ევროპული ზაფხული მართლაც დაუვიწყარია, თუმცა, მისი პოპულარობის გამო, ზაფხულის პიკის სეზონზე ევროპის საუკეთესო ტურისტულ წერტილებში ხშირად გადაჭარბებული ხალხმრავლობაა. ევროპის საუკეთესო “საიდუმლო” საზაფხულო მიმართულებები მოიცავს ყველაფერს, ესპანეთის ღვინის რეგიონებიდან დაწყებული, ბალტიისპირეთის სანაპიროებით დასრულებული. გაინტერესებთ, თუ სად უნდა წახვიდეთ ევროპაში ზაფხულის არდადეგებზე ხალხმრავლობისგან თავის დასაღწევად? შეგიძლიათ ზაფხულის სიცხეს ჩრდილოეთ სკანდინავიაში გაექცეთ, ან ევროპული სანაპირო სრულიად სხვა კუთხით – ბალტიის ზღვისპირეთში აღმოაჩინოთ. თუ პირიქით, ზაფხულის მცხუნვარე მზე გსურთ, რატომ არ უნდა დაისვენოთ იქ, სადაც თავად ადგილობრივები დადიან? მაგალითად, პორტუგალიის ჩრდილოეთით, ან უბრალოდ საბერძნეთის სანაპიროს რომელიმე მშვიდ ზოლზე? როგორიც არ უნდა იყოს თქვენი იდეალური საზაფხულო განტვირთვა, გთავაზობთ ჩვენს ფავორიტ, ნაკლებად ცნობილ მიმართულებებს ევროპაში, არქტიკული ნორვეგიიდან ალბანეთის რივიერამდე.

1. ალტა ბადია, იტალია

საუკეთესოა: მშვიდი, გასტრონომიული სამთო დასვენებისთვის

დოლომიტის ალპები დიდებული მთებია, სამხრეთ ტიროლში მდებარე ალტა ბადიას ხეობა კი ამ მთებს ყველაზე “გემრიელადაც” აქცევს. დამატებითი პლიუსი კი ის არის, რომ აქ ხალხმრავლობას ნამდვილად დააღწევთ თავს. რეგიონი სავსეა მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნებით, თუმცა აქ  ბიუჯეტური საკვები ობიექტებიც უმაღლესი ხარისხის კერძებს გთავაზობთ: წარმოიდგინეთ მთის ყველი, პასტა და საუცხოო შტრუდელები.

გასტრონომიის მიღმა, ჩრდილოეთ იტალიის ეს ღრმა ხეობები, მაღალი პლატოები და წვეტიანი მწვერვალები მდიდარ ისტორიას ინახავენ. 1915-1918 წლებში ამ მკაცრ მთებში ერთმანეთს იტალიისა და ავსტრია-უნგრეთის ჯარები ებრძოდნენ. დღეს შეგიძლიათ გაჰყვეთ ისეთ საფეხმავლო მარშრუტებს, როგორიცაა კაიზერეგერი (Kaiserjäger), რათა საკუთარი თვალით ნახოთ მათი სანგრები და საარტილერიო პოზიციები. ალტა ბადია ზამთარში სათხილამურო კურორტია, ხოლო ზაფხულში მოლაშქრეებს, ველოსიპედისტებს და პარაპლანის მოყვარულებს იწვევს.

რჩევა : ალტა ბადიას რეგიონთან ყველაზე ახლოს მდებარე აეროპორტები მდებარეობს ვენეციაში, ვერონაში და ინსბრუკში.

2. მინჰო, პორტუგალია

საუკეთესოა: ავთენტური გასტრონომიული თავგადასავლებისთვის

სად ისვენებენ თავად პორტუგალიელები პორტუგალიაში? გურმანები უპირატესობას ჩრდილოეთით მდებარე მინჰოს (Minho) რეგიონს ანიჭებენ. ეს არის მწვანე ბორცვების, ტრადიციული კულტურისა და საუცხოო გემოების მხარე, რომელიც სრულიად განსხვავებულ ატმოსფეროს გთავაზობთ, ვიდრე გადატვირთული ლისაბონი ან ალგარვე. ეს შესანიშნავი არჩევანია იმ მოგზაურებისთვის, ვინც უფრო ავთენტურ ევროპულ გასტრონომიულ თავგადასავალს ეძებს.

