კაფეტერიები ბუდაპეშტში დიდ პოპულარობას აღწევს, რადგანაც უნგრეთის დედაქალაქი ცნობილია ისტორიული ყავახანებით და კაფეებით. ეს ძველებური შარმის მქონე სივრცეები ცენტრალური ევროპის უნიკალური ადგილებია. ერთ დროს ბუდაპეშტის გრანდ კაფეებში დადიოდნენ ცნობილი მწერლები, არტისტები და რევოლუციონერები. კაფეებს შთამბეჭდავი ისტორია და სასიამოვნო ატმოსფერო აქვს. მიიღეთ რელაქსაცია ჭიქა ყავასთან ერთად და დატკბით ულამაზესი ინტერიერით.
1. ნიუ-იორკ კაფის ულამაზესი არქიტექტურა (New York Café)
როგორც კი ამ კაფეში შეაბიჯებთ, მიხვდებით თუ რატომაა ის შესული მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ყავის სახლების სიაში. მართალია ეს ბიუჯეტური სივრცე არაა, მაგრამ უბრალოდ ერთი ყავის აღებაც კი ღირს, რომ ამ გარემოთი დატკბეთ. თუ ადრიანად მიხვალთ, მაშინ როცა კაფე იღება, დილის 8 საათიდან, ხალხმრავლობას აიცილებთ თავიდან და ფოტოებსაც უფრო თავისუფლად გადაიღებთ.
2. კიდევ ერთი ისტორიული კაფე: Ruszwurm Cukrászda
მწვანე ბაროკოს ნაგებობაში მდებარე ეს კაფე უძველესი კაფეა ბუდაპეშტში. აქ უგემრიელეს ნამცხვრებს 1827 წლიდან ამზადებენ. სხვა კლასიკური ყავის სახლებისგან განსხვავებით, ეს საოჯახო კაფე თანამედროვე დიზაინის დეტალებით გამოირჩევა.
3. მოეწყვეთ მყუდროდ: Centrál Grand Cafe & Bar 1887
ეს არამხოლოდ ანტიკური ყავის სახლია, არამედ ბუდაპეშტის ლიტერატურული სცენის საკვანძო ადგილი მეოცე საუკუნის დასაწყისიდან. ამ კაფის განსაკუთრებული სიმყუდროვე და პირველ სართულზე მდებარე გალერეა ბელ-ეპოქის მწერლებს მუდამ იზიდავდა. კომუნისტური რეჟიმის გამო, მე-20 საუკუნეში ეს ცნობილი კაფე დიდხანს იყო დაკეტილი, თუმცა 1989 წელს ახლიდან გაიხსნა.
4. ლიტერატურის ისტორია: Hadik Kávéház
ეს კლასიკური ყავის სახლი თანამედროვე ტრენდებთანაა ინტეგრირებული. ის 1911 წელს გაიხსნა არტ-ნუვოს დიზაინის შენობაში და მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული ლიტერატურული კაფის სტატუსს ფლობდა. ცნობილი უნგრელი მწერლები და ჟურნალისტები ლიტერატურულ საღამოებში მონაწილეობდნენ.
5. შეუკვეთეთ ნამცხვარი: Gerbeaud
ეს კაფე კი 1870 წელს გაიხსნა და მალევე გახდა ფრანც ლისტის თუ იმპერატორ ელისაბედის საყვარელი ადგილი. აქ დღემდეა შენარჩუნებული არისტოკრატიული ატმოსფერო. აუცილებლად შეუკვეთეთ საფირმო ნამცხვარი: Gerbeaud Cream Cake.
6. გამორჩეული სიდიადე: Astoria Café
ბუდაპეშტის უძველესი სასტუმრო ასტორია, რომელიც 1914 წელს გაიხსნა, დღეს გვთავაზობს კაფეს, სადაც უკან წარსულში გადაინაცვლებთ. თაღები, სარკეები და ჭერის დეტალები სრულიად სხვა ეპოქიდანაა. ჩვენ გირჩევთ შეუკვეთოთ ნამცხვრები: Dobos ან Esterházy შავ ყავასთან ერთად.