მონაკო ქალაქ-სახელმწიფოა ფრანგულ რივიერაზე, სადაც წლის მანძილზე 300 დღე მზიანია. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქვეყნად ითვლება, თუმცა საფრანგეთში ყოფნისას, მისი გასაოცარი ატმოსფერო 1 დღით მაინც უნდა მოინახულოთ.
ოკეანოგრაფიის მუზეუმი
მონაკოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ შენობაში, ქვეყნის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს. კლდეზე აგებული ოკეანოგრაფიის მუზეუმი ხმელთაშუა ზღვას გადმოჰყურებს და შთამბეჭდავ აკვარიუმებს აერთიანებს: ტროპიკულს, ხმელთაშუაზღვიურს და ზვიგენების აუზს.
მონაკოს პრინცის სასახლე
პრინცის სასახლეში სამეფო ოჯახი ცხოვრობს. შენობის წინ, ყოველი დღის 11:55-ზე, მცველების შეცვლის ტრადიციული რიტუალის მომსწრენი გახდებით. სასახლე ვიზიტორებისთვის აპრილიდან ოქტომბრამდეა ღია.
წმ. ნიკოლასის კათედრალი
მონაკოს ეს კათედრალი გრიმალდის ოჯახის თითქმის ყველა წევრის განსასვენებელია – მონაკოს სამეფო ოჯახის. მათ შორის, გრეის კელის და პრინც რეინერის.
პრინცესა გრეისის ვარდების ბაღი
ეს გასაოცარი ბაღი 1984 წელს მონაკოს პრინცმა, რეინერ მესამემ გააშენებინა, მეუღლის, გრეის კელის გარდაცვალებიდან 2 წლის თავზე. მონაკოს პრინცესას საყვარელი ყვავილი ვარდი იყო, ამიტომაც ბაღში დარგული 6000 ვარდი მის ხსოვნას ეძღვნება.
ლარვოტოს სანაპირო
მონაკოს ამ სანაპიროს საჯარო და დახურული სივრცეები აქვს. ქვიშიან ნაპირზე მზის აბაზანების მიღებას და რელაქსაციას შეძლებთ.
კაზინო მონტე-კარლო
მონაკოს მონტე-კარლო საკულტო ღირსშესანისშნაობაა, რომელიც ჯეიმს ბონდის ფილმების შემდეგ საოცრად პოპულარული გახდა. კაზინოში შესვლის ღრებულება 10 ევროა და ოფიციალური სამოსი სულაც არაა საჭირო. აუცილებელია პასპორტი.
მონაკოს კონცხი
Le Rocher მონაკოს ძველი ქალაქია, სადაც სამეფო ოჯახია განთავსებული. ესტუმრეთ ამ კლდოვან კონცხს და გაისეირნეთ მის მშვენიერ ქუჩებში.
წმ. დევოტას ტაძარი
სენ-დევოტა მონაკოს მფარველი წმინდანის სახელობის რომაული კათოლიკური ეკლესიაა.
იაპონური ბაღი
მონაკოში სრული სიმშვიდისთვის ამ ბაღს უნდა ეწვიოთ. ის ცენტრში მდებარეობს და საკმაოდ მოწესრიგებულ და ავთენტურ გარემოს გვთავაზობს.
ჰერკულესის პორტი
მონაკოს ჰერკულესის პორტში დიდი საკრუიზო გემები ჩერდებიან. ზოგიერთი მათგანი სიგრძეში 300 მეტრსაც კი აღწევს.
ეგზოტიკური ბაღი
მონაკოს ეგზოტიკური ბაღი 1933 წელს გაიხსნა და მას შემდეგ, ეგზოტიკური მცენარეებით ივსება. აქაურობას ძირითადად კაქტუსები და სუკულენტები ქმნიან. აქ სტუმრობით ქალაქის თავზე მოექცევით. აუცილებლად მოინახულეთ გამოქვაბულიც – სტალაქტიდებითა და სტალაგმიტებით.
მონაკოს საუკეთესო მანქანების მუზეუმი
პრინცი რეინერ მესამე ავტომობილების დიდი თაყვანისმცემელი იყო და 1993 წლიდან მონაკოში ჩასული ვიზიტორები მისი პირადი მანქანების კოლექციას ათვალიერებენ. აქ დაახლოებით 100 მოდელი დაგხვდებათ. აქ ნახავთ ფერარის, მაზერატის, როლს როისს, ლინკოლნსა და ლამბორჯინის.
ზოოლოგიური ბაღი
ეს ზოოპარკიც პრინცმა რეინერ მესამემ ააშენებინა და ქალაქის მორიგ მწვანე სამოთხეს წარმოადგენს.
ფორტ ანტუანის თეატრი
ეს ღია ცის ქვეშ თეატრი ერთ დროს ციხესიმაგრე იყო და მას ბრწყინვალე ლოკაცია აქვს ხმელთაშუა ზღვაზე. აქ ხშირად ტარდება სიმფონიური მუსიკის კონცერტები თუ თეატრალური წარმოდგენები.
მეტროპოლის შოპინგ ცენტრი
მონაკოს შოპინგ ცენტრი ცნობილი დიზაინერების მაღაზიებს წარმოგვიდგენს. დაათვალიერეთ მისი მარმარილოს კიბეები და მდიდრული ინტერიერი.