მინჰო განთქმულია თავისი ვინიუ ვერდეთი, მწვანე ღვინით. ამ სასმელის გარდა რეგიონის სამზარეულოც უგემრიელესია და უამრავ ადგილობრივ სპეციფიკურ კერძს მოიცავს. დააგემოვნეთ აროზ დე სარაბულიუ (arroz de sarrabulho) – ბრინჯისა და ღორის ხორცის ჩაშუშული და კალდუ ვერდე (caldo verde) – ნოყიერი წვნიანი. თევზის კერძებიდან ფავორიტია ბაკალიაუ (bacalhau) – დამარილებული ვირთევზა, რომელიც მთელი ქვეყნის მთავარი საფირმო კერძია.

გაისეირნეთ ისეთ ისტორიულ ქალაქებში, როგორებიცაა ბრაგა, გიმარაინში და ვიანა-დუ-კაშტელუ. აქაური მრავალფეროვანი არქიტექტურა იმ თავგადასავლების მოყვარული ვაჭრების სიმდიდრეს შეგახსენებთ, რომლებმაც ქონება დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებისა და პორტუგალიის კოლონიური ეპოქის დროს დააგროვეს.

რჩევა: მინჰოს რეგიონის გამოსაკვლევად იდეალური საწყისი წერტილი ბრაგაა, რომელიც პორტოდან მატარებლით სულ რაღაც 1 საათის სავალზეა. ბრაგადან რეგიონის სხვა ქალაქებში ადგილობრივი ავტობუსები რეგულარულად მოძრაობენ.

3. ლა რიოხა, ესპანეთი

საუკეთესოა: მშვიდი საგვარეულო ვენახების დასათვალიერებლად

ესპანური რეგიონის, ლა რიოხას ღვინო მთელ მსოფლიოშია ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ბილბაოს, სარაგოსასა და მადრიდს შორის მოქცეულ ლა რიოხას ტერიტორიაზე 500-მდე მეღვინეობაა თავმოყრილი, აქაური ვენახები და მარნები სულაც არ არის გადატვირთული; პირიქით, აქ თბილი და სტუმართმოყვარე გარემო დაგხვდებათ. ზაფხულობით, მდინარე ებროს კლდოვან ხეობაში ზოლებად გაშენებული ვენახები მწვანედ ბიბინებს, მათ შორის კი ამ მხარის უძველესი მაცხოვრებლების კვალს აღმოაჩენთ.

ეს არის აუჩქარებელი, მდიდარი ისტორიისა და მეღვინეობის რეგიონი, სადაც დეგუსტაცია სავალდებულო აქტივობაა. დასაწყისისთვის ეწვიეთ შატოს სტილის ძველ მეღვინეობებს, რომლებიც რიოხა ალტას მხარეში, ქალაქ ჰაროს გარშემოა თავმოყრილი. აქვე მდებარე მეორე მხარე, რიოხა ალავესა  კი უფრო თანამედროვეა.

თუ ცენტრალური ბაზა გჭირდებათ, ლა რიოხას დედაქალაქი ლოგრონიო (Logroño) სავსეა ბარებით, სადაც იაფ და გემრიელ პინჩოსებს (ტაპასის მსგავსი წასახემსებლები) შემოგთავაზებენ, რაც იდეალურად მიესადაგება რეგიონის არომატულ წითელ ღვინოებს. გაითვალისწინეთ, რომ ზაფხული აქ შეიძლება ძალიან ცხელი იყოს.

4. პელიონის ნახევარკუნძული, საბერძნეთი

საუკეთესოა: ნაკლებად ხალხმრავალი ბერძნული არდადეგებისთვის

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომელიმე ულამაზესი ბერძნული კუნძულის სანაპიროზე მიეფიცხოთ მზეს, თუმცა მცხუნვარე ზაფხულში იქ პირსახოცის დასაფენი ადგილის პოვნაც კი შეიძლება პრობლემა გახდეს. უფრო მშვიდი ბერძნული შვებულებისთვის გაემგზავრეთ შედარებით გრილ პელიონის ნახევარკუნძულზე. ეს იდეალური და წყნარი ადგილია ათენისა თუ თესალონიკის ქაოსს და სიცხეს რამდენიმე დღით თავი რომ დააღწიოთ და მშვიდად დაისვენოთ.

