ფრანგული რივიერის თვლწარმტაცი ქალაქი, ნიცა მსოფლიოს მოგზაურების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. მისი ისტორია საფუძველს იყრის ჯერ კიდევ რომაული იმპერიის ეპოქიდან. საოცრად ლამაზი ბუნება და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ნიცას ლაჟღარდოვანი სანაპიროების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილად აქცევს. 

გაისეირნეთ ინგლისურ ნაპირზე

იმისათვის, რომ სრულად დატკბეთ ხმელთაშუაზღვის ლაჟღარდოვანი წყლებით, გაისეირნეთ ცნობილ ინგლისურ ნაპირზე. ასეთი სახელწოდება მან იმიტომ მიიღო, რომ ის ინგლისელებმა შექმნეს როცა მე-18 საუკუნის ბოლო ხშირად ჩამოდიოდნენ ნიცაში დასასვენებლად. 

ეს უგრძელესი ქუჩა, რომელიც ერთის მხრივ შელამაზებულია პალმებით და მეორეს მხრივ ზღვის ლაჟღარდოვანი ზოლით, დღემდე ითვლება ნიცის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და სასიამოვნო ადგილად. აქ მთელი დღის გატარება შეგიძლიათ: ან ზღვის გასწვრივ გასეირნებით, ან მყუდროდ დასვენებით სკამზე და დაისის ტკბობით. 

შეიცანით ძველი ქალაქის მიდამოები

პატარა ქუჩებისაგან შემდგარი ვიწრო ლაბირინთი ნიცაში ინგლისელი და რუსი არისტოკრატების ჩამოსვლამდე გაჩნდა. აქ დღემდე მეფობს პროვანსული სული, ადგილობრივი მოსახლეობის ბაზრებზე კი შეგიძლიათ ბევრი სასიამოვნო სუვენირის შეძენაც: დაწყებული ზეითუნის ზეთით, დამთავრებული კატის ფიგურებით. 

ძველი ქალაქის ქუჩების შეცნობა უკიდეგანოდ შეიძლება, ამასთანავე კი ყოველ ჯერზე აღმოაჩენთ აქ ახალ, თქვენთვის საყვარელ ადგილს. თუ მოგშივდებათ, შეეცადეთ გაცდეთ ტურისტებით დატკეპნილ ქუჩებს და იპოვოთ ვიწრო ქუჩებში დამალული სახლის რესტორანი, სადაც დააგემოვნებთ ნამდვილ პროვანსულ სამზარეულოს. 

მოიარეთ მუზეუმები

ნიცა განსაკუთრებულია იმის გამო, რომ უხდება როგორც საზღვაო, ასევე შემეცნებით დასვენებასაც. აქ ბევრი ძველი და ახალი მუზეუმის ხილვა შეგიძლიათ.

თუ დაინტერესებული ხართ თანამედროვე კულტურული ტენდენციებით, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ თანამედროვე და უახლესი ხელოვნების მუზეუმს. დამწყები ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრებს კი ჟან რენუარის გალერეაში იხილავთ. 

ასევე, ნიცას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული და ცნობილი ღირსშესანიშნაობაა ორი მუზეუმი, რომელიც ორ გრანდიოზულ მხატვართან დაგაახლოვებთ: მატისის მუზეუმი და შაგალის მუზეუმი

ეწვიეთ ყვავილების ბაზარს

Cours Saleya-ს ქუჩაზე რამოდენიმე სხვადასხვა ბაზარი მდებარეობს, რომელთაგან ყველაზე ცნობილი – ყვავილების ბაზარია და მუშაობს სამშაბათიდან კვირის ჩათვლით. რეალურად, აქ არა მხოლოდ ყვავილების, არამედ ხილისა და ბოსტნეულის შეძენაც შეგიძლიათ. ბაზარს კი იმიტომ ქვია ყვავილების, რომ ნიცას ისტორიაში ყვავილების ყიდვას ყოველთვის დიდი როლი ეკავა. მაგალითად, 1897 წელს ნიცა მსოფლიოს პირველი ადგილი გახდა, სადაც დაიწყეს ახლად მოკრეფილი ყვავილების გაყიდვა. 

Cours Saleya-ზე მდებარე ყვავილების ბაზარი – ნათელი ფერების, გემოების, არომატებითა და დიზაინერული ხელოვნების სამეფოა, ამაში კი თვოთონ დარწმუნდებით როცა იხილავთ, თუ რა ფანტაზიით ალაგებენ პროდუქციას გამყიდველები. 

