რეკორდულად მაღალი ტემპერატურა და ტურისტთა უზარმაზარი ნაკადები ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთ ყველაზე ცნობილ მიმართულებზე, დამსვენებლებს სულ უფრო მეტად აფრთხობს. მონაკოდან მალიორკამდე ნავსადგურები იახტებითაა სავსე, მათ თითქმის არ ჩამოუვარდება საკრუიზო გემების რაოდენობაც. იმის ნაცვლად, რომ სანაპიროზე შეზლონგისთვის ან რესტორანში მაგიდის დასაჯავშნად ტურისტების დიდ ნაკადს შეეჯიბროთ, ყურადღება ხმელთაშუა ზღვის ნაკლებად ცნობილ კუნძულებსა და სანაპიროებს მიაქციეთ: ადგილებს, სადაც სანაპიროზე დასვენებისას ინგლისურ ენასაც კი გაცილებით იშვიათად გაიგონებთ.
სანტორინი და ამალფის სანაპირო, რა თქმა უნდა, ხიბლს არასდროს დაკარგავს, თუმცა ამ მიმართულებების მონახულება უმჯობესია არასეზონურ, შედარებით მშვიდ პერიოდში დაგეგმოთ. ამ ზაფხულს კი უკვე კარგად ნაცნობი და პოპულარული კლასიკური მიმართულებები ხმელთაშუა ზღვის ამ ნაკლებად ცნობილ, მაგრამ სულ უფრო საინტერესო ადგილებზე გაცვალეთ.

პორტო-ერკოლე, იტალია
საუკეთესო არჩევანი ნოსტალგიური გლამურის მოყვარულთათვის
ტოსკანას მთებზე შეფენილი ქალაქები: მონტეპულჩიანო და პიენზა: ხშირად იპყრობენ ყურადღებას იტალიის ამ რენესანსულ რეგიონში, რომელიც ისეთ დიდ ხელოვანებთან ასოცირდება, როგორებიც მიქელანჯელო და ბოტიჩელი არიან. ამავდროულად, ტოსკანა განთქმულია თავისი ღვინის კულტურითაც.
ფლორენციის სამხრეთით, ტოსკანის მონტე-არჯენტარიოს ნახევარკუნძულზე მდებარე პორტო-ერკოლე ამალფის სანაპიროს მსგავს მარადიულ ელეგანტურობასა და გლამურს გვთავაზობს, თუმცა გაცილებით მცირე მასშტაბით და საკრუიზო გემებიდან გადმოსული ტურისტების უზარმაზარი ნაკადების გარეშე.

Hotel Il Pellicano – ეს ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. ყოფილი ტოსკანური სახლი დროთა განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სასტუმროდ იქცა და ჰოლივუდის ვარსკვლავებსა და ევროპული სამეფო ოჯახების წარმომადგენლებსაც მასპინძლობდა. მათი დასვენების მომენტები ცნობილი ფოტოგრაფის, სლიმ აარონსის, ფოტოებზეცაა აღბეჭდილი.

კორჩულა, ხორვატია
საუკეთესო არჩევანი კუნძულიდან კუნძულზე მოგზაურობისთვის
„სამეფო კარის თამაშებმა“ დუბროვნიკი ხორვატიის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ტურისტულ მიმართულებად აქცია. შუასაუკუნეების ქალაქის გალავანი სერიალში „მეფის სავანის“ გადასაღებ ლოკაციად გამოიყენეს, თუმცა ბევრმა მოგზაურმა არ იცის, რომ მისი უფრო პატარა და არანაკლებ მომხიბვლელი ვერსია ახლომდებარე კუნძულ კორჩულაზეა. კუნძული შესანიშნავი საწყისი წერტილია დალმატიის სანაპიროსა და მის გარშემო მდებარე კუნძულების აღმოსაჩენად. კუნძულის დიდი ნაწილი ვენახებითაა დაფარული. აქ აწარმოებენ ინტენსიური გემოს მქონე თეთრ და წითელ ღვინოებს. გირჩევთ ზღვის პროდუქტების და ლობსტერების პასტის დაგემოვნებას.

პაროსი, საბერძნეთი
საუკეთესო არჩევანი ტრადიციული ბერძნული ხიბლისთვის
პაროსზე, სიკლადების ერთ-ერთ უდიდესს კუნძულზე, რბილად დაქანებული ბორცვები ზღვისკენ ეშვება, სანაპიროებზე კი საბერძნეთისთვის დამახასიათებელი თეთრად შეღებილი სოფლებია გაშენებული, რომელთა ფონზეც ეგეოსის ზღვა განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურება.
ბოლო დროს ხშირად ამბობენ, რომ პაროსი შესაძლოა „ახალ მიკონოსად“ იქცეს. ამის მიზეზი კუნძულზე სულ უფრო მეტი ბოჰემური სანაპირო ბარის გამოჩენაა. ამ ტენდენციას მეზობელ კუნძულ ანტიპაროსზე მდებარე გამაჯანსაღებელი და სპა სივრცეებიც უწყობს ხელს. მიუხედავად ამისა, პაროსის ხელუხლებელი სანაპიროები და ტრადიციული ტავერნები კვლავ ინარჩუნებს მშვიდ, ავთენტურ ატმოსფეროს. პაროსზე მზის ჩასვლა სანტორინის ცნობილ ხედებს არაფრით ჩამოუვარდება. განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახაობაა ნაუსას ხალხმრავალი მეთევზეთა სოფლის ნავსადგურიდან.

სენ-ჟან-კაპ-ფერატი, საფრანგეთი
საუკეთესო არჩევანი კლასიკური კოტ-დ’აზურის ატმოსფეროსთვის
სენ-ჟან-კაპ-ფერატს იახტებით სავსე ნავსადგურისა და ძვირადღირებული უძრავი ქონების გამო „მილიარდერების ნახევარკუნძულსაც“ უწოდებენ. აქ უძრავი ქონების ფასები მონაკოს შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. თუმცა ყოფილი მეთევზეთა სოფელი საკუთარ ფესვებთან გაცილებით ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. მეტიც, ეს რეგიონის ერთ-ერთი იმ იშვიათ ადგილთაგანია, სადაც ზაფხულის დასვენებას თავად ფრანგებიც ხშირად ირჩევენ.
დღეს საფრანგეთის რივიერაზე საიდუმლოდ შემორჩენილი ადგილების პოვნა რთულია, თუმცა სენ-ჟან-კაპ-ფერატი ხშირად მეზობელი კაპ-დ’აის სანაპირო კლუბებისა და მონაკოს კაზინოს ჩრდილში ექცევა. გამონაკლისია მათთვის, ვინც ნახევარკუნძულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სასტუმროში, თეთრ, დიდებულ “Grand-Hôtel du Cap-Ferrat, A Four Seasons Hotel-ში” ჩერდება. სასტუმროს ზღვის წყლით სავსე უსასრულო აუზიდან კოტ-დ’აზურის შთამბეჭდავი პანორამული ხედები იშლება.
ოდესღაც კაპ-ფერატი ხელოვანთა თავშესაფარი იყო. მათ შორის იყო ჟან კოკტოც, რომლის მოზაიკები, გობელენები და ფრესკები სანტო სოსპირის ვილას ამშვენებს. დღეს ნახევარკუნძულის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა დაახლოებით ხუთკილომეტრიანი სანაპირო ბილიკია. მარშრუტი ფიჭვნარებსა და კლდოვან სანაპიროს მიუყვება და იდეალური ადგილია როგორც პიკნიკისთვის, ისე ზღვის სუფთა წყალში გადასაშვებად.

მენორკა, ესპანეთი
საუკეთესო არჩევანი განმარტოებული ყურეებისთვის და სალაშქროდ
მალიორკასა და იბიცასთან შედარებით, მენორკა გაცილებით მშვიდი ალტერნატივაა. ნაკლებად განაშენიანებული ბუნებრივი ლანდშაფტი სწორედ ისაა, რაც ბალეარის ამ კუნძულს ავთენტურ და განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
ხმაურიანი სანაპირო ბარებისა და DJ-ების ნაცვლად, მენორკა დიზაინის მოყვარულთათვის ნამდვილი აღმოჩენაა. აქ სასტუმროები ხშირად განახლებულ ძველ მამულებსა და სასახლეებშია მოწყობილი. კუნძულის საინტერესო და გავლენიანი ხელოვნების სცენა კი განსაკუთრებით კარგად იგრძნობა დედაქალაქ მაოს მუზეუმებსა და გალერეებში.
აქ ბილიკები განმარტოებულ სანაპიროებამდე მიდის, სადაც ხშირად ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს მთელი პლაჟი მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. მენორკის ყველაზე შთამბეჭდავ ყურეებამდე მისასვლელად მცირე ლაშქრობაა საჭირო. მათ შორისაა ოქროსფერი ქვიშით ცნობილი კალა პრეგონდა და ჟანგმიწისფერ ტონებში მოქცეული კალა დელ პილარი. ორივე ადგილი კრისტალურად სუფთა წყლით გამოირჩევა და სნორკელინგისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. კუნძულის ბევრი სასტუმრო ბორცვებზეა განლაგებული და ზღვის ულამაზეს ხედებს გვთავაზობთ.

მალტა
საუკეთესო არჩევანი ისტორიული ღირსშესანიშნაობების მოყვარულთათვის
მალტის პატარა არქიპელაგი 7 000-წლიან ისტორიას აერთიანებს და ამავდროულად ისეთი შთამბეჭდავი ყურეებით გამოირჩევა, რომლებიც სილამაზით თავისუფლად გაუწევს კონკურენციას კაპრისა თუ კორსიკის სანაპიროებს.
სიცილიის სამხრეთით მდებარე კუნძულები ერთგვარი ცოცხალი მუზეუმებია, რომლებიც მალტის მრავალსაუკუნოვან წარსულსა და მის სხვადასხვა მმართველზე გვიყვებიან: რომაელებიდან დაწყებული, ფრანგებითა და ბრიტანელებით დასრულებული. მათი გავლენის კვალი დღესაც აშკარად ჩანს კუნძულების მდიდრულად მორთულ ეკლესიებსა და სასახლეებში.
ბაროკოს არქიტექტურით გამორჩეული დედაქალაქი ვალეტა, რომელიც ევროკავშირის ყველაზე პატარა დედაქალაქია, საკრუიზო გემების პოპულარული გაჩერებაა. თუმცა ტურისტების დიდი ნაწილი ქალაქის შთამბეჭდავ კირქვის გალავანს იშვიათად სცდება და მეზობელ კუნძულ გოზომდე აღარ მიდის. გოზოზე კი ჯერ კიდევ შემორჩენილია ტრადიციული სოფლები, სადაც ხელოსნების სახელოსნოებში დღემდე ამზადებენ კერამიკას, მინის ნაკეთობებსა და მალტური ჯვრის მოტივებით შთაგონებულ ცნობილ გოზოს მაქმანს.
კუნძულის კლდოვანი სანაპიროების გასწვრივ ნავით გასეირნებისას შეგიძლიათ ლურჯ ლაგუნას მიაშუროთ და დღე სნორკელინგს, ცურვასა და ზღვის გამოქვაბულების აღმოჩენას დაუთმოთ. წყალქვეშა სამყაროსა და შთამბეჭდავი სანაპირო ლანდშაფტების წყალობით გოზომ ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი გამორჩეული დაივინგ მიმართულების რეპუტაციაც მოიპოვა.











