სან-ტროპე ცნობილია მე-19 საუკუნიდან. დღეს ეს ლამაზი ნახევარკუნძული ექსკლუზიურ სანაპირო კლუბებს, იახტებს და მაღალი კლასის რესტორნებს მოიცავს, ისევე როგორც ზეთისხილის ტყეებს, ძველ რიყის ქუჩებს და სალაშქრო გზებს. და მაინც, რატომ უნდა ეწვიოთ სან-ტროპეს?

  • იმიტომ, რომ შეისწავლოთ ფრანგული კინო გენდარმერის ეროვნულ მუზეუმში

კინოვარსკვლავებმა ეს ადგილი შეიყვარეს მას შემდეგ, რაც საკულტო ფილმი „და ღმერთმა შექმნა ქალი“ გამოვიდა ბრიჯიტ ბარდოს მონაწილეობით. ამის შემდეგ, სან-ტროპეში კიდევ ბევრი ცნობილი ფილმი გადაიღეს. მუზეუმს (Musée Gendarmerie Nationale) 8 ოთახი და დროებითი საგამოფენო სივრცე აქვს, რომელიც გვაჩვენებს ქალაქის როლს ფრანგულ კინოში.

  • იმიტომ, რომ მიეფიცხოთ მზეს პამპელონეს სანაპიროზე

სან-ტროპეს ყველაზე ცნობილი სანაპირო (Pampelonne Beach) არა სან-ტროპეში, არამედ მეზობელ რამატუელშია. აქ ქვიშა და წყალი შთამბეჭდავ დიუნებს ქმნიან. იპოვნეთ ადგილი გასარუჯად, მიეფიცხეთ მზეს და დააკვირდით გარშემომყოფებს, შესაძლოა ცნობილ ადამიანებსაც მოკრათ თვალი.

  • იმიტომ, რომ გაისეირნოთ სანაპირო ბილიკზე

სასეირნო გზა სახელად Sentier du Littoral, La Ponche-დან იწყება და მალულ უბეებს, კიბეებს, ფართო სანაპიროებს და მდიდრულ ვილებს მოიცავს. ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი და თან იქონიეთ საპიკნიკო წასახემსებელი.

  • იმიტომ, რომ დააგემოვნოთ ადგილობრივი ღვინო შატო ბარბეიროულის ვენახიდან

სან-ტროპეს ღვინო ნამდვილად განთქმულია. Château Barbeyrolles რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ვენახით და ღვინის დამზადების უნიკალური ტრადიციებით გამოირჩევა. ის სოფელ გასინში მდებარეობს. ვენახი ყოველ დღე ღიაა კვირის გარდა. შეგიძლიათ დააკვირდეთ ღვინის დამზადების პროცესს და დააგემოვნოთ ის.

  • იმიტომ, რომ ეწვიოთ შუქურას

Cap Camarat ულამაზესი კონცხია, სადაც ზღვის ხედები, სალაშქრო ბილიკები და ველური ბუნება დაგხვდებათ. ის ასევე ცნობილი შუქურით, რომელიც საფრანგეთში სიდიდით რიგით მეორე ადგილს იკავებს. თუ თავს ენერგიულად გრძნობთ, შეგიძლიათ აქ ფეხით, სან-ტროპეს ცენტრიდან სანაპირო ბილიკის გავლით მიხვიდეთ.

  • იმიტომ, რომ დაათვალიეროთ ქარის წისქვილები

გადით ქალაქგარეთ და დააკვირდით აქაურ სასოფლო ცხოვრებას. Les Moulins de Paillas მე-16/მე-18 საუკუნეებში აშენდა და დღეს ვიზიტორებისთვის ღიაა. აქვეა ულამაზესი მთის ქალაქი რამატუელი.

  • იმიტომ, რომ მოინახულოთ პორტი

ძველი პორტის (Vieux Port) კაფის მაგიდასთან დრო ისე გავა ვერც კი შეამჩნევთ. ერთ დროს სათევზაო სოფლის გული დღეს მილიონერების იახტებსაც მასპინძლობს. აქედან მოსჩანს პასტელის ფერებში შეღებილი სახლები და რესტორნების ტერასები.

  • იმიტომ, რომ ისეირნოთ ძველი ქალაქის რიყის ქუჩებში

პორტის სიახლოვეს ძველი ქალაქი მდებარეობს –  La Ponche. წვრილ ლამაზ ქუჩებში სეირნობისას შემოგხვდებათ ბაროკოს სტილის საათის კოშკი და მე-18 საუკუნის ეკლესია. ამ უბანში შეგხვდებათ სხვადასხვა გალერეებიც.

  • იმიტომ, რომ შეაფასოთ ფრანგი ოსტატები მუზეუმში

სან-ტროპე მეტია, ვიდრე უბრალოდ სანაპიროზე წოლა. Musée de l’Annonciade უძველესი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია საფრანგეთში. ის ქალაქის იმ წარსულს წარმოგვიდგენს, როცა აქ მატისი, სინიაკი და დერენი ცხოვრობდნენ ან მოგზაურობდნენ და სან-ტროპეს ფერებით იღებდნენ შთაგონებას. მათ ნამუშევრებს დღეს ამ მუზეუმში იხილავთ.

  • იმიტომ, რომ გაიჭყიტოთ სან-ტროპეს საზღვაო-სამხედრო წარსულში

ქალაქის საღვაო ისტორიის მუზეუმი (Musée d’Histoire Maritime) დიდ ისტორიას ატარებს. ადით მთაზე და გადმოხედეთ ქალაქს. ერთ დროს ეს შენობა აშენდა იმიტომ, რომ სან-ტროპე საზღვაო შემოტევებისგან დაეცვათ. აქ ადგილობრივი მეთევზეების საოცარ სათავგადასავლო ისტორიებსაც გაიგებთ.

  • იმიტომ, რომ იშოპინგოთ

სან-ტროპე შოპინგის მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა. ქალაქში როგორც ცნობილი დიზაინერების, ასევე წვრილ-წვრილი ბრენდების მაღაზიებს იხილავთ. გაუყევით ქუჩებს: Gambetta და Allard. აქ ერთმანეთის მიყოლებით ნახავთ შოკოლადის, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის თუ ანტიკვარიატის მაღაზიებს.

  • იმიტომ, რომ დააგემოვნოთ ადგილობრივი საკვები

სან-ტროპეში, სამშაბათ ან შაბათ დილას შეგიძლიათ ადგილობრივი პროდუქტების ბაზარს ეწვიოთ, სახელად Place des Lices. აქ ახლად გამომცხვარი პური, ფუნთუშეული, ახალი ხილი, სოსისი  და ზეთისხილი დაგხვდებათ. შეგიძლიათ თან სუვენირებიც გაიყოლოთ.