ბუდაპეშტი თითქოს ორი ქალაქია ერთის ფასად, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ ოჯახები ბევრს ნახავენ და გააკეთებენ. ჩვენ აქ საუკეთესო ოჯახურ აქტივობებს გირჩევთ, რათა თქვენი პატარები უნგრეთის დედაქალაქში მოგზაურობით გააბედნიეროთ.
კარგია ბუდაპეშტი ბავშვებისთვის? დიახ! თუნდაც თერმულ წყლებში ბანაობა ოჯახის წევრებთან და პატარებთან უფრო სასიამოვნოა. აქ ასევე მდებარეობს ბევრი გასართობი პარკი, ბავშვებისთვის საინტერესო მუზეუმი და ადგილი.
ბუდაპეშტს არაჩვეულებრივი სატრანსპორტო სისტემა აქვს და ბავშვებთან ერთადაც კი არაა საჭიროება ტაქსით ისარგებლოთ. ტრამვაები, ავტობუსები და მეტრო ყველგან მიგიყვანთ. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთები შეძენის შემდეგ აუცილებლად უნდა გააქტიუროთ ყოველი მგზავრობის დროს.
სად უნდა დარჩეთ? ბუდაპეშტი შედგება მშვიდი ბუდას ნაწილისგან – დანუბეს დასავლეთ სანაპიროზე და ცოცხალი პეშტისგან – აღმოსავლეთ სანაპიროზე. ბუდას მხარეს დარჩენა დიდი ღირსშესანიშნაობებისგან მოგაშორებთ და დასარჩენი ადგილების ნაკლებობასაც განიცდით. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ პეშტის მხარეს. ნუ დაჯავშნით სასტუმროს მეშვიდე უბანში, ეს ღამის კლუბების და წვეულებების უბანია.
რა უნდა გააკეთოთ ბუდაპეშტში ბავშვებთან ერთად?
საბავშვო მატარებელი მთებზე
Budapest Children’s Railway
ბუდაპეშტის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ღირსშესანიშნაობა, საბავშვო მატარებელია, რომელიც თქვენ და თქვენს პატარებს პოპულარულ ადგილებს მოგატარებთ და საუკეთესო თავგადასავლებს გაჩუქებთ. ის ულამაზესი ხედებით დაგაჯილდოვებთ ქალაქზე. საბავშვო რკინიგზაზე 10-დან 14 წლამდე ბავშვები დაგხვდებიან უფროსებთან ერთად. საბავშვო მატარებელი იმდენად გრძელია, რომ გინესის რეკორდებშიც კი შევიდა. შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას ჩამოხვიდეთ სადაც მოგეწონებათ. მაგალითად, ნორმაფაში, საიდანაც ელიზაბეტის კოშკის დახმარებით, ბუდაპეშტს ყველაზე მაღალი წერტილიდან გადმოხედავთ.
მარგარეტის კუნძული
Margaret Island
როცა ამინდი თბილია, მარგარეტის კუნძული, რომელიც უნგრული პარლამენტის შენობას შეჰყურებს, საუკეთესო ადგილია შუადღის გასატარებლად. 2.5 კილომეტრზე გაშლილი კუნძული მწვანე ოაზისია საუკუნოვანი ხეებით, ნანგრევებით და იაპონური ბაღით, რომელსაც საკუთარი ტბა და კუები ყავს. შეგიძლიათ იქირაოთ 4 ან 2 სკამიანი ველოსიპედი და ერთად შემოიაროთ კუნძული. პარკის სამხრეთით მუსიკალური შადრევანია, რომელიც ზამთრის სეზონის გარდა, სულ მღერის.
ბუდაპეშტის ზოოპარკი
Budapest Zoo
150 წლის ზოოპარკი ბუდაპეშტის ქალაქის პარკში ნამდვილად არაა გამოსატოვებელი. არტ-ნუვოს სტილის შესასვლელში სპილოების ქანდაკებები დაგხვდებათ, შიგნით კი უამრავი სახეობის ცხოველი და ბოტანიკური ბაღი. ეწვიეთ საყდრის ფორმის სპილოების სახლს. ასევე, პალმების სახლს, რომლის დიზაინიც გუსტავ ეიფელს ეკუთვნის. აქ ასევე არის განყოფილება, სადაც თქვენს პატარებს შეუძლიათ ცხოველებს თავად აჭამონ. ბავშვებისთვის გასართობია ატრაქციონებიც და შიდა სათამაშო სივრცე.
ტროპიკარიუმი
The Tropicarium
ეს დიდი აკვარიუმი და ზოოლოგიური ცენტრია შოპინგ მოლში “კამპონა”. აქ პატარა მოგზაურები შეხვდებიან ზღვის ბინადრებს მთელი მსოფლიოდან: ნიანგებს, ეგზოტიკურ ჩიტებს, რეპტილიებს, თევზებს. წყლისქვეშა 12 მეტრი სიგრძის გვირაბის თავზე ზვიგენები დაცურავენ. ყოველ ხუთშაბათს, შუადღის 2:30 საათზე, დაივერები მათ ვიზიტორების თვალწინ კვებავენ. ნიანგების სივრცეში გამოსცდით ტროპიკულ წვიმასაც.
ნავით გასეირნება დანუბეზე
დანუბეზე ნავის ტური ბავშვებისთვის საკმაოდ საინტერესო თავშესაქცევია. დიდი ბორანი ნომერი D14 ეროვნულ თეატრსა და მარგარეტის კუნძულს შორის დადის ყოველ ორ საათში, სამშაბათიდან კვირის ჩათვლით. ის საკმაოდ ბიუჯეტური გადაწყვეტილებაცაა. ალტერნატივაა ორგანიზებული ტურისტული კრუიზები, რომელსაც RiverRide აწარმოებს.
საოჯახო თერმული აბაზანები
თერმულ აბაზანებში ჩასვლა ბუდაპეშტში მოგზაურობის აუცილებელი მახასიათებელია, მაგრამ ყველა მათგანი ოჯახურ დასვენებაზე გათვლილი არაა. ამ მიზნით, საუკეთესოებია: Palatinus complex მარგარეტის კუნძულზე და Dagaly Lido არპადის ხიდთან. აქ ღია დიდი აუზები დაგხვდებათ, სადაც ბავშვები გაერთობიან. დიდი ისტორიული აბაზანებიდან, Gellért Baths უშვებს ბავშვებს მაგრამ 14 წლიდან, რადგანაც იცავენ რეგულაციებს ცხელი წყლის შესაძლო ეფექტზე მცირეწლოვან ბავშვებში.