აქ იპოვით უამრავ სანაპირო კურორტს, რომელთა უმეტესობაც ბევრად უფრო იზოლირებული და წყნარია, ვიდრე ტიპური ბერძნული საზღვაო მიმართულებები. ესტუმრეთ ხორტოს ან მილინას, სამხრეთით მდებარე პლატანიასს, ან შედარებით ხალხმრავალ ხორეფტოს, აგიოს იოანისსა და მომხიბვლელ დამუხარის.

ნახევარკუნძულის მთიანი შიდა ნაწილი ბუნებრივი და კულტურული მიმზიდველობით გამოირჩევა: გადმოცემის თანახმად, სწორედ აქ სახლობდნენ მითიური კენტავრები. ძველი ქვაფენილიანი ბილიკები ტრადიციულ სოფლებს ერთმანეთთან აკავშირებს. აუცილებლად გასინჯეთ ადგილობრივი კერძები: სპეცოფაი (spetsofaï – ღორის სოსისის ჩაშუშული), ფასოლადა (fasoladha – თეთრი ლობიოს წვნიანი) და ბატკნის ხორცი ლიმონის სოუსში.

მაღლა, მთებში, ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაბალია, ვიდრე სანაპიროზე, რაც შესანიშნავ პირობებს ქმნის სასეირნოდ, თუკი შუადღის პიკის სიცხეს მოერიდებით. ზაფხულში შეგიძლიათ ჩაჯდეთ პელიონის ვიწროლიანდაგიან მატარებელში, რომელიც ანო ლეხონიადან მილიესამდე ივლისსა და აგვისტოში ყოველდღიურად დადის.

5. პიკ-დიუ-მიდი, საფრანგეთი

საუკეთესოა: ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად

ზაფხულის სეზონზე დამსვენებლები საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროებს აწყდებიან, თუმცა მთებში ბევრად უფრო მისტიკური და მშვიდი გამოცდილება გელით. თუ საფრანგეთის პირენეებში ზაფხულის მოწმენდილ ღამეს ცას ახედავთ, შესაძლოა თვალწარმტაცი მანათობელი შოუს მოწმე გახდეთ: ეს არის მეტეორული წვიმა, რომელიც ათეულობით მოწყვეტილ ვარსკვლავს წარმოქმნის. საუკეთესო პერიოდია ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე. პიკს კი 12 აგვისტოს გარშემო აღწევს. ცენტრალურ პირენეებში მდებარე პიკ-დიუ-მიდი სწორედ ასეთი ნაკრძალია, სადაც 2877 მეტრის სიმაღლეზე ისტორიული ობსერვატორია მდებარეობს.

ობსერვატორიაშიც რომ არ ახვიდეთ, ეს რეგიონი, რომელიც ზამთარში მოთხილამურეებშია პოპულარული, ზაფხულში კი სიმშვიდით გამოირჩევა, ვარსკვლავებზე დაკვირვების საუკეთესო შესაძლებლობებსა და საოცარ საფეხმავლო მარშრუტებს გთავაზობთ.

6. ცენტრალური ავსტრია

საუკეთესოა: განმარტოებული სპა-დასვენებისთვის

ავსტრია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ზამთრის მიმართულებაა, თუმცა ზაფხულობით ლაშქრობაც არანაკლებ პოპულარულია. ნამდვილი განტვირთვისთვის კი ქვეყნის სიმშვიდით მოცულ მთის სპა-კურორტებს უნდა ეწვიოთ. ავსტრიაში გამაჯანსაღებელი ადგილის პოვნა მარტივია. უბრალოდ, ქალაქების სახელებში უნდა მოძებნოთ სიტყვა „ბად“ (Bad), რაც გერმანულად აბანოს/სპა-ქალაქს ნიშნავს.

