ანტვერპენი ბრიუსელის შემდეგ, ბელგიის ყველაზე პოპულარული ქალაქია. ის ისტორიული საპორტო ქალაქის შარმს და მოდის ცენტრის ხიბლს აერთიანებს. ჩვენ აქ ერთგვარ გიდობას გაგიწევთ და ყველაზე მნიშვნელოვან 16 ღირსშესანიშნაობას გაგანდობთ.

მუზეუმი – The MAS

ეს უზარმაზარი ლეგოს აგურების მსგავსი სტრუქტურა ძველი ნავსადგურის გულში მდებარეობს. მისი 9 სართულიანი ჰორიზონტალური ბულვარი საჯაროდ საღამოს 10 საათამდეა ღია. შეისწავლეთ ანტვერპენის ისტორიული სტატუსი მის შიგნით. სახურავზე არსებული შუშის კედლები ტურისტებს 360 გრადუსიან პანორამას სთავაზობს ქალაქზე.

უბანი – Het Zuid

გაისეირნეთ ამ წყნარ ისტორიულ უბანში, სადაც ბევრი კაფე-რესტორანი შეგხვდებათ. დაათვალიერეთ ფოტო მუზეუმი რამდენიმე თანამედროვე ხელოვნების გალერეით.

პორტის სახლი – The Port House

ქალაქის საერთაშორისო პორტის სახლის დიზაინი ლეგენდარულ ზაჰა ჰადიდს ეკუთვნის. ეს გასაოცარი მონუმენტი ანტვერპენის საზღვაო კულტურას წარმოაჩენს.

გამზირი – Cogels-Osylei

ანტვერპენის ამ ხეივანზე ჩაივლისას ყველა სახლი წინაზე უფრო მეტად მოგჭრით თვალს. არქიტექტურა აქ ნეო-კლასიკურ ეკლექტიზმს აირეკლავს.

რეზიდენცია – Rubenshuis

პიტერ პოლ რუბენსმა საკუთარი სახლის და ატელიის ქონა სწორედ ანტვერპენში გადაწყვიტა. დღეს რუბენშუისი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტ-რეზიდენციაა, სადაც ოსტატის ნამუშევრებთან ერთად, სხვა მხატვრების ტილოებსაც იხილავთ. აუცილებლად გაისეირნეთ მის ბაღში.

მუზეუმი – Plantin-Moretus Museum

პლანტინ-მორეტუსის ოჯახი ევროპის ბეჭდვით სამყაროს დიდი ხნის მანძილზე მართავდა. აქ მე-16 საუკუნის პრესას და ბიბლიოთეკას გაეცნობით, ევროპის ლიტერატურის უნიკალური ნიმუშებით. ეს არის ერთადერთი მუზეუმი, რომელიც იუნესკოს დაცული ტერიტორიების ძეგლის სტატუსს ფლობს.

პარკი – Park Spoor Noord

დატვირთულ დღეებს აქ დასვენება უნდა ახლდეს თან. წყლის აუზები, დასასვენებელი სკამები, საერთო ბარბექიუს მოწყობილობები და კვების ობიექტები აქ გატარებულ დროს ნამდვილად სასიამოვნოდ აქცევს.

მერია – The Grote Markt

მასიური მე-16 საუკუნის შენობა დიდი შადრევნით, ქალაქის მითიური ისტორიის სიმბოლოა. ის ანტვერპენის გულს მონუმენტურად და შთამბეჭდავად აქცევს.

შადრევანი – The Brabo Fountain

მერიის წინ ბრაბოს შადრევანს იხილავთ, ანტვერპენის ფოლკლორის ისტორიის სიმბოლოს. მის თავზე ჯარისკაცი სივიუს ბრაბოა. ლეგენდის თანახმად, სწორედ ბრაბომ უწოდა ქალაქს “ჰანდვერპენი”, რომელიც შემდგომ ანტვერპენად ჩამოყალიბდა.

მატარებლის სადგური

მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი რკინიგზის სადგური ანტვერპენში მდებარეობს. ნეო-რენესანსის ესთეტიკა თანამედროვე ელემენტებით აქაურ გარემოს მართლაც რომ მშვენიერს ხდის.

პარკი – Middelheim’s sculpture park

ქალაქის ჩრდილოეთით კიდევ ერთი ულამაზესი პარკი მდებარეობს, სადაც ბევრი ქანდაკებაა – კონცეპტუალური ხელოვნების ნიმუშები. ეს არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც როდენის ელეგანტური ქმნილებაც შეგხვდებათ.

ეკლესია – Cathedral of Our Lady

ანტვერპენის ეს ცნობილი კათედრალი ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია. შიგნით რუბენსის უდიდესი ნამუშევარი დაგხვდებათ, გარეთ კი 123 მ. სიმაღლის კოშკია – უდიდესი გოთიკური შენობა.

ლუდსახარში – City Brewery De Koninck

ანტვერპენის საკულტო ლუდი კარამელით სწორედ ქალაქის ამ უძველეს ლუდსახარშში მზადდება. დღეს აქ ვიზიტორთა ცენტრიცაა, სადაც სხვადასხვა ტურებს შემოგთავაზებენ.

ანტვერპენის ზოოპარკი

ქალაქის ცენტრში უძველესი ზოოპარკი მდებარეობს, რომელიც 1843 წელს გაიხსნა. აქ არამხოლოდ ცხოველების სიმრავლე და მრავალფეროვნება მოგხიბლავთ, არამედ არქიტექტურაც. შესასვლელში არტ დეკოს ფასადი მოგჭრით თვალს, შიგნით კი რამდენიმე შენობა, მაგალითად ჟირაფების და ლომების სახლი ეგვიპტურ სტილში. ანტვერპენის ზოოპარკში 6000-ზე მეტი ცხოველი ბინადრობს, მათ შორის იშვიათი სახეობები. მაგალითად, თეთრი მარტორქა და მთის გორილა. თუ ამ ქალაქში ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, ზოოპარკში ვიზიტი აუცილებლად უნდა დაგეგმოთ.

შოკოლადის მუზეუმი – Chocolate Nation

შოკოლადის მოყვარულებმა კი ეს მუზეუმი არ უნდა გამოტოვონ! ანტვერპენის ცენტრალურ რკინიგზის სადგურთან მდებარე ეს მუზეუმი მსოფლიოში ბელგიური შოკოლადის უდიდესი მუზეუმია. ვიზიტორებს მულტიმედია პრეზენტაციების და ინტერაქციული გამოფენების საშუალებით შოკოლადის დამზადების პროცესის თითოეულ დეტალს აცნობენ. მუზეუმის მაღაზიაში კი სხვადასხვა სახეობის შოკოლადს დააგემოვნებთ.  შეგიძლიათ ჩაეწეროთ ვორქშოფზეც და თან ხელნაკეთი შოკოლადები გაიყოლოთ.

მოდის მუზეუმი – (MoMu) Fashion Museum

თუ მოდა გაინტერესებთ, ამ ქალაქში თქვენი შემდეგი გაჩერება მოდის მუზეუმი უნდა გახდეს. აქ დროებითი გამოფენები ეწყობა, თუმცა ყველა მათგანი შთამბეჭდავია, რადგანაც ცნობილი დიზაინერების, ბრენდების ან პერიოდების სტილს აცოცხლებს. ხანდახან აქ სპეციალური ფასდაკლებების აქციებიც ეწყობა, ამიტომაც მოითხოვეთ ინფორმაცია ტურისტულ ოფისში.