მოინახულეთ რელიგიური ღირსშესანიშნაობები

ნიცას არა მხოლოდ ზღვის სანაპიროები და ლამაზი მცენარეები ამშვენებს, არამედ არქიტექტურული საოცრებებიც კი, მათ შორის ტაძრები და სამრეკლოები. 1912 წელს, ნიკოლოზ II-ის მეფობის დროს ნიცაში ნიკოლოზის ტაძარი აშენდა, მისი ვაჟის საპატივცემულოდ, რომელიც დაიღუპა.

დიდ ყურადღებას იპრყობს ასევე მოწყალების სამლოცველო, როგორც ფრანგული რელიგიური არქიტექტურის მაგალითი და  Église de l’Annonciation de Nice (ხარების ტაძარი), რომელიც განსაკუთრებულია მისი მდიდრული ურბანულობითა და ბაროკოს ინტერიერით). 

დააგემოვნეთ ადგილობრივი კერძი სოკა

სოკა – ფქვილისა და ზეითუნის ზეთისგან გამზადებული ბლინია, სამხრეთ საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დესერტი, განსაკუთრებით ნიცის მოსახლეობისათვის. სოკას ამზადებენ დიდ ღუმელში და ცხელს მიირთმევენ. ნიცაში ბევრ ადგილს შეხვდებით, სადაც სოკას დაგემოვნებას შეძლებთ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კი Cours Saleya-ს ბაზარზე მდებარეობს. ცხელი სოკა და ადგილობრივი ღვინო – საუკეთესო ვარიანტია სწრაფი, გემრიელი და ბიუჯეტური დესერტისათვის. 

გაეცანით ნიცას ისტორიას

იმისათვის რომ მეტი შეიცნოთ ნიცაზე, მოინახულეთ რომაული ნანგრევები სიმიეს ბაღებში. ასე წარმოდგენა გექნებათ თუ როგორი იყო რივიერას დედაქალაქი შუასაუკუნეების ეპოქაში. რომაელები ხშირად სტუმრობდნენ ამ ადგილს, ზოგი სამალავების აღმოსაჩენად, ზოგი კი სამხრეთ საფრანგეთის დელიკატესების საყიდლად. 

სიმიეს ბაღებში ასევე იხილავთ ძველ ამფითეატრს, სადაც ხშირად ტარდება ნიცის ჯაზის ფესტივალი, რომაულ აბანოებს და არქეოლოგიურს მუზეუმს.

გაემგზავრეთ მონაკოში

სულ რაღაც ერთ დღეში შეძლებთ გამგზავრებას ნიცადან სხვა ქვეყანაში – მონაკოს სახელმწიფოში, ეს მოგზაურობა კი სულ რაღაც 3 ევრო დაგიჯდებათ, თუ ავტობუსით ისარგებლებთ. როგორი მდიდრულიც არ უნდა ჩანდეს ნიცა, მონაკოში ჩამოსვლისთანავე ხვდებით, თუ რა არის ნამდვილი ბოჰემური ცხოვრება. 

აქ იხილავთ საოცარ კაზინოს შენობას, სამეფო სასახლეს, გაისეირნებთ იაპონურ ბაღებში, რომელმაც პრინცესა გრეიმ ააშენა და დატკბებით მონეგასკების მდიდრული ცხოვრებით.

დააგემოვნეთ ადგილობრივი ნაყინი

ნიცა უმეტესწილად იტალიური ქალაქია, ვიდრე ფრანგული, ამას ადგილობრივი რესტორნების მენიუშიც შეამჩნევთ, სადაც პასტა და პიცა უფრო ხშირად შეგხვდებათ, ვიდრე ფრანგული კერძები. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ნიცაში ბევრი გემრიელი ნაყინის მწარმოებელი არსებობს და იგრძნობთ მეზობელი იტალიის გავლენას. ტრადიციული გემოების გარდა, გირჩევთ დააგემოვნოთ ნაყინი ლავანდის, კაკტუსის და დარიჩინის გემოთი. 

დაისვენეთ სანაპიროებზე

ერთ-ერთი განსაკუთრებული შთაბეჭდილება, რომელიც ნიცაზე დაგრჩებათ – მისი სანაპიროების გაცნობაა. ქალაქში უამრავი სანაპიროა: პატარა, დიდი, კერძო და საზოგადოებრივი. თუ ნიცაში რამოდენიმე დღით აპირებთ მოგზაურობას, ყველაზე მარტივი ძველი ქალაქის გარშემო მდებარე სანაპიროებზე დასვენება იქნება. გაითვალისწინეთ, რომ ნიცაში ბევრი კენჭიანი სანაპიროა, ამიტომ თუ არ გსურთ ქვებზე ჯდომა, გირჩევთ ფასიან სანაპიროებზე დასვენებას, საწოლებისა და ქოლგების დაქირავებით და მზით ტკბობით.