ბრიუგე – სასწაული პატარა შუასაუკუნეების ქალაქია, რომლის მოვლაც ნახევარ დღეშიც შეიძლება. თუმცა, მის ძველ ნაწილში იმდენად ლამაზი მაღაზიები, კაფეები, საინტერესო მუზეუმები და ძეგლები მდებარეობს , რომ ძალაუნებურად მათკენ თვალები გაგექცევათ. ამიტომაც ჩვენ გთავაზობთ ბრიუგეს 10 მთავარ ღირსშესანიშნაობას, რომლებიც აქ აუცილებლად უნდა იხილოთ. 

ბაზრის მოედანი (Grandt Markt)

Grote Markt ან „საბაზრო მოედანი“ – ბრიუგეს გულია. აქ ტარდებოდა ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება, ლხინი და არეულობა. დღესდღეობით Grote Markt-ზე ტარდება ღია ბაზრები, დეკემბრის თვეში კი იხსნება დიდი საციგურაო მოედანი და საშობაო ბაზრობა. გროტე მარკტი – ქალაქის ექსკურსიების საწყისი წერტილია, რადგან უმრავლესი ღირსშესანიშნაობა მასთან ახლოს მდებარეობს: ბელფორტი, სასამართლოს შენობა, სალვადორ დალის მუზეუმი და ბრიუგეს ისტორიული მუზეუმი. გარდა ამისა, შეხვდებით მრავალ რესტორანსა და კაფეს, სადაც ფასები ცოტა ძვირი იქნება ბრიუგეს სხვა რაიონებთან შედარებით, მაგრამ ფასებს ხედები აბალანსებს. 

ბელფორტი (Belfort van Brugge)

Belfort van Brugge – შუასაუკუნეების სამრეკლოა. ასეთ კოშკს იხილავთ ფაქტობრივად ყველა ბელგიის ქალაქში. თავდაპირველად ბელფორტი გამოიყენებოდა როგორც დამცავი აღჭურვილობა, საიდანაც ბრიგადები თვალყურს ადევნებდნენ კეთილდღეობის პროცესს ქუჩებში. კოშკებში ინახავდნენ დოკუმენტებს და ქალაქის განძს.  ბელფორტის სიმაღლე 83 მეტრს აღწევს. მასზე 366 კიბის საფეხურის ავლის შემდეგ მოხვდებით და ძველი ქალაქის ხედებით დატკბებით.

სამუშაო საათები: სადამკვირებლო მოედანზე ასვლა შესაძლებელია 09:30 საათიდან 18:00 საათამდე, გარდა 1 იანვრისა და 25 დეკემბრისა.

რატუშა (Stadsbestuur Brugge)

ოდესღაც ბურგის მოედანზე მდებარეობდა ციხე, მაგრამ ბრიუგეს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ის კარდინალურად გარდაქმნეს და ააშენეს რატუშა (Stadsbestuur Brugge). შენობის ფასადი ფლანდრიის მმართველების და ბიბლიური სიუჟეტების ქანდაკებებით მოაპირკეთეს. ძველი რატუშა დღესაც ქალაქის საბჭოს შეკრების და ქორწილების ჩატარების ადგილს წარმოადგენს. ძველებური ინტერიერის გარდა, აქ შეგიძლიათ პირველი ადგილობრივი მონეტები, გობლენები და დაარქივებული დოკუმენტები იხილოთ. 

სამუშაო საათები: 09:30 საათიდან 17:00 საათამდე, გარდა 25 და 31 დეკემბრისა და 1 იანვრისა. 

წმინდა სისხლის ტაძარი (Basiliek van het Heilig Bloed) 

წმინდა სისხლის ტაძარი მე-12 საუკუნეში აშენდა. შიგნით ინახება საეკლესიო რელიქვია – ქრისტეს სისხლი, რომელიც ქალაქში ერთ-ერთი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ ჩამოიტანეს. ყოველწლიურად, 30 მაისს 14:30 საათზე ბრიუგეში წმინდა სისხლის კოსტიუმირებული მარში ტარდება, რომლის დროსაც აკლდამა ქუჩებში გამოაქვთ. 

სამუშაო საათები: 9:30 საათიდან 12:30 საათამდე და 14:00 საათიდან 17:30 საათამდე. დახურულია 1 იანვარს. 

ღვთისმშობლის ეკლესია (Onze Lieve Vrouw Brugge)

ოდესღაც ღვთისმშობლის ეკლესია (Onze Lieve Vrouw Brugge) მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა იყო, რომელიც 122 მეტრს აღწევდა. სამწუხაროდ, ბოლომდე ასვლა აკრძალულია, მაგრამ შეგიძლიათ ტაძრის შიგნით შეიხედოთ, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება. ეკლესია მორთულია მარმარილოს იატაკებით, მრავალი ნახატით და ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობით – მიქელანჯელოს „მადონა ბრიუგეთი“.

სამუშაო საათები: 09:30 საათიდან 17:30 საათამდე.

ბონიფაცის ხიდი (The Bonifacius Bridge)

ყველაზე ვიწრო არხის ბეკერსრეის (Bakkersrei) სანაპიროები წმინდა ბონიფაცის ხიდითაა დაკავშირებულია. იმის მიუხედავად, რომ ის უძველეს ქვის ნაგებობას წააგავს, რეალურად – ის ბრიუგეს ერთ-ერთი ყველაზე ახალი ხიდია, რადგანაც 1910 წელს აშენდა.

ბეგინაჟი (Beguinage)

ერთი სიტყვით „ბეგინაჟს“ (beguinage) ეძახდნენ მარტოსული ქალების თემს, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ და საკმაოდ მკაცრი ცხოვრების სტილი გააჩნდათ. მე-13 საუკუნეში აშენებულ ბეგინაჟში დღესაც ცხოვრობენ წმინდა ბენედიქტის ორდენის დები. შენობის შიდა ეზოში შესვლა და გასიერნება კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სადაც სამრეკლოსა და პატარა მუზეუმს იხილავთ. 

მისმართი: Brugge, Beginhof, 30. 

გრუნინგეს მუზეუმი (Groeninge Museum)

გრუნინგეს მუზეუმში (Groeninge Museum) შეგიძლიათ იხილოთ 14-19 საუკუნის ფლამანდიელი ფერწერების ნამუშევრები. 1500 ექსპონატს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა იან ვან უიკის, გერარდ დავიდისა და ჰიუგო ვან დე გუსის ნამუშევრები. მუზეუმის „ვარსკვლავად“ ითვლება ბოსხას ტრიპტიხი „საშინელი სამსჯავრო“, რომელიც მე-16 საუკუნით თარიღდება. 

მისამართი: Brugge, Dijver, 12. 

სამუშაო საათები: 09:30 საათიდან 17:00 საათამდე. მუზეუმი დაკეტილია მხოლოდ ორშაბათობით, 1 იანვარსა და 25 დეკემბერს. 

წმინდა იოანეს ჰოსპიტალი (Sint-Janshospitaal)

მე-12 საუკუნეში აშენებული წმინდა იოანეს ჰოსპიტალი (Sint-Janshospitaal) მუშაობდა მე-12 საუკუნის პირველ ნახევრამდე, შემდგომ კი მუზეუმად გარდაიქმნა. აქ გაეცნობით ძველ სამედიცინო ინსტრუმენტებს, არქივებს, ასევე ჰანს მემლინგენის ექვს ნამუშევარს. 

მისამართი: Brugge, Mariastraat, 38. 

სამუშაო საათები: 09:30 საათიდან 17:00 საათამდე. მუზეუმი დახურულია ორშაბათობით, 25 დეკემბერსა და 1 იანვარს.

იან ვან ეიკის მოედანი  (Jan van Eyckplein)

იან ვან ეიკის მოედანის (Jan van Eyckplein)  მონახულება ღირს არა მხოლოდ ცნობილი ფერმწერის მოყვარულთათვის, არამედ ნებისმიერი ტურისტისთვის. ახლოს მდებარე სამეფო ხიდიდან იშლება საოცარი ხედი ქალაქზე, გარშემო კი მოედანი სავსეა კაფეებითა და რესტორნებით, სადაც ადგილობრივ უგემრიელეს კერძებს დააგემოვნებთ. 

მისამართი: Brugge, Jan van Eyckplein. 

ბრიუგედან შეგიძლიათ ბელგიის საუკეთესო სანაპიროებს უმოკლეს დროში ეწვიოთ!