ფრანგული რივიერა ცნობილია გლამურული სანაპიროებით, კურორტებით, იახტ კლუბებით და ვარსკვლავების ვიზიტით. აქ შთამბეჭდავი ბუნება, საუკუნოვანი ქალაქები, არქიტექტურული საგანძური და ბევრი ხელოვნება გელოდებათ. საუკეთესო დრო აქ დასვენებისთვის გვიანი გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდეა: მაისიდან სექტემბერის ჩათვლით. თუ ფრანგული რივიერას შესწავლა გსურთ, ჩვენ აქ საუკეთესო 7 დღეს დაგიგემავთ.
დღე 1: ნიცა
ფრანგულ რივიერაზე თქვენი თავგადასავალი ნიციდან უნდა დაიწყოთ: რეგიონის ყველაზე ლამაზი დიდი ქალაქიდან, სადაც ბევრი კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. ქალაქში ჩასვლის შემდეგ, მიირთვით საუზმე ან ლანჩი მის რომელიმე კაფეტერიაში. დაიწყეთ დათვალიერება ცნობილი ბულვარით: Promenade des Anglais. ის ხმელთაშუაზღვის ულამაზეს ხედებს შემოგთავაზებთ. შემდეგ ჩადით წყალში ან უბრალოდ დაისვენეთ სანაპიროზე.
შუადღეს, დრო ძველი ქალაქის დათვალიერებას დაუთმეთ. ძველი ნიცა/Vieux Nice იტალიური სტილის შენობებით, წვრილი ქუჩებით და დიდი მოედნით ხასიათდება. აქ ცხოვრობდა ფრანგი მხატვარი ჰენრი მატისე. აქვე შეიძენთ სუვენირებსაც.
მზის ჩასვლამდე, აყევით კიბეებს ან ლიფტს ციხესიმაგრის მთაზე: Colline de la Chateau. პანორამული ხედები ზღვაზე, ქალაქზე და სიმწვანეზე ნამდვილად გასიამოვნებთ. ერთ დროს აქ ციხესიმაგრე და ციტადელი იდგა, თუმცა დღეს მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი.
დღე 2: მონაკო და მენტონი
მეორე დღეს მოინახულეთ პატარა მონაკო, მისი გლამურული პორტით, კაზინოთი და ბაღებით. გადადით იქვე მდებარე ქალაქ მენტონშიც, რომელიც იტალიის საზღვართან მდებარეობს. ნიცადან მონტე-კარლომდე მატარებელს გაყევით. თუ ადრიან რეისს მიუსწრებთ, მშვენიერი ექსკურსია გამოგივათ. გაისეირნეთ მის პორტში და იცანით ადგილები, სადაც ჯეიმს ბონდი და სხვა ბევრი ფილმი გადაიღეს.
შემდეგ მოინახულეთ მონაკოს პრინცის სასახლე და მიირთვით ლანჩი. ეწვიეთ ისტორიულ ბაზრის მოედანს და მონაკოს ეგზოტიკურ ბაღს, სადაც უამრავი გასაოცარი მცენარე ხარობს.
სულ რაღაც 30 წუთის გზით გადაინაცვლეთ ფოტოგენურ ქალაქ მენტონში. ეს სასაზღვრო ქალაქი ხან მონაკოს დაქვემდებარებაში იყო, ხან კი იტალიის და მრავალფეროვან და მდიდარ კულტურას წარმოგვიდგენს, სხვადასხვა გავლენებით. დაათვალიერეთ ძველი ქალაქი, პასტელური შეფერილობის სახლები, ჟან კოკტოს მუზეუმი და ძველი პორტი.
დღე 3: პეიონი და ეზე
მესამე დღე რივიერას გასაოცარ სოფლებს დაუთმეთ. ორივე მათგანი მთაზე და კლდეებზეა გაშენებული. მონაკოდან ან მენტონიდან 50 წუთში პეიონში (Peillon) აღმოჩნდებით. მეათე საუკუნით დათარიღებული ეს ქალაქი ძალიან შთამბეჭდავი სანახავია. გაისეირნეთ მის პატარა ქუჩებში და იხილეთ უძველესი სახლები. აქ მდებარეობს რესტორანი მიშელინის რეკომენდაციით.
შემდეგ ეწვიეთ ეზეს (Èze), რომელიც ასევე მონაკოსა და ნიცასთან მდებარეობს. ეს შუასაუკუნოვანი ქალაქიც ქვის ფასადებით, წვრილი ქუჩებით და კრამიტის სახურავებით გვხიბლავს. აქ მაღაზიები, გალერეები და ეკლესიებია. ასევე, ხედები ზღვაზე. რომანტიკული დასვენებისთვის შეგიძლიათ დარჩეთ კიდეც.
