საბერძნეთი ცნობილია კულტურით, საკვებით, სალაშქრო ლოკაციებით, ხელოვნებით და რა თქმა უნდა, სანაპიროებით და კუნძულებით. ჩვენ წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებიც თქვენს მოგზაურობას საბერძნეთში დაუვიწყარს გახდის!
1. აირჩიეთ სეზონი გონივრულად!
თქვენი გამოცდილება საბერძნეთში დამოკიდებულია თუ როდის ესტუმრებით მას. ზაფხული საუკეთესოა მოქმედებისთვის, ოჯახური გართობისთვის და ხმელთაშუა ზღვაში ცურვისთვის. მაგრამ, ამ დროს ფასები მაღალია და ადრიანად დაჯავშნა აუცილებელია. გაზაფხული და შემოდგომა იდეალურია – ფასები დაბალია, ოთახები და რესურსები კი ბევრად ხელმისაწვდომი. ზამთარი ყველაზე ბიუჯეტურ მოგზაურობას გთავაზობთ, სასიარულო და სალაშქრო სეზონს.
2. პრიორიტეტად მიიჩნიეთ თქვენი სურვილები და შექმენით გეგმა
დიდი ტური გსურთ, რომელიც საბერძნეთის აუცილებლად სანახავ ღირსშესანიშნაობებს მოიცავს თუ ამჯობინებთ ფოკუსირება მოახდინოთ საყვარელი კუნძულების და რეგიონების გამოკვლევაზე, როგორიცაა მაგალითად, პელოპონეზი? აირჩიეთ ის, რაც თქვენთვისაა მნიშვნელოვანი: დასვენება სანაპიროებზე, საბერძნეთის ისტორიის და კულტურის შეცნობა მუზეუმების და ნანგრევების დათვალიერებით, ველური ცხოვრების გაცნობა თუ წვეულებები დილამდე. ამის მიხედვით დაგეგმეთ.
3. იპოვნეთ იდეალური კუნძული ან რეგიონი თქვენთვის
საბერძნეთი ბევრნაირ მოგზაურობას გვთავაზობს, მრავალფეროვანი მარშრუტებით, რადგანაც აქ ყველა კუნძული განსხვავებულობით და უნიკალურობით გამოირჩევა. ყველაფერს ერთ ჩასვლაზე ვერ ნახავთ და თუ ამას მოინდომებთ, ძალიან დაისტრესებით. არც იმით მოტყუვდეთ, რომ მხოლოდ დიდი კუნძულები იმსახურებენ თქვენს ყურადღებას. მიკონოსის, სანტორინის და სხვა დიდი სახელების მიღმა, შედარებით უცნობი და ულამაზესი ასობით კუნძულია. მაგალითად, ამორგოსი და კითირა. ისინი ნაკლებად დატვირთული და იაფიცაა.
4. ათენი ერთადერთი გზა არაა საბერძნეთში მოსახვედრად
მართალია, ათენი მოსახერხებელია რომ საბერძნეთის ნებისმიერ წერტილში მოხვდეთ, მაგრამ აეროპორტები მთელ ქვეყანაშია გაფანტული. მათ შორის თესალონიკში, მიკონოსზე, სანტორინიში და კორფუზე. თუ სასურველი მოსანახულებელი ადგილი ათენთან ახლოს არ მდებარეობს, შეგიძლიათ სხვა აეროპორტებით ისარგებლოთ.
5. პიკის სეზონზე დაჯავშნეთ ყველაფერი ნაადრევად
ამ დროს ფასები და სერვისებზე მოთხოვნადობა მაღალია, ბორნებით მგზავრობის ღირებულებაც იმატებს. საბერძნეთი ცნობილი საზაფხული მიმართულებაა, ამიტომაც დაიჭირეთ თადარიგი.
6. საბერძნეთის სამანქანო გზები გამოცდილი მძღოლებისთვისაა
გზებზე მომხდარი ფატალური შემთხვევების რაოდენობით, საბერძნეთი ევროპაში საკმაოდ მაღალი რიცხვით გამოირჩევა. გადასწრება აქ ავარიების მთავარ მიზეზად სახელდება. თუ მანქანის ქირაობას გადააწყვეტთ, იყავით ფრთხილად. აღსანიშნავია, რომ კუნძულებზე დადიან ისეთი ბორნებიც, რომლებსაც მანქანები გადაჰყავთ.
7. ისწავლეთ ბერძნული მარტივი ფრაზები
ბერძნული რთული ენაა სასწავლად, მაგრამ რამდენიმე წინადადების და მისალმების