ევროპის დიდი კულტურული საგანძურის მფლობელი მიუნხენი ლამაზი ხედებით, მუზეუმებით და გემრიელი ლუდით გამოირჩევა. გერმანიის სიდიდით რიგით მესამე ქალაქი მწვანე პარკებითა და სასახლეებითაც ბრწყინავს. ქალაქი დიდია, თუმცა მთავარი ღირსშესანიშნაობები ერთმანეთთან ახლო-ახლოსაა. ყველაფრის ერთ დღეში ნახვა შეუძლებელია, თუმცა ჩვენ ამ ქალაქში მაქსიმალურად საინტერესო 24 საათს დაგიგეგმავთ.

დილა

ისაუზმეთ და დაათვალიერეთ ძველი ქალაქი

დაიწყეთ დღე გემრიელი საუზმით. Viktualienmarkt ღია ცის ქვეშ მდებარე უზარმაზარი საჭმლის ბაზრობაა, სადაც ავთენტურ ბავარიულ სამზარეულოს დააგემოვნებთ. გასინჯეთ ადგილობრივი ყველი, პრეცელები, სოსისი და ხილის წვენები.

ამის შემდეგ, გაისეირნეთ მარიენპლაცზე, ძველი ქალაქის ულამაზეს ცენტრალურ მოედანზე. როგორც მიუნხენის კულტურული და გეოგრაფიული გული, მარიენპლაცი სამთავრობო შენობებით, ეკლესიებით, რესტორნებითა და ბარებითაა სავსე. ეწვიეთ 11 ან 12 საათზე და საათის ამუშავებასაც მოკრავთ თვალს.

სასარგებლო ინფორმაცია: გერმანიაში მაღაზიები კვირა დღეს როგორც წესი, დახურულია. მათ შორის Viktualienmarkt-იც.

შუადღე

ტური ინგლისურ ბაღში

ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ურბანული პარკი ვიზიტორებსაც და ადგილობრივებსაც ძალიან უყვართ. მარიენპლაციდან ის ძალიან ახლოს მდებარეობს – ფეხით 20 წუთის, ხოლო მეტროთი 10 წუთის სავალ გზაზე. შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი და ინგლისური ბაღი მისი საშუალებით დაათვალიეროთ. იხილეთ ტბა პარკის ცენტრში. შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკიც ან მიიღოთ რუჯი.

საღამო

ვახშამი beer garden-ში

ბავარიელებისთვის ლუდის დალევის ადგილები საკრალური მნიშვნელობისაა. მიუნხენში გატარებული დღე მის გარეშე სრულფასოვანი ვერ იქნება. ისინი ქალაქში საკმაოდ ბევრია. ყველაზე პოპულარულია: Chinesischer Turm. აქ ბევრი სახის ლუდს, გრილზე მომზადებულ ბავარიულ საკვებს და სალათებს დააგემოვნებთ. ზოგიერთი მათგანიდან მზის ჩასვლაც ძალიან ლამაზად ჩანს.

ღამე

შეიარეთ Hofbräuhaus-ში

ეს ლუდის დარბაზი ბავარიის ჰერცოგმა მე-16 საუკუნეში ააგო. წლების მანძილზე, Hofbräuhaus-ს ბევრი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა. მათ შორის მოცარტიც. შესვლისას შეამჩნევთ ულამაზესად მოხატულ ჭერს და ხის მაგიდებს. მონახეთ ადგილი, მიირთვით ლუდი და დააკვირდით როგორ მხიარულობენ შეზარხოშებული გერმანელები. Hofbräuhaus ღიაა ყოველდღე და ისიც მარიენპლაცის სიახლოვეს მდებარეობს..

სასარგებლო ინფორმაცია: ოქტობერფესტი სექტემბრის ბოლოდან, ოქტომბრის პირველ ნახევრამდე გრძელდება. Strong Beer Festival კი მარტისა და აპრილის პერიოდში.