახატებით და საკულტო პოსტერებით საინტერესო დასათვალიერებელია. გადადით ობერბაუმის ხიდზე, რომელიც კრაუზბერგს და ფრიდრიხშეინს აკავშირებს ერთმანეთთან.
შემდეგ ქუჩის კვების ფესტივალს ეწვიეთ, რომელიც ხუთშაბათობით Markthalle Neun-ში იმართება. ეს ბაზრობის ლამაზი დარბაზია, კრაუზბერგის გულში და გემრიელ გერმანულ საჭმელს გთავაზობთ. საბოლოოდ დღე შეგიძლიათ ამ უბნის რომელიმე ბარში დაასრულოთ.
დღე 5 – პარასკევი
დაიწყეთ დღე არტისტულ ჰაბში: Urban Spree, რომელიც მულტიფუნქციური თანამედროვე ხელოვნების გალერეაა. აქ რეგულარული გამოფენები, ვორქშოფები და კონცერტები ეწყობა, ძირითადად ბერლინის საუკეთესო არტისტების მონაწილეობით. კარგი ამინდის შემთხვევაში, დაისვენეთ აქვე მდებარე ღია ცის ქვეშ აუზზე სახელად: Haubentaucher – ლაუნჯებით, მუსიკით და ინდუსტრიული შარმით.
შემდეგ დაიძარით Simon-Dach-Straße-ზე, ლამაზ უბანში კომფორტული ბარებით. ის ქალაქის საუკეთესო ტექნო კლუბების სიახლოვეს მდებარეობს და გამორჩეული ადგილია კარგი დღის სრულყოფილი დასასრულისათვის.
დღე 6 – შაბათი
შემდეგი დღე მულტიკულტურულ ნეუკოლნში გაატარეთ. Weserstraße-ზე ვინტაჟურ მაღაზიებს იხილავთ, თუმცა ყველაზე პოპულარული ქუჩებია: Pannierstraße და Reuterstraße. შემდეგ ადით Tempelhof Feld-ზე, უზარმაზარ პარკში, რომელიც ერთ დროს აეროპორტი იყო. აქ რელაქსაცია გელით.
ამის შემდეგ, ნეუკოლნის არაბულ ქუჩაზე გადაინაცვლეთ. აქ საუკეთესო შუა-აღმოსავლური საკვებია. Klunkerkranich-ზე კი ტერასიან ბარებს ეწვიეთ, მუსიკითა და იაფი სასმელებით და თან ქალაქზე ხედებით დატკბით.
დღე 7 -კვირა
უკანასკნელი დღე ბერლინში ნამდვილი ბერლინელივით გაატარეთ – მაუერპარკში. აქ გემრიელი ქუჩის კვება, იაფი ლუდი და ვინტაჟური ნივთებია. პარკი კვირაობით მუსიკით ცოცხლდება. აქვეა დიდი ამფითეატრი.
საღამოს კი ბერლინის რომელიმე კლუბს ეწვიეთ. თუ ბერგაინში ვერ შეხვალთ, აქ სხვა ბევრი კარგი ტექნო კლუბია დაუვიწყარი 1 კვირის საუკეთესო დასასრულისთვის.