ვილეფრანშ-სუღ-მეღი აუცილებლად მოსანახულებელია ფრანგულ რივიერაზე. ამ წყლისპირა ქალაქის ყველა კუთხე შთამბეჭდავია, დაწყებული ძველი ქალაქიდან, გაგრძელებული ღრმა ცისფერი ზღვით და დამთავრებული მწვანე მთებით. მისი სილამაზე ყველა დეტალშია: ქვაფენილიან ხეივნებში, ფერადად შეღებილ სახლებში და კედელზე ჩამოკიდებულ ყვავილებში. ვილეფრანში შესაძლოა დიდი არაა, მაგრამ ის იდეალურადაა დაპროექტებული და მშვენიერი ადგილია ნიციდან ერთდღიანი მოგზაურობის მოსაწყობად. აქ ყველგან ფერადი სახლები და ხმელთაშუა ზღვის ნოტიო ჰაერია. ამ ქალაქში ბევრი ფილმის კადრებია გადაღებული. ოთხშაბათიდან შაბათამდე ნახავთ ბაზრობასაც, სადაც კერამიკა, ქსოვილები, სუვენირები და ჯანსაღი პროდუქტები იყიდება.
დაისვენეთ სანაპიროზე
ფრანგული რივიერა ცნობილია ულამაზესი სანაპიროებით და არც ვილეფრანშ-სუღ-მეღი გაგიცრუებთ იმედს. ქვიშიანი და წვრილქვიანი ნაპირები რელაქსაციაში ნამდვილად დაგეხმარებათ. მთავარი სანაპირო: Plage des Marinieres უბრალოდ სუნთქვაშემკვრელია. აქ კრისტალივით სუფთა წყალია და ხედები ძველი ქალაქის ფერად სახლებზე იშლება. ვილეფრანშიც ნავსადგური სავსეა გემებით და აქ სეირნობა და ცურვაც სასიამოვნო ატმოსფეროს შეგიქმნით.
გაისეირნეთ ძველი ქალაქის ქუჩებში
ქალაქის გულში მდებარე ძველი უბანი ვილეფრანშის ყველაზე ლამაზი ნაწილია. შენობის უმეტესობა მე-12/მე-13 საუკუნეებისა და დღემდე საოცრადაა შემონახული. მათი უმეტესობა ცისარტყელას ხალისიან ფერებშია და სურათების გადასაღებად ფოტოგენური სივრცე იქმნება. აქ შეგიძლიათ დაიკარგოთ და დატკბეთ თითოეული ლამაზი დეტალით ყველა კუთხეში.
ვილეფრანშ-სუღ-მეღის ციხესიმაგრე
ეს მე-16 საუკუნის შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრეა, რომელიც მთიდან ქალაქს გადმოჰყურებს. ის საუკეთესო ხედებს გვთავაზობს ვილეფრანშზე და ფრანგულ რივიერაზე. მზის ამოსვლის ან ჩასვლის ყურება აქ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით. ის აერთიანებს მერიას, რამდენიმე მუზეუმს, ლამაზ ბაღს და ღია ცის ქვეშ თეატრს. ციხესიმაგრეში და მის მუზეუმებში შესვლა უფასოა.
სან-პიერის საყდარი
ეს მე-16 საუკუნის სამლოცველო ერთ დროს ადგილობრივი მეთევზეების შესანახი სივრცე იყო. 1950-იან წლებში მას რესტავრაცია ჩაუტარეს და კედლებზე მეთევზეები მოხატეს, ვილეფრანშის ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად. ღიაა ოთხშაბათიდან კვირამდე. შესვლის ღირებულებაა 3 ევრო.
როგორ მოხვდებით: ვილეფრანშ-სუღ-მეღი ნიციდან რამდენიმე წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. შეგიძლიათ იქირაოთ მანქანა, გაყვეთ მატარებელს, რომლის ღირებულებაცაა 2 ევრო ან იმგზავროთ ბორნით.
სად უნდა მიირთვათ: ადგილობრივი საკვები ბაზრობების გარდა, აქ ბევრი არაჩვეულებრივი რესტორანი მდებარეობს. იტალიასთან სიახლოვის გამო, კერძებში იტალიური გავლენებიც იგრძნობა. ჩვენ რამდენიმე საუკეთესო ობიექტს გირჩევთ:
- La Cuisine (ფრანგული სამზარეულო)
- Le Mekong (ვიეტნამური სამზარეულო)
- Les Amoureux (იტალიური სამზარეულო)
როდის უნდა ეწვიოთ: ფრანგულ რივიერაზე საფრანგეთში საუკეთესო კლიმატია. ვილეფრანშში წლის მანძილზე დაახლოებით 300 დღე მზიანია, ამიტომაც აქ ვიზიტი ნებისმიერ დროს მშვენიერი არჩევანია. აღსანიშნავია, რომ მონაკოზე და ნიცაზე დამსვენებლების რაოდენობით ნაკლებად გადატვირთულია.