უნგრეთის დედაქალაქს “სპა ქალაქს” უწოდებენ. ბუდაპეშტის თერმული აბაზანები, რომლებსაც ცხელი წყაროები ამარაგებენ, ქალაქს სარელაქსაციო ხასიათს სძენს. რომაელებმა ამ ადგილის კოლონიზაცია პირველ რიგში იმიტომ მოახდინეს, რომ აქ თერმული წყლები აღმოაჩინეს. რომაული საჯარო აბანოები ემსახურებოდა არამხოლოდ წყლის გადავლებას, არამედ კარგად ყოფნას, სხეულის და სულის ერთგვარ ჰარმონიზაციას. წყალში უამრავი მინერალია, რომლებიც კანის პრობლემებს და სახსრების ტკივილებს მკურნალობენ.

გელერტის თერმული აბანო/Gellért Thermal Bath

გელერტი მოიცავს როგორ ღია, საჯარო თერმულ აუზს, არამედ დახურულ ოთახებსაც, სადაც განმარტოებასაც შეძლებთ. ტემპერატურა აუზების მიხედვით სხვადასხვანაირია და 19 გრადუსიდან – 40 გრადუსამდე აღწევს. არტ-ნუვოს სტილის შენობის წინ არსებული აუზი სვეტებით და გადასახედი აივნებითაა გარშემორტყმული.

სეჩეინის თერმული აბანო/Széchenyi Thermal Baths

ეს უნგრეთის უდიდესი სპაა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სამედიცინო აბაზანად ითვლება. კომპლექსი 21 აუზისგან შედგება და ჰიდროთერაპიის მასჟებსა და ჯაკუზებსაც გვთავაზობს. აქაც ნეო-რენესანსის არქიტექტურას იხილავთ. საღამოობით ელექტრონული მუსიკის საღამოები და ლაზერის შოუები ეწყობა. ბილეთები წინასწარ უნდა შეიძინოთ.

კირალის თერმული აბანო/Király Thermal Bath

კირალი ბუდაპეშტის უძველესი აბანოა. 1565 წლით დათარიღებული აბაზანები ოტომანების იმპერიის დროს გაიხსნა. აქ დაგხვდებათ 1 იმდროინდელი და 3 თანამედროვე აუზი.

ლუკაცის თერმული აბანო/Lukács Thermal Bath

ეს აბანო ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. ის არაა ისეთივე მდიდრული, როგორც ბუდაპეშტის სხვა აბანოები, თუმცა ლუკაცის თავისი შარმი აქვს და ძლიერი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ცივი და ცხელი აუზების გარდა, სადაც წყლის თერაპიას მიიღებთ, აქ ჰიმალაური მარილის ოთახიცაა: მშვიდი ადგილი კანის და რესპირატორული პრობლემების სამკურნალოდ.

ველი ბეჯი/Veli Bej

ველი ბეჯის აბანოც ოტომანთა იმპერიიდან არსებობს. კირალის მსგავსად, აქ მდებარე მთავარ აუზსაც რვაკუთხედის ფორმა აქვს და ლამაზი თაღის ქვეშ ექცევა. შეგიძლიათ სხვადასხვა სერვისებით ისარგებლოთ: აქ დაგვხდებათ ჯაკუზი, საუნა, არომატული ორთქლის აბანო და ცივი და ცხელი წყლების მონაცვლეობა, რაც იმუნური სისტემის გაძლიერებას ემსახურება.

ლუდის აბანო/The Beer Spa

ამ აბანოში თქვენ და თქვენს მეგობრებს შეგიძლიათ 45 წუთის განმავლობაში, თბილ წყალში იწვეთ და თან ლუდი მიირთვათ. აბაზანებში არსებული წყალი კანისა და თმისთვის ძალიან სასარგებლოა. ის სავსეა ვიტამინებითა და მინერალებით, რაც არეგულირებს სისხლის წნევას და ამცირებს კუნთების დაძაბულობას.

რუდასის თერმული აბანო/Rudas Thermal Spa

ეს კომპლექსი ტრადიციულ თურქულ აბანოს და რვაკუთხა გადახურულ აუზს მოიცავს. რუდასი ქალებისა და კაცებისთვის შაბათ-კვირასაა გახსნილი, სამშაბათობით მხოლოდ ქალებს ემსახურება, ხოლო დანარჩენ სამუშაო დღეებში კაცებს მასპინძლობს. აქ წყალში ყოფნისას ქალაქის ხედებით დატკბებით. აუცილებლად დააგემოვნეთ სპას წყალი – მინერალებით მდიდარი წყაროს წყალი.

დანდარი/Dandár

არტ-დეკოს სტილის საჯარო აბანო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დაზიანების გამო, რეკონსტრუქციას დაექვემდებარა და თერმულ სპად გაიხსნა. აქ 3 გარე და 2 შიდა აუზია, საუნა და ორთქლის ოთახი. ეს თერაპიული წყლები ართრიტს და ნერვის ანთებას კურნავენ. თუმცა, შეგიძლიათ უბრალოდ გასართობად ეწვიოთ.

პალატინუსის აბანო/Palatinus Bath

მარგარეტის კუნძულზე მდებარე ეს ღია აბანო ერთგვარი გასართობი პარკია. ის აერთიანებს ტალღების აუზს, წყლის არხებს, შადრევნებს, ჩამთრევ წყლის დერეფანს და ჯაკუზებს. წყლით გართობის გარდა, აქ საბავშვო მოედანიცაა, სადაც ბავშვები სხვადასხვა აქტივობით მიწაზეც კავდებიან.