კაპრის კუნძული ბევრი მიზეზის გამოა ცნობილი. ის ბუნების სილამაზით, გემრიელი სამზარეულოთი და შოპინგისთვის განკუთვნილი პუნქტებით გამოირჩევა. ეს არის ადგილი, რომელსაც ვარსკვლავები ხშირად სტუმრობენ. აქ კრიალა წყალი, პასტელის ფერად შეღებილი სახლები და კლდეები დაგხვდებათ. ჩვენ წარმოგიდგენთ მიზეზებს, თუ რატომ უნდა ეწვიოთ კაპრის იტალიაში ყოფნისას.

  • იმიტომ, რომ უყუროთ სამყაროს პიაცეტადან

ამ ცნობილ მოედანს ოფიციალურად პიაცა უმბერტო 1 ეწოდება. ადგილობრივები კი მას პიაცეტას უწოდებენ. აქ საათის კოშკი ყოველ 15 წუთში რეკავს. შეგიძლიათ დაიწყოთ დილა კაპუჩინოს დალევით ან დაასრულოთ ღამე გემრიელი სასმლით. აქ განლაგებული კაფე-რესტორნები სადილის პერიოდში ყველაზე დატვირთულია.

  • იმიტომ, რომ მოიხიბლოთ ბუნების სილამაზით წყლიდან

ზაფხულის ცხელ დღეს კაპრის სანაპიროები სავსეა, ასე რომ უკეთესია თუ ხედებს წყლიდან, ნავზე მოკალათებით დააკვირდებით. გაატარეთ რამდენიმე საათი ქვის უბეებში და ზურმუხტისფერ ღრმულებში. თუ ცოტა დრო გაქვთ, შედარებით დიდი იახტების ტურებს შეუერთდით, რომლებიც კუნძულს გარშემო მხოლოდ 1 საათის მანძილზე უვლიან.

  • იმიტომ, რომ მიიღოთ რუჯი სანაპიროს კლუბებში

კაპრიზე სანაპიროზე გასვლა განსხვავებული გამოცდილებაა. გრძელი, ცარიელი ქვიშიანი სანაპიროს ნაცვლად, სადაც პირსახოცს ნებისმიერ ადგილას მიაგდებთ, აქ ორგანიზებული ტერიტორია დაგხვდებათ. ლაუნჯები და ქოლგები იდეალურ რიგებად ნაწილდებიან და წვრილ ყურეებში გრძელდებიან. სანაპიროს კლუბებს აქვთ დასასვენებელი სივრცეები და რესტორნები. მეტი ბიუჯეტურობისთვის, მიაკითხეთ მარინა პიკოლას: იქ 3 პატარა სანაპიროა.

  • იმიტომ, რომ იხილოთ განსაცვიფრებელი ცისფერი ლაგუნა

ცნობილ ცისფერ ღრმულს ვიზიტორები რომაელი იმპერატორის, ტიბერიუსის პერიოდიდან სტუმრობენ, რომელსაც ისე უყვარდა ეს ადგილი, რომ ის სკულპტურებით შეამკო. ცისფერი ლაგუნას საოცარი ოპტიკური ეფექტი მზის სინათლეს გამოქვაბულის კედლებზე ირეკლავს და წყალს მკაფიო ლურჯ ფერს ანიჭებს, რომელიც ბზინავს. ნავის ტურებს შესასვლელში დაჯავშნით.

  • იმიტომ, რომ დაათვალიეროთ ფარაგლიონი

მასიური ქვის ფორმაციები პირველია, რაც აქ სტუმრობისას თვალში მოგხვდებათ. კარგ ამინდში ფარაგლიონს ამალფის სანაპიროდანაც დაინახავთ, პოზიტანოდან და პრაიანოდან. ტრაგარას ბოლოში კი შთამბეჭდავი ხედები დაგხვდებათ ავგუსტუსის ყვავილოვანი ბაღიდან.

