მდიდრული ისტორიისა და ხელოვნების სამშობლო და წყლის არხებში არსებული ეს საოცრებათა ქალაქი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. არაა რთული რომ ვენეციამ სრულად მოგიცვათ და მოგაჯადოვოთ. ჩვენ გირჩევთ ადგილებს და აქტივობებს, რომლებიც ამ მისტიკურ ქალაქში ყოფნის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
ეწვიეთ მუზეუმებს
ვენეციის ებრაული მუზეუმი – ებრაული გამზირი ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მსოფლიო ისტორიაში პირველი გეტო სწორედ აქ ჩამოყალიბდა. დღესდღეობით, გარშემო სინაგოგებს, ებრაულ რესტორნებს და მუზეუმს იხილავთ, რომელიც 500 წლის ისტორიას ასახავს. დაათვალიერეთ ბრწყინვალე ბაროკოს სტილის ინტერიერი და კულტურული მემკვიდრეობა.
ლეონარდო დავინჩის მუზეუმი – ეს მუზეუმი რენესანსის ეპოქის უდიდესი მეცნიერის, ლეონარდო და ვინჩის მაკეტებს და მიგნებებს წარმოგვიდგენს. აქაა მისი ცნობილი ნამუშევრების რეპროდუქციებიც. მუზეუმი როგორც ზრდასრულებს, ისე ბავშვებს დააინტერესებთ. დიდი რიგის შემთხვევაში, იყიდეთ ურიგოდ შესვლის ბილეთი. მუზეუმთან შეგიძლიათ მიხვიდეთ როგორც წყლის ავტობუსით, ასევე ფეხით.
დაათვალიერეთ პიაცა სან მარკოზე
პიაცა სან მარკოზე ვენეციის ოთხი მშვენება მდებარეობს, მათ შორის სან მარკოს ბაზილიკა (Basilica di San Marco). ოქროს მოზაიკებით მორთული ეკლესია სუნთქვასაც კი შეგიკრავთ. შესვლა უფასოა, თუმცა რამდენიმე ევროს მეშვეობით შეგიძლიათ რიგში არ იდგეთ და ბაზილიკაში ურიგოდ შეხვიდეთ.
მის მეზობლად მდებარეობს გოთიკური სასახლე – Palazzo Ducale. შთამბეჭდავი ექტერიერი დიდ ისტორიას მალავს. აქ ვიზიტის გარეშე ვენეციაში მოგზაურობა ნამდვილად არასრულფასოვანი იქნება. თავად პიაცაც გასაოცარია თავისი რესტორნებით, სადაც მშვიდად განტვირთვას და ადგილობრივი კულტურით დატკბობას შეძლებთ.
ადით კამპანილეზე(Campanile)
თუ გსურთ ვენეციას ჩიტის სიმაღლიდან გადმოხედოთ, აყევით ლიფტს კამპანილეს კოშკურაში. ის ვენეციის ყველაზე მაღალი და ყველაზე ძველი შენობაა. მისი დანახვა კარგ ამინდში დოლომიტების ალპებიდანაცაა შესაძლებელი.
ისარგებლეთ ბორანით მურანოზე, ბურანოზე და ტორჩელოზე
ეს სამული ვენეციის სიახლოვეს მდებარე ცნობილი კუნძულებია. მურანოში იხილეთ მინის დამამზადებელი ქარხანა და შეიძინეთ შუშის ნივთები, ბურანო მოგხიბლავთ იმით, რომ ის ვენეციის მცირე რეპლიკაა. ტორჩელოს ცნობილი კათედრალი კი მე-7 საუკუნეში აიგო და ბიზანტიური ხელოვნების უბადლო ნიმუშია. სამივე მათგანის დათვალიერება ერთ დღეშია შესაძლებელი.