საუნებით, სამკურნალო პროცედურებითა და თერმული წყლებით მდიდარი სპა-ცენტრები ზალცბურგის აღმოსავლეთითა და სამხრეთით, ცენტრალური ავსტრიის დიდ ნაწილზეა მოდებული. მათი უმეტესობა ალპური მწვერვალების, მინდვრებისა და ხეობების ულამაზესი ხედებითაა გარშემორტყმული.

ბად აუსეში (Bad Aussee) დასვენება ჯანსაღ კვებასა და გარე აქტივობებზეა ორიენტირებული. მინერალური მარილების სამკურნალო თვისებებს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან უწევენ პოპულარიზაციას დიდებულ ბად იშლში (Bad Ischl), ხოლო ბად გასტაინში (Bad Gastein) მთავარი გამაჯანსაღებელი ძალა ბუნებრივი ცხელი წყაროებია. ბად ჰოფგასტაინში (Bad Hofgastein) ევროპის ერთ-ერთი უდიდესი თერმული სპა-კომპლექსი მდებარეობს. გაისეირნეთ ან უბრალოდ გაგრილდით რომელიმე ალპურ ტბაში.

რჩევა: ზალცბურგიდან უმეტეს სპა-ქალაქამდე ავტობუსით ან მატარებლით მარტივად მიხვალთ.

7. ბალტიის ზღვის სანაპირო, ლატვია

საუკეთესოა: ცარიელი სანაპიროებისა და შთამაგონებელი პეიზაჟებისთვის

ლატვიის დასავლეთ სანაპიროს დაახლოებით 300 კილომეტრიანი თითქმის ცარიელი სანაპირო ზოლი აქვს, რომელიც თეთრი ქვიშითა და ტყიანი ბორცვებითაა გარშემორტყმული. შესაძლოა გაგიკვირდეთ, რატომ არ არის ეს ადგილი უფრო მეტად განვითარებული. საბჭოთა პერიოდში ბალტიის ზღვა დასავლეთ საზღვარს წარმოადგენდა, რაც სტრატეგიული ზონა იყო. აქედან ადგილობრივი მოსახლეობა გაასახლეს, რამაც კურორტების განვითარებას ხელი შეუშალა.

დღეს ეს რეგიონი მზიან ზაფხულში სამოგზაუროდ საოცარი ადგილია: ყოველთვის შთამბეჭდავი და რაც მთავარია – ტურისტებისგან თავისუფალი. სანაპირო დასახლებები მრავალფეროვანია: დაწყებული სწრაფად განვითარებადი ვენტსპილსიდან, დამთავრებული თავისუფალი, ალტერნატიული მუსიკით ცნობილი ლიეპაიათი და პატარა სათევზაო სოფლებით, სადაც აუცილებლად იპოვით ისეთ განმარტოებულ ადგილს, სადაც პლაჟზე სრულიად მარტო იქნებით.

რჩევა: ტურისტების უმეტესობა დასავლეთ სანაპიროზე რიგადან ჩადის. ავტობუსები სანაპირო ზოლს მიჰყვებიან კოლკამდე და ქვეყნის შიდა ნაწილიდან ვენტსპილსსა და ლიეპაიაშიც გადადიან.

8. სვალბარდი (შპიცბერგენი), ნორვეგია

საუკეთესოა: ველური ბუნებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ნორვეგიას ყინულისა და თოვლის მხარის რეპუტაცია აქვს, ზაფხული არქტიკის სრულიად სხვა მხარეს აჩენს. ბუნების მოყვარულებმა უნდა გამოიყენონ თბილი ამინდების ეს მოკლე პერიოდი, რათა ცივი სვალბარდის არქიპელაგის შორეულ ფიორდებში კრუიზით იმოგზაურონ. ამ ლეგენდარულ კუნძულებამდე ზღვით მიღწევა ყოველ ზაფხულს მხოლოდ ერთი ან ორი თვის განმავლობაშია შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მთავარი ტურისტული სეზონია, არქტიკის ეს უკიდურესი წერტილი გადატვირთულად არასდროს გვეჩვენება.