  • იმიტომ, რომ დატკბეთ ხედით ანაკაპრის კუნძულიდან

კაპრის კუნძულზე ორი ქალაქია. ვიზიტორების უმეტესობა კაპრის ქალაქს სტუმრობს, რომელიც ცნობილია ისეთი ადგილებით, როგორებიცაა პიაცეტა, მარინა პიკოლა და მაღაზიებით სავსე ქუჩები. კუნძულის მეორე მხარეს ავტობუსით ან ტაქსით მოხვდებით. ანაკაპრი უფრო დასახლებული და განსხვავებულად ცოცხალი ქალაქია.

  • იმიტომ, რომ გასინჯოთ ავთენტური სალათი

პომიდვრით, მოცარელათი, არომატიული რეჰანით და ზეითუნის ზეთით შეზავებული აქაური სალათი აუცილებლად გასასინჯი კერძია, როცა კაპრიზე მოხვდებით. მას ყველა მენიუში იპოვნით. თუ გეჩქარებათ, შეიარეთ პატარა გასტრონომიულ მაღაზიაში და შეუკვეთეთ პანინო წასაღებად.

  • იმიტომ, რომ დააგემოვნოთ აქაური პიცა

მართალია, პიცის დაბადების ადგილი ნეაპოლია, მაგრამ ნეაპოლიდან კაპრიში ნავით 1 საათში მოხვდებით და არ უნდა დატოვოთ ეს კუნძული ისე, რომ უგემრიელესი პიცა არ გასინჯოთ.  შეისვენეთ ზღვის პროდუქტებისგან და დააგემოვნეთ პიცა მარგარიტა ცივ ლუდთან ერთად.

  • იმიტომ, რომ საჭმელს გემრიელი დესერტი, ტორტა კაპრიზი დააყოლოთ

კუნძულის ყველაზე ცნობილი დესერტი შოკოლადის ნამცხვარია ნუშით, მუქი შოკოლადით, შაქრით და კვერცხით. ეს უგლუტეინო ტკბილეული ნამცხვრების მოყვარულებს ნამდვილად მოგეწონებათ.

  • იმიტომ, რომ დაინახოთ ვარსკვლავები მარინა პიკოლაზე

ყოველ ზაფხულს, მარინა გრანდეს პორტი ცნობილი ადამიანებით ივსება. აქ ძვირადღირებულ იახტებს შენიშნავთ. კაპრი ვარსკვლავებში 1950 წლიდანაა პოპულარული, იმ დროიდან, როცა მას ჟაკლინ კენედ ონასისი, ელიზაბეტ ტეილორი და სოფი ლორენი სტუმრობდნენ. დღეს აქ ბიონსეს, დიზაინერი ვალენტინოს, ლენი კრევიცის და სხვების იახტებს შენიშნავთ.

  • იმიტომ, რომ ილაშქროთ სანაპირო გზებზე

კაპრის ბევრი ველური და მოწესრიგებული სასეირნო ბილიკი აქვს. პიზოლუნგო, რომელიც მოიცავს კიბეებს და რიყის მოკირწყლულ ბილიკებს, არკოს თაღიდან ანტიკურ ტყის გამოქვაბულში გაგიყვანთ, თანამედროვე არქიტექტურის შედევრის კასა მალაპარტეს გავლით კი ფარაგლიონზე გადაგახედებთ. ანაკაპრის სალაშქრო ბილიკი კი შუქურადან მზის ჩასვლის ლამაზი პანორამით მოგხიბლავთ. თუ უფრო რთულ ბილიკს ეძებთ, ადით ფინიკიურ ქვის კიბეებზე, რომელიც ანაკაპრის მარინა გრანდესთან აკავშირებს.

  • იმიტომ, რომ გაერთოთ იტალიის ყველაზე ცოცხალ კლუბებში

კაპრი გვიანი ღამის ქალაქია. ღამის ცხოვრება აქ პიაცეტას და კიზიანას გარშემო ვითარდება. დაიწყეთ რომელიმე ბარში საღამო კოქტეილით, იქამდე სანამ კლუბში შეხვალთ. ერთ ხრიკს გაგიმხელთ: დაიძინეთ შუადღეს, რათა ღამე დიდხანს შეძლოთ გართობა.

შეგიძლიათ ღამით ნეაპოლის სასტუმროში დარჩეთ.