ფრანგული რივიერა ზღვით, ქვიშიანი ნაპირებით და პასტელური ფერის შენობებით საზაფხულო დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა. სამხრეთ საფრანგეთში ვინტაჟური ფილმის ატმოსფერო სუფევს და არაა გასაკვირი, რომ აქ ბევრი ჰოლივუდური ფილმი გადაიღეს. დაიკარგეთ ამ არაჩვეულებრივ გარემოცვაში, ძველ ქალაქებში, ლიმნის ხეების სურნელში, პალმის ხეების ჩრდილში და ნავების კიჩოზე. აქ დასვენების შემდეგ მიხვდებით, რომ სამხრეთ საფრანგეთი ახდენილი ოცნებაა!

დღე 1 – 2: მარსელი

მარსელი საუკეთესო ადგილია ფრანგულ რივიერაზე მოგზაურობა რომ დაიწყოთ. ეს საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი და რომანტიკული ქალაქია ვიწრო ხეივნებით, პასტელური ფერის სახლებით და ელეგანტური, ანტიკური შენობებით. ის ძალიან დინამიური და ცოცხალია მისი ქუჩის ხელოვნებით, ღია ბაზრობებით და თანამედროვე არქიტექტურით. ეწვევით ბუნების საოცრებებს, დალაშქრავთ კლდეებს და გამოქვაბულებს და თბილ წყალში იცურავებთ.

მარსელი არამხოლოდ საფრანგეთის, არამედ სხვა ქვეყნების ქალაქებთანაც მატარებლითაა დაკავშირებული და აქ მოხვედრა საკმაოდ მარტივ საქმეს წარმოადგენს. აქ აეროპორტიც მდებარეობს და შეგიძლიათ მოხვდეთ ფრენის საშუალებით.

იპოვეთ ფრენები ✈️

დღე 3 – 4: კასისი

კასისი (Cassis) მარსელიდან 30 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს, მაგრამ დატვირთულ ქალაქს სრულად მოწყვეტილია. აქ ჩამოსვლისას მაშინვე გადაინაცვლებთ ცხოვრების ნელ რიტმში. ამ ქალაქის სილამაზე ძველ ნახატს ჰგავს. აქ პასტელური შეფერილობის სახლები, მომხიბვლელი ნავსადგური და ბევრი გემრიელი რესტორანია. მარსელიდან გაყევით მატარებელს, რომლის ღრებულებაც კასისამდე 5 ევროა.

დღე 5: სან-ტროპე

სან-ტროპე პატარა სათევზაო სოფელი იყო, პოპულარული მხოლოდ არტისტებში. წლების მანძილზე ის მდიდრულ მიმართულებად იქცა. დღეს ამ ფერად ქალაქში ბევრი კაფე, ლამაზი სახლი და ელეგანტური იახტებით სავსე პორტია. სანაპიროები ცალკე აღნიშვნის ღირსია! წყალი აქ გამჭვირვალე და სასიამოვნოა საცურაოდ. თუ ციხესიმაგრეზე ახვალთ, მაგიური ხედებით დაჯილდოვდებით. სან-ტროპეში რკინიგზის სადგური არაა, თუმცა უახლოესი სადგურია “სან-რაფაელი”. აეროპორტებიდან სან-ტროპესთან ახლოს მდებარეობს ტულონი და ნიცა.

დღე 6: კანი (ან ანტიბე)

კანის კინო ფესტივალის წყალობით, საფრანგეთის ეს ქალაქი პოპულარულია ცნობილ ადამიანებში და კინოს მოყვარულებში. ეს მომხიბვლელი საპორტო ქალაქი შეგიძლიათ ბიუჯეტურადაც მოინახულოთ. მისი ძველი ქალაქი და ცნობილი საფესტივალო სასახლე ბევრი ფოტოს გადაღების იდეას შთაგაგონებთ. შეგიძლიათ მოინახულოთ ალტერნატივაც: ანტიბე.

დღე 7 – 8: ნიცა

ნიცა ფრანგული რივიერას გამორჩეული ქალაქია, მოქცეული მაგიურ ალპებსა და ხმელთაშუა ზღვას შორის. არაა გასაკვირი, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ტურისტებში. აქ ბევრი სანაპირო მდებარეობს. გაყევით გრძელ ბულვარს, რომელიც ზღვას მიუყვება. მზის ჩასვლისას შეგიძლიათ ეწვიოთ სასახლეს მთაზე და პანორამული ხედებით დატკბეთ. ნიცის საერთაშორისო აეროპორტის წყალობით აქ მთელი მსოფლიოდან ადვილად მოხვდებით. მატარებლები კანიდან ნიცამდე რეგულარულად დადიან. მგზავრობის დრო 35წთ.

დღე 9: ვილეფრანშ-სუღ-მეღი

Villefranche-sur-Mer – ფრანგული რივიერას ფარული მარგალიტია. ის მისი პოპულარული მეზობელი ქალაქებისგან განსხვავებით, ძალიან მშვიდია. ყველა ძველი შენობა აქ საუცხოოდაა შემონახული და მათ ფონზე ბევრი ფილმის კადრიც გადაღებულა. მისი ძველი ქალაქი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია, სადაც უამრავ ლამაზ დეტალს გადაუღებთ ფოტოს. მატარებელი აქ ნიციდან რამდენიმე წუთში ჩადის. მისი ღირებულებაა 2 ევრო.

დღე 10: მონაკო

მონაკო მდიდრული სახლებით, ვილებით და სასახლეებით გამოირჩევა. გაატარეთ დილა ამ ქალაქის გამოკვლევაში, შუადღეს დაისვენეთ მის მშვენიერ სანაპიროზე, ხოლო საღამოს დატკბით ლეგენდარული ღამის ცხოვრებით. ნიციდან მონაკომდე მატარებელს ნახევარი საათი სჭირდება.

დღე 11 – 12: მენტონი – ფრანგული რივიერას მარგალიტი

მენტონს ამგვარად ტყუილუბრალოდ არ უწოდებენ! ამ ქალაქის სილამაზე რომ სრულად აღწერო, შეუძლებელიც კია. ეს საფრანგეთის სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე თბილი ადგილია, სადაც წლის მანძილზე 316 დღე მზიანია. ქალაქში იმდენი ლიმნის ხე ხარობს, რომ ამ ხილს აქ უამრავი პროდუქციის დასამზადებლად იყენებენ. თებერვლის ბოლოს, მენტონში ლიმნის ფესტივალიც კი ტარდება. აქ სანაპიროები ნიცას მსგავსად იმდენია, რომ ასარჩევად გექნებათ. მენტონი იტალიის საზღვარზე მდებარეობს და ამ ქვეყნის გავლენებსაც განიცდის. მენტონში მგზავრებს ორი რკინიგზის სადგური ემსახურება.