ივლისში ზღვა მეტწილად თავისუფლდება ყინულისგან, ტემპერატურა შედარებით თბილ 5°C-ს აღწევს და მზე კვირების განმავლობაში ანათებს. საექსპედიციო საკრუიზო გემები კუნძულების მთებსა და მღელვარე მყინვარებს შორის მიიკვლევენ გზას.

სვალბარდსა და მის შემოგარენში დაახლოებით 3000-მდე თეთრი დათვი ბინადრობს. ზაფხულში, როდესაც ყინული დნება, დათვები სანაპიროს უახლოვდებიან. ჩაჯექით პატარა გასაბერ ნავში და გამოიკვლიეთ სანაპირო ზოლი, რათა მათთან ახლოს შეხვედრის შანსი მოგეცეთ.

9. ალბანეთის რივიერა

საუკეთესოა: ნაკლებად ცნობილი სანაპირო დასვენებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ალბანეთის დიდებული სამხრეთ სანაპირო აღარ არის ისეთი „დამალული მარგალიტი“, როგორიც ათასწლეულის მიჯნაზე იყო, ის მაინც მშვენიერ თავშესაფარს სთავაზობს მათ, ვინც ნაკლებად გადატვირთულ მზეს, ქვიშასა და ზღვას ეძებს. ზაფხულში აქ გარანტირებულად დაგხვდებათ თბილი წყალი და ცხელი ამინდი, ხოლო თუ სეზონის დასაწყისში ან ბოლოს ესტუმრებით და შედარებით წყნარ კურორტებს შეარჩევთ, ხალხმრავლობასაც მარტივად აარიდებთ თავს.

ოდესღაც მშვიდი ქალაქი სარანდა ახლა უკვე ნამდვილ გასართობ ცენტრად იქცა, სადაც სანაპირო ხეივანი ბარებითაა მოფენილი. უფრო მშვიდი დასვენებისთვის აჰყევით სანაპიროს ჩრდილოეთით, ქალაქ ჰიმარესკენ, რომლის გარშემოც რამდენიმე კარგი სანაპიროა.

რჩევა: ალბანეთის სანაპიროზე მოსახვედრად ყველაზე მარტივი გზა საბერძნეთის კუნძულ კორფუდან გადასვლაა, სადაც საერთაშორისო ფრენები სრულდება და იტალიის პორტ ბრინდიზიდან ბორნებიც დადიან. კორფუდან ყოველდღიური სწრაფი ბორნები მთავარ ქალაქ სარანდამდე 30 წუთში ჩადიან.

10. სტოკჰოლმის არქიპელაგი, შვედეთი

საუკეთესოა: ქალაქში მოგზაურობისას სიმშვიდის საპოვნელად

შვედეთის დედაქალაქი არა უბრალოდ ქალაქი, არამედ კუნძულებად და ყურეებად დაყოფილი, ისტორიული შენობებით დახუნძლული ტყიანი არქიპელაგია. ის წარმოუდგენლად ლამაზია, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც მზე წყლის ზედაპირზე ირეკლება და ქალაქის მრავალრიცხოვანი პარკები დამსვენებლებს უხმობს.

თბილ ამინდში სტოკჰოლმი საუკეთესო ფორმაშია და აქაური კულტურული ღირსშესანიშნაობები რამდენიმე დღეს სრულად შეგივსებთ: დაწყებული ძველი ქალაქის ქვაფენილიანი ხეივნებით, დამთავრებული გამორჩეული თანამედროვე გალერეებითა და მუზეუმებით. ნორდმალმის დახვეწილი, თანამედროვე სავაჭრო უბანი კი მყუდრო კაფეებსა და რესტორნებს გთავაზობთ შვედების საყვარელი ტრადიციისთვის – ფიკასთვის (fika – ყავისა და ნამცხვრის შესვენება).

აქაურ 14 მთავარ კუნძულზე გადაადგილება მარტივია ფეხით, ველოსიპედით ან მეტროთი, თუმცა არქიპელაგის გარშემო კიდევ ათიათასობით პატარა კუნძულია მიმოფანტული. მათ გამოსაკვლევად საუკეთესო საშუალება ბორანი, საკრუიზო გემი ან კაიაკი.

