პრაღის მაგიური კოშკიდან დაწყებული, უნიკალური ბაროკოს სტილის ხიდით დასრულებული, ჩეხეთის დედაქალაქს უამრავი მონუმენტის და ღირსშესანიშნაობის შემოთავაზება შეუძლია, რომლებიც აქ მოგზაურობის დროს უნახავად არ უნდა დატოვოთ.
ჩარლზის ხიდი
პრაღის უძველესი ხიდი ჩეხეთის დედაქალაქის ყველაზე ცნობილი მონუმენტია. მას ბაროკოს სტილის ქანდაკებები ამშვენებს. ის იმპერატორ ჩარლზ მეოთხეს მმართველობის პერიოდში ააგეს და ლეგენდის თანახმად, კონსტრუქციის მეტი სიმყარისთვის, კვერცხებიც კი გამოიყენეს. მეოცე საუკუნის დასაწყისში, ჩარლზის ხიდი ტრანსპორტისთვისაც გაიხსნა, მაგრამ დღეს ის ადგილობრივი არტისტების ღია გამოფენაა, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარ ნამუშევრებს სთავაზობენ.
მდინარე ვლტავა
მდინარე ვლტავა, რომელიც პრაღაში სამხრეთ ბოჰემიიდან მიედინება, პრაღის ისტორიული ცენტრის საუკეთესო ხედებს გვთავაზობს. შეგიძლიათ გაისეირნოთ კაფე-ბარებისა და მაღაზიების გასწვრივ ან გამოიკვლიოთ კუნძულები მდინარის შუაში. სპეციალური კრუიზის ტური ქალაქის მთავარ ძეგლებს წყლიდან გაჩვენებთ. შეგიძლიათ ნავი დამოუკიდებლადაც იქირაოთ.
სტრახოვის მონასტერი
პრაღის ციხესიმაგრის კომპლექსში ქვეყნის ადრეული ინსტიტუცია, სამონასტრო სააბატოა აღმოჩენილი. ეს ბიბლიოთეკაა გასაოცარი დარბაზებით – ბაროკოს ინტერიერის ბრწყინვალე მაგალითი. კომპლექსში რესტორანიც დაგხვდებათ ლუდსახარშით.
წმ. ნიკოლოზის ეკლესია
ეს ეკლესია პრაღის ბაროკოს არქიტექტურის მორიგი შთამბეჭდავი მაგალითია. ის პრაღის ციხესიმაგრის კომპლექსის ქვევით მდებარეობს. აქ კლასიკური მუსიკის კონცერტები ხშირად იმართება. აუცილებლად მოინახულეთ კოშკში მდებარე პატარა მუზეუმი, რომელიც კომუნიზმის პერიოდში ფარული პოლიციის სამუშაო ადგილი იყო.
ძველი ქალაქის მოედანი და ასტრონომიული საათი
ძველი ქალაქის გულში მდებარე მოედანი, ჩეხეთის ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტებს ინახავს. მაგალითად, მე-17 საუკუნეში პროტესტანტების სიკვდილით დასჯას და 1948 წლის კომუნისტურ გადატრიალებას. ძველი ქალაქის მერიაზე შუასაუკუნოვანი ასტრონომიული საათია. აუცილებლად დააკვირდით აქ რომელიმე საათის შესრულებას.
პრაღის ციხესიმაგრე
პრაღის ციხესიმაგრე მსოფლიოს უდიდესი ანტიკური ციხესიმაგრეა. ის ქალაქის გულს გადმოჰყურებს. ერთ დროს აქ ბოჰემიის მეფეები ისხდნენ, ახლა კი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისია. ამ კედლებში ჩეხეთის ისტორიის ბევრი მონუმენტური ღონისძიება მოხდა.
ეროვნული მუზეუმი
ეროვნული მუზეუმი ჩეხეთის რესპუბლიკის უნიკალურ ისტორიას ინახავს. დღეს მას მოედანზე ორი შენობა ეკუთვნის: ისტორიული და თანამედროვე ნაგებობები. მეორე მათგანი 1995 წლიდან 2009 წლამდე ჩეხეთის პარლამენტს წარმოადგენდა.
წმ. ვიტუსის კათედრალი
პრაღის ციხესიმაგრის კომპლექსში შემავალი ეს კათედრალი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი რელიგიური ტაძარია. მისი მშენებლობა გოთიკურ პერიოდში დაიწყო, თუმცა, მეოცე საუკუნეში დასრულდა. კათედრალში ბოჰემიის მეფეებს ადგამდნენ გვირგვინს და ზოგიერთი მათგანის ნეშტიც სწორედ აქ ინახება. კათედრალის მთავარი კოშკიდან ქალაქზე ულამაზესი ხედებით დატკბებით.
ჟიჟკოვის ტელეანძა
ისტორიული ცენტრის მიღმა, პრაღის თანამედროვე ძეგლი, ჟიჟკოვის ტელეანძა დგას. აქედანაც არანაკლებ შთამბეჭდავი ხედი იშლება ქალაქზე. აქვე დაგხვდებათ რესტორანი და ებრაული სასაფლაო.
სტრომოვკას პარკი
სტრომოვკას პარკი თავდაპირველად სამეფო სამონადირეო საცავად აშენდა. დღეს ის მშვენიერი ადგილია იმისათვის, რომ ტბებსა და ხეებს შორის სეირნობით დატკბეთ და რომელიმე კაფეში ყავა ან ღვინო მიირთვათ. აქ ასევე პრაღის პლანეტარიუმიც დაგხვდებათ.
მთავარი თეატრი
მე-18 საუკუნის ნეოკლასიკურ შენობაში, Estates Theatre მდებარეობს, სადაც 1787 წელს, მოცარტის ოპერის, დონ ჯოვანის მსოფლიო პრემიერა გაიმართა. მას შემდეგ აქ ბევრი მნიშვნელოვანი ოპერის და დრამის წარმოდგენები იმართება. სიმღერა ‘Where is My Home’, რომელიც მოგვიანებით ჩეხეთის ეროვნულ ჰიმნად ჩამოყალიბდა, პირველად სწორედ აქ შეასრულეს.
შავი მადონას სახლი
პრაღის ძველი ქალაქის მოედნიდან ჩეხური კუბიზმის მაგალითი, შავი მადონას სახლია. ამ შენობაში პატარა კუბიზმის მუზეუმი და კაფეა, რომელიც კუბისტურ არტეფაქტებს აერთიანებს. ეს საინტერესო ექსტერიერი და ინტერიერი ნამდვილად ღირს მონახულებად.
ებრაული პრაღა
ებრაელი საზოგადოება საუკუნეების მანძილზე, პრაღის ცხოვრების მნიშნელოვანი ნაწილი იყო. შეგიძლიათ დაათვალიეროთ უძველესი სინაგოგა ევროპაში, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. შემდეგ, გაისეირნეთ ძველ ებრაულ სასაფლაოზე და ესტუმრეთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრაღელი მწერალის, ფრანც კაფკას საფლავს.
ვენსლეს მოედანი
ქალაქის უდიდესი მოედანი წმ. ვენსლეს სახელს ატარებს და მას წმინდანის ქანდაკებაც ამშვენებს. ჩეხეთის ისტორიის მანძილზე, ვენსლეს მოედანი ბევრი საჯარო შეკრების ეპიცენტრი იყო – სხვადასხვა პროტესტის გამოხატვის ადგილი.
პეტრინის კოშკი
1981 წელს აგებული პარიზის ეიფელის კოშკის მინი ვარიანტი, იმ მთის სახელს ატარებს, რომელზეც ის დგას. 63 მეტრი სიმაღლის კოშკზე პეტრინის ფუნიკულიორით ახვალთ. შეგიძლიათ 299 კიბე ფეხით აიაროთ ან აყვეთ ლიფტს.
მოცეკვავე სახლი
Tančící dům – ორი არქიტექტორის კოლაბორაციის შედეგად აშენდა და სახელი მისი ფორმის გამო ეწოდა. შენობა თითქოს მოცეკვავე წყვილს განასახიერებს. რამდენიმე სართულზე სასტუმროა განთავსებული. თუმცა, შეგიძლიათ ესტუმროთ რესტორანს ბოლო სართულზე და დატკბეთ ხედით ვლტავას მდინარეზე.
ეროვნული ბიბლიოთეკა
კლემენტინუმი ევროპის ისტორიული შენობაა, სადაც ბიბლიოთეკა 1781 წლიდან ფუნქციონირებს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბიბლიოთეკა, საოცარი არქიტექტურით გამოირჩევა. შეგიძლიათ გადაიხადოთ თანხა და დაათვალიეროთ ბიბლიოთეკის მთავარი დარბაზი. ასევე, ახვიდეთ ასტრონომიულ საათზე და გადმოხედოთ პრაღას.
მუნიციპალური სახლი
პრაღის უდიდესი საკონცერტო დარბაზი – Obecní dům არტ-ნუვოს არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშია. მეოცე საუკუნეში გახსნილი მუნიციპალური სახლი კაფეებს, რესტორნებს და მდიდრულ ბუტიკებს მასპინძლობს.
ლენონის კედელი
პრაღის ლენონის კედელი ჯონ ლენონის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა, როდესაც ახალგაზრდა ჩეხებმა ლენონის ფოტო საფრანგეთის საელჩოს მოპირდაპირე კედელზე დახატეს. მიუხედავად იმისა, რომ კედელი მაშინ თეთრად ბევრჯერ გადაღებეს, ახლა მას ხელს არავინ ახლებს. კედლის მოხატულობაში საკუთარი წვლილი ტურისტებსაც შეაქვთ.
წმ. კირილეს და მეთოდიუსის ეკლესიის საძვალე
მეორე მსოფლიო ომის დროს, წმ. კირილეს და მეთოდიუსის ეკლესია უკანასკნელი დასამალი ადგილი იყო ჩეხი და სლოვაკი ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც ცნობილი ნაცისტი, ჰეიდრიხი აწამებდა. საძვალე დღეს იმ ჯარისკაცების მემორიალია, რომლებიც დახოცეს ან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.