დააფასეთ კულინარია
ვენეციური სამზარეულო მთელ იტალიაშია ცნობილი. აქ საუკეთესო ხარისხის ზღვის პროდუქტების კერძებს ამზადებენ. Baccalà mantecato ერთ-ერთი საუკეთესო თევზის კერძია. ვენეცია ასევე ცნობილია თეთრი ღვინით, რადგანაც ამ რეგიონში იტალიის საუკეთესო ვენახებია თავმოყრილი. ესტუმრეთ Campo Santa Margherita-ს, სადაც ნებისმიერი ბიუჯეტისთვის და გემოვნებისთვის გათვლილი ბარ-რესტორნებია. გემრიელი საკვების გარდა, აქ აქტიურ სოციალიზაციაშიც ჩაერთვებით და სტუდენტებსა და ადგილობრივებს გაესაუბრებით.
იშოპინგეთ
გურმანებმა რიალტოს ბაზარს უნდა მიაკითხოთ, სადაც ყოველდღიურად ახალ-ახალი პროდუქტები იყიდება. გაესაუბრეთ გამყიდველებს და ბევრ საინტერესო რაიმეს მოისმენთ ვენეციურ ტრადიციებზე. კლასიკური ვენეციური შოპინგი ტყავის ნივთების შეძენასაც გულისხმობს, განსაკუთრებით ფეხსაცმელებისა და ჩანთების, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა მაღაზიებშია გამოფენილი. ასევე, ამ ქალაქს თითქმის არავინ ტოვებს ვენეციური ნიღბის შეძენის გარეშე, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც ვენეციური კარნავალები ხიბლავთ.
ესტუმრეთ გალერეებს
Gallerie dell’Accademia – ამ გალერეის შენობა ისეთივე საკულტოა, როგორც მასში დაცული შედევრები. აქ იხილავთ ბოსხის, ბელინის, ვერონეზეს და ვენეციის ყველაზე ცნობილი არტისტის, ტიციანის ნამუშევრებს. წელიწადში 20 დღის მანძილზე (ძირითადად დღესასწაულებზე), გალერეაში შესვლა უფასოა. ამიტომაც, გალერეის საიტზე აუცილებლად შეამოწმეთ ემთხვევა თუ არა თქვენი ვიზიტი რომელიმე მათგანს.
Peggy Guggenheim Collection – ლეგენდარულმა კოლექციონერმა, პეგი გუგენჰეიმმა, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები შეაგროვა და საცხოვრებელი სახლი არტ გალერეად აქცია. აქ იხილავთ ისეთი არტისტების შემოქმედებას, როგორებიც არიან ჯექსონ პალოკი, ვასილი კანდინსკი და სხვები. მონდომებული თანამშრომლები ტურებს უსასყიდლოდ ატარებენ.
San Giorgio Maggiore – წაყევით ნავს სან მარკოს მოედნიდან მის საპირისპირო, სან ჯიორჯოს კუნძულზე და იხილეთ გალერეა, რომლის დიზაინიც ცნობილ არქიტექტორს, ანდრეა პალადიოს ეკუთვნის. შიდა სივრცეში ტინტორენტოს შემოქმედებას იხილავთ.
დასხედით გონდოლაზე
ისე არ უნდა დატოვოთ ვენეცია, რომ ქალაქის საკულტო გონდოლით არ გაისეირნოთ. ჩვენ გირჩევთ ეს დილით ძალიან ადრე გააკეთოთ, როცა წყალი მშვიდი და სუფთაა. ქალაქის ავთენტურობას საუკეთესოდ მხოლოდ ამ გზით შეიგრძნობთ. თუ გსურთ, უფრო იაფად გამოხვიდეთ, გაიზიარეთ გონდოლა სხვა ტურისტებთან.
მიიღეთ რუჯი ლიდოზე
მართალია ვენეცია სანაპიროზე დასვენებისთვის განკუთვნილი მიმართულება არაა, მაგრამ ზაფხულის სიცხეში აუცილებლად გესიამოვნებათ ლიდოს ქვიშა და ადრიატიკის ზღვის ხედები. დაემგზავრეთ წყლის ავტობუსს ან იქირავეთ ველოსიპედი და წადით საცურაოდ. აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში აქ ცნობილი ვენეციის კინოფესტივალი იმართება, ამიტომაც ამ დროს ლიდო განსაკუთრებით გადატვირთულია.