რჩევა: მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში დღეები თბილია, საღამოებისთვის თბილი ტანსაცმელი მაინც წაიღეთ, რადგან ტემპერატურა შესაძლოა 10°C-მდე დაეცეს. ისეთ პოპულარულ ადგილებში, როგორიც გრუნა ლუნდის  გასართობი პარკია, რიგები საგრძნობლად მცირდება აგვისტოს მეორე ნახევარში, მას შემდეგ, რაც შვედეთის სკოლებში საზაფხულო არდადეგები მთავრდება.

11. ანტვერპენი, ბელგია

საუკეთესოა: ქალაქური დასვენებისთვის ნაკლებ ხალხმრავლობაში

ანტვერპენის სპეციალური პროექტის: “ანტვერპენის ზაფხულის” წყალობით, ბელგიის ამ ქალაქში უფასო ან ძალიან იაფფასიანი ღონისძიებების მრავალფეროვან პროგრამებია. მუსიკის, ცეკვის, თეატრისა და ცირკის მასშტაბური ფესტივალები ივნისის ბოლოდან აგვისტოს ჩათვლით მოიცავს ქალაქს. ბევრი ღონისძიება სრულიად უფასოა, სხვებზე კი სიმბოლური ფასი მოქმედებს.

ამინდის თვალსაზრისით, თბილი ზაფხული ბელგიაში სტუმრობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა. ნახეთ რუბენსის შედევრები მის სახლ-მუზეუმსა და ღვთისმშობლის დიდებულ საკათედრო ტაძარში; აღფრთოვანდით ქალაქში მიმოფანტული შუა საუკუნეებისა და არტ-ნუვოს სტილის არქიტექტურული მარგალიტებით; ისიამოვნეთ პარკებსა და მდინარის პირას მოწყობილი საზაფხულო ბარებითა და კლუბებით.

ანტვერპენი, რომელიც დიდი ხანია ცნობილია ალმასებით ვაჭრობით, ბოლო დროს კი, უახლესი მოდის ტენდენციებით, შოპინგის მოყვარულთათვისაც ნამდვილი სამოთხეა. ადგილობრივი დიზაინერების ნამუშევრები შეგიძლიათ იპოვოთ მოდის ბუტიკებში, რომლებიც კამენსტრაატისა და ნაციონალესტრაატის ქუჩებზეა კონცენტრირებული.

რჩევა: ანტვერპენის მე-19 საუკუნის მიწურულის ულამაზესი ცენტრალური სადგური თავისთავად ხელოვნების ნიმუშია. თუ შესაძლებელია, ქალაქში მატარებლით ჩამოდით; აეროპორტი კი ქალაქის ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით სულ რაღაც 5 კილომეტრშია.

12. იულიუსის ალპები, სლოვენია

საუკეთესოა: ბუნებაში აქტიური დასვენებისთვის 

მეზობელი იტალიისა და ავსტრიის ფონზე ხშირად დაჩრდილული სლოვენია სინამდვილეში დიდებული მთების, უღრანი ტყეების, ტბებისა და მდინარეების ქვეყანაა, რომელიც ზაფხულში განსაკუთრებულად ბრწყინავს. სლოვენიელებს ძალიან უყვართ აქტიური დასვენება, მთავარი ეპიცენტრი კი იულიუსის ალპებია.

ზაფხული საუკეთესო სეზონია გარე აქტივობებისთვის: იქნება ეს ლაშქრობა, ცურვა ზღაპრულ ტბებში, რაფტინგი მდინარეზე თუ კანოე ხეობაში. ამბობენ, რომ ყველა სლოვენიელი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ავიდეს შთამბეჭდავ მწვერვალ ტრიგლავზე.

ასევე შეგიძლიათ გამოსცადოთ „იულიუსის ალპების ბილიკი“, რომლის საერთო სიგრძე 260 კილომეტრია. აქედან მწვერვალების ულამაზესი ხედები იშლება, გზად კი სოფლებშს, კულტურულ სანახაობებსა და საუცხოო სლოვენიურ სამზარეულოსა და ღვინოებს აღმოაჩენთ, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილია მაღალი ხარისხითა და დაბალი ფასებით.