დანანგში ვიეტნამის ცოცხალი ენერგია და ზღვისპირა ხიბლი ერთ ადგილას იყრის თავს. აქ ოქროსფერი სანაპიროები, ნისლიან მთებში კი უძველესი ტაძრები იმალება. ამ ყველაფერს კი განსაკუთრებული გემოებით გამორჩეული ადგილობრივი სამზარეულო ავსებს. დანანგში ყველა ტიპის მოგზაური იპოვის მისთვის საინტერესო გამოცდილებას. შეგიძლიათ ზღვის ხედით დატკბეთ და ახალი ზღვის პროდუქტები დააგემოვნოთ, მარმარილოს მთების იდუმალი ბილიკები და მწვერვალები მოინახულოთ ან უბრალოდ რბილ ქვიშაზე დაისვენოთ და ჰორიზონტს უყუროთ.

როდის უნდა ეწვიოთ დანანგს?

თებერვლიდან მაისამდე დანანგში მოგზაურობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ამ დროს ამინდი სასიამოვნოა და სანაპიროზე დასვენებისთვის იდეალური პირობებია. დღეები ზომიერად თბილი და მზიანია, საღამოები კი მსუბუქი ნიავით გამოირჩევა, რაც ქალაქის დათვალიერებასა და ბუნებაში გასეირნებას სასიამოვნოს ხდის.

ივნისში, ივლისსა და აგვისტოში დანანგი განსაკუთრებით ცოცხლდება. ტურისტული სეზონის პიკი ქალაქის სანაპიროებს უფრო ხალხმრავალს, ღამის ცხოვრებას კი უფრო აქტიურს ხდის. სასტუმროების ფასებიც იზრდება, თუმცა ტროპიკული მზე და ქალაქის ენერგიული ატმოსფერო ამ პერიოდს თავისებურ ხიბლს სძენს.

სექტემბრიდან ნოემბრამდე დანანგში ტემპერატურა შედარებით გრილი ხდება და ამინდი უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. ამ პერიოდში ხშირია წვიმა, ზოგჯერ ძლიერი, სანაპიროზე კი ტაიფუნებიც მოსალოდნელია. სამაგიეროდ, პლაჟები ნაკლებად ხალხმრავალია და თუ ამინდის ცვლილებების შესაბამისად გეგმების შეცვლა არ გაწუხებთ, ეს სეზონი დანანგს მშვიდ, ნისლიან და ოდნავ იდუმალ ხასიათს სძენს.

რამდენი დრო უნდა გაატაროთ დანანგში?

2 დღეში დანანგის მთავარი ღირსშესანიშნაობების ნახვას შეძლებთ: დაისვენებთ My Khe Beach-ის ქვიშიან სანაპიროზე, საბაგიროთი ახვალთ ბა ნა ჰილსზე და ულამაზესი ხედებით დატკბებით, საღამოს კი Dragon Bridge-ის სანახაობას დაესწრებით: ეს ქალაქში ყოფნისას ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ.

თუ 4 დღე გაქვთ, ცენტრალური ვიეტნამის კიდევ უფრო უკეთ აღმოჩენას შეძლებთ. შეგიძლიათ ერთდღიანი მოგზაურობა მოაწყოთ ზღაპრულ ჰოი ანში, რომელიც დანანგიდან ერთი საათის გზაზე მდებარეობს და ღამით ლამპიონებით განათებული ქუჩებით გამოირჩევა. ასევე შეგიძლიათ გაიაროთ ულამაზესი ჰაი ვანის უღელტეხილი, საიდანაც სანაპიროს შთამბეჭდავი ხედები იშლება, ან ტროპიკულ ტყეში გაიაროთ საფეხმავლო ბილიკები და დამალული ჩანჩქერები აღმოაჩინოთ. თითოეული ასეთი გამოცდილება დანანგის მოგზაურობას ახალ შტრიხს მატებს და რეგიონის ისტორიასა და კულტურას უფრო სრულად გაგაცნობთ.

მარტივია თუ არა დანანგში ჩასვლა და ქალაქში გადაადგილება?

