ყველას სმენია სიცილიის, სარდინიის და კაპრის შესახებ, მაგრამ იტალიას მათ გარდა კიდევ ბევრი კუნძული აქვს. იტალიელებს უყვართ თავიანთი კუნძულები და საზაფხულო დასვენებებისთვის სწორედ ისეთებს ირჩევენ, სადაც ტურისტები არ დადიან.
Favignana/ფავინიანა
სიცილიის დასავლეთ სანაპიროდან ბორნით 1 საათის გზაზე მდებარე ფავინიანა ეგადის კუნძულების ნაწილია. აქ ქვიშიანი სანაპიროები და პატარა ფარული გამოქვაბულებია. აქ ტირენეის ზღვის სუფთა, ფირუზისფერი წყლებია. შეგიძლიათ იქირაოთ პატარა ნავები.

Marettimo/მარეტიმო
ეს პატარა მომხიბვლელი, მანქანებისგან თავისუფალი მარეტიმო ეგადის კუნძულებიდან ყველაზე მოწყვეტილია. აქ ნახავთ ზღვის გამოქვაბულებს, იცურავებთ ქვიან სანაპიროზე და დაისვენებთ ჩრდილიან ტერასებზე. აქ დაივინგის და სნორკელინგის დაუვიწყარ გამოცდილებასაც მიიღებთ. მარეტიმოზე ბორნები დადიან სიცილიის ქალაქ ტრაპანიდან.

სალინა
სალინა ორი ვულკანისგან ჩამოყალიბდა. ის სიცილიის ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს და ტკბილი ღვინითაც ცნობილია. სანტა მარინა პორტი და მთავარი ჰაბია, ნავების ქირაობით გამოიკვლევთ გარშემო არეალს, დააგემოვნებთ ზღვის პროდუქტებს და დატკბებით კუნძულის ხედებით. ბორნები სალინაში მილაზოდან დადიან.

პანარეა
ფოტოგენური პანარეა 1960-იან წლებში გახდა პოპულარული და დღემდე ცნობილ ადამიანებს იზიდავს ჰოლივუდიდან და არა მარტო. ამ მდიდრულ კუნძულზე ბევრი იახტა მდებარეობს. მანქანებისგან თავისუფალ პანარეაზე მხოლოდ ფეხით შეძლებთ მოძრაობას. იქირავეთ ტრადიციული ხის ნავი გამოქვაბულების და მიკრო კუნძულების გამოსაკვლევად. პანარეამდე გაყვებით ბორანს ნეაპოლიდან ან მილაზოდან.

პანტელერია
ეს კუნძული ტუნისთან უფრო ახლოსაა, ვიდრე იტალიასთან. მართალია აქ ბევრი სანაპირო არაა, მაგრამ პანტელერია გამორჩეულია ვულკანური აქტივობით. ელოდეთ ტალახის აბაზანებს და ბუნებრივ საუნებს. ერთ-ერთი მათგანია: Grotta del Bagno Asciutto. პანტელერიაზე შეგიძლიათ გადაფრინდეთ პალერმოდან და ტრაპანიდან სულ რაღაც ნახევარ საათში.

ვულკანო/Vulcano
ბევრი მოგზაური ამ კუნძულზე აქტიური ვულკანის სანახავად მიემართება და იმისათვის, რომ მის ცნობილ ტალახის აბაზანებში განიტვირთოს. ტალახს თერაპიული მიზნებით ღია ცის ქვეშ აუზში დაგახვედრებენ და შემდეგ შეგიძლიათ პირდაპირ ზღვაში ჩახტეთ. ბორნები აქ მილაზოდან დადიან. მგზავრობის ხანგრძლივობა 1 საათია.

პონზა
პონტინის კუნძულების უდიდესი კუნძული პონზა ტირენეის ზღვაში რომსა და ნეაპოლს შორის მდებარეობს. მის გარშემო ბევრი ანტიკური მითი და ლეგენდა არსებობს. მთავარი სანაპიროა: Spiaggia di Frontone, რომელზეც ნავი-ტაქსით მოხვდებით პორტიდან. პონზაში მოხვედრა კი რომთან მდებარე ქალაქიდან, ანციოდან ბორნითაა შესაძლებელი.

პროჩიდა/Procida
კაპრის და ისკიას ჩრდილქვეშ მოქცეული პროჩიდა ცნობილია მისი ლიმნებით და სასიამოვნო ადგილია სამოგზაუროდ. კუნძულის ნამდვილი სულის შესაგრძნობად მიაკითხეთ კორიჩელას ნავსადგურს და მოინახულეთ პასტელური ფერის სახლები. ადით ტერა მურატას ციხესიმაგრეზე საიდანაც ექსტრაორდინალური ზღვის ხედები იშლება. საუკეთესო გზა პროჩდას გამოსაკვლევად სკუტერის ან ველოსიპედის ქირაობაა. აუცილებლად დააგემოვნეთ პროჩიდას სალათი. კუნძულამდე გაყევით ბორანს ნეაპოლიდან ან პოზუოლიდან.

ლა მადალენა/La Maddalena
ბორანს რომელიც კუნძულ მადალენაზე პალაუდან, სარდინიის ჩრდილოეთ სანაპიროდან მიდის, 20 წუთი სჭირდება. ცენტრში ცოცხალი პორტია მაღაზიებით და ბარ-რესტორნებით. ასევე, შეგიძლიათ გამოიკვლიოთ უამრავი ულამაზესი სანაპირო და იცურაოთ სუფთა წყლებში.

ელბა
კუნძული, რომელიც იტალიელებს საზაფხულო არდადეგებისთვის იხმობს, ელბაა. ეს უდიდესი კუნძულია ტოსკანას არქიპელაგზე. ნაპოლეონ ბონაპარტი სწორედ აქ იყო 1 წლით გადახვეწილი და მის ვილებსაც მოინახულებთ. გემრიელი ჟელატოსთვის ბულვარში გაისეირნეთ. თუ საბაგიროს მონტე კაპანზე აყვებით, ნახავთ ხედებს, რომლებიც კორსიკასაც კი სწვდება. აქ მოხვედრა მთელი წლის მანძილზეა შესაძლებელი პიომბინოდან.