დღე 4: კანი და ანტიბე
ფრანგული რივიერას დათვალიერების აუცილებელი მიმართულებაა – კანი, ცნობილი კინოფესტივალის ჩატარების ადგილი. ერთ დროს წყნარი სათევზაო სოფელი დღეს საერთაშორისო და მდიდრული ტურისტული მიმართულებაა. დაიწყეთ ბულვარით და La Croisette-ზე გაისეირნეთ. შემდეგ მიადექით ძველ პორტს ფერადი იახტებით და მიირთვით ლანჩი ზღვისპირა კაფეებში.
ლანჩის შემდეგ, დაახლოებით 1 საათი ქალაქის ცენტრს დაუთმეთ, შემდეგ კი ავტობუსით ანტიბესკენ (Antibes) გაემართეთ, რომელიც კანის სიახლოვეს მდებარეობს. ისეირნეთ ძველი ქალაქის ქვაფენილიან ქუჩებში და ეწვიეთ პიკასოს მუზეუმს, რომელიც გრიმალდის სასახლეში მდებარეობს. მოინახულეთ ანტიბეს ტრადიციული ბაზარიც, სადაც ყვავილებს, საკვებ პროდუქტებს და ხელნაკეთ ნივთებს შეიძენთ. მზის ჩასვლას კი ვაუბანის პორტიდან დააკვირდით.
დღე 5: სან-ტროპე
შემდეგი გაჩერება მომხიბვლელი სან-ტროპეა, ქვიშიანი, ფართო სანაპიროებით. ეს მორიგი მშვიდი სათევზაო სოფელი პოპულარული ფრანგული ფილმის შემდეგ გახდა: “და ღმერთმა შექმნა ქალი”, რომელშიც ბრიჯიტ ბარდო მონაწილეობს. დაიწყეთ ძველი პორტით, გაუყევით სანაპირო ზოლს და მოინახულეთ ძველი მეთევზეების უბანი – La Ponche, ფერადი ფასადებით და სანაპიროთი.
გადაინაცვლეთ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე – Place des Lices, პროვანსული არქიტექტურის მქონე შენობებით, რომლებიც მზეზე განსაკუთრებით ბზინავენ. აქ შეიგრძნობთ ადგილობრივ ცხოვრებას. მოინახულეთ სან-ტროპეს ციტადელიც და საზღვაო მუზეუმიც.
შემდეგ გადით სანაპიროზე საცურაოდ, რუჯის მისაღებად ან განსატვირთად. სიახლოვით და აღჭურვილობით, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია – Pampelonne Bay, სადაც თეთრი ქვიშა, გამჭვირვალე წყალი და არც ისე ცოტა ხალხია. საღამოს უყურეთ მზის ჩასვლას პორტიდან და სურვილის შემთხვევაში გაერთეთ სან-ტროპეს ცნობილ კლუბურ ბარებში.
დღე 6: იეღი/Hyères
სან-ტროპედან იეღისკენ გაეშურეთ, რომელიც მდიდარი ბუნებით და კულტურით გამოირჩევა. დაიწყეთ ძველი ქალაქის, პროვანსული სტილის სახლებით, ბაზრით, მშვიდი ქუჩებით, მაღაზიებით და რესტორნებით. ეწვიეთ ვილას “Noailles“, პატარა მუზეუმს ქალაქის ისტორიის შესახებ. მიირთვით ლანჩი წყლის და იახტების ხედზე.
შემდეგ, გაყევით ბორანს პორტ-კროსის ეროვნულ პარკამდე, სადაც ოქროს კუნძულები, სუფთა წყალი, ქვიშიანი სანაპირო და სიმწვანე დაგხვდებათ. აქ დაათვალიერებთ პარკს და ზღვის სპორტის სახეობებით გაერთობით.
დღე 7: კასისი და კალანკესის ეროვნული პარკი
ფრანგული რივიერის ბოლო დღე სათევზაო სოფელ კასისის (Cassis) დაუთმეთ, ანტიკური საპორტო ქალაქის, მარსელის სიახლოვეს. იეღიდან 1 საათის სავალ გზაზე კიდევ ერთი მშვენიერი ფრანგული ქალაქი დაგხვდებათ. დაიწყეთ ისტორიული ნავსადგურის მონახულებით.
შემდეგ, გაატარეთ დრო ქალაქის ქუჩებსა და ხეივნებში. იხილეთ მისი ტრადიციული ძეგლები. როცა ყველაფერს თვალს შეავლებთ, ესტუმრეთ კალანკესის ეროვნულ პარკს (Calanques National Park), დაცულ ტერიტორიას ულამაზესი ბუნებით. წადით მომზადებულები: შესაფერისი ფეხსაცმლით და წყლით. პარკში ბევრი ლამაზი კლდეა და აქ ბანაობასაც შეძლებთ. საბოლოოდ, დაბრუნდით კასისში ან მარსელში.