დანანგში ჩასვლა საკმაოდ მარტივია. ქალაქის საერთაშორისო აეროპორტი, რომელსაც აზიის არაერთ ქალაქთან აქვს პირდაპირი კავშირი, ცენტრიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ქალაქში გადაადგილებაც მარტივია: ტაქსები ფართოდ არის ხელმისაწვდომი და საკმაოდ იაფად. შეგიძლიათ მოტოციკლი იქირაოთ და ქალაქი ადგილობრივის მსგავსად შემოიაროთ, თუმცა საკმაოდ დატვირთულ და მოძრავ ტრაფიკთან შეგუება მოგიწევთ.

თუ მშვიდი ტემპი გირჩევნიათ, ჰანის მდინარის სანაპირო ბულვარში სეირნობა ქალაქის ატმოსფეროს შესაგრძნობად შესანიშნავი არჩევანია.

დანანგში საუკეთესო აქტივობები

იხილეთ ცეცხლოვანი სანახაობა დრაკონის ხიდზე

დანანგის ყველაზე ცნობილი „ბინადარი“ შაბათ-კვირის საღამოებში მართლაც ცეცხლს აფრქვევს. “Dragon Bridge” ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა და აქ ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას, საღამოს 9 საათზე, ცეცხლისა და წყლის შთამბეჭდავი შოუ იმართება.

Vietnam

დაისვენეთ My Khe Beach-ზე

32 კმ-ზე გადაჭიმული “My Khe” რბილი, თეთრი ქვიშითა და მშვიდი, სუფთა წყლით გამოირჩევა და შესანიშნავი ადგილია როგორც მზის აბაზანებისთვის, ისე ზღვაში საბანაოდ. ადგილობრივები დილიდანვე გამოდიან სანაპიროზე, ტურისტების უმეტესობა კი დღის მეორე ნახევარში ჩნდება, ამიტომ თუ გვიან დილით მიხვალთ, შესაძლოა პლაჟი თითქმის ცარიელი დაგხვდეთ. საღამოს My Khe-ს კიდევ ერთი ხიბლი აქვს: სანაპიროზე სეირნობისას ზღვის თავზე ქალაქის განათებული ცათამბჯენების შუქები ციმციმებს.

გაექეცით ქალაქის ხმაურს ბა ნა ჰილსზე

ქალაქიდან მცირე მანძილის გავლის შემდეგ Ba Na Hills-ში აღმოჩნდებით, სადაც დანანგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ოქროს ხიდი მდებარეობს. გიგანტურ ქვის ხელებზე დამაგრებული საფეხმავლო ხიდი თითქოს ზღაპრიდან გადმოსულ სანახაობას ჰგავს. მთების ნისლიან ხედებზე საბაგიროთი ასვლის შემდეგ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბაღები, ფრანგული სტილის ვილები და გასართობი პარკის ატრაქციონები. ეს დანანგიდან ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და შთამბეჭდავი გაქცევაა.

აღმოაჩინეთ ადგილობრივი გემოები ჰანის ბაზრობაზე

დანანგის ყოველდღიური ცხოვრების გასაცნობად ჰანის ბაზრის მონახულება შესანიშნავი არჩევანია. აქ ყველაფერი იყიდება: ახალი პროდუქტებიდან და სანელებლებიდან დაწყებული, ხელნაკეთი ნივთებით დამთავრებული. აუცილებლად გაჩერდით რომელიმე კვების დახლთან და დააგემოვნეთ ადგილობრივი კერძები, მაგალითად, ხრაშუნა ბლინი, ან კურკუმით მომზადებული ლაფშის სუპი. ბაზრის ხმაურიან და ენერგიულ გარემოში კი დანანგის ნამდვილ გემოსა და ხასიათს შეიგრძნობთ.

აღფრთოვანდით მარმარილოს მთებით

ქალაქიდან სულ რაღაც 9 კმ-ის დაშორებით მდებარე მარმარილოს მთები დანანგის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, სადაც ისტორია, ბუნება და ბუდისტური კულტურა ერთმანეთში განსაკუთრებულად ერწყმის ერთმანეთს. კირქვისა და მარმარილოს ბორცვებში დამალული გამოქვაბულები, უძველესი ტაძრები სრულიად სხვა სამყაროშ გადაგანაცვლებთ. სულიერი ადგილების დათვალიერების შემდეგ კი მთის მწვერვალებიდან დანანგისა და მის შემოგარენზე გადაშლილი ფართო ხედებით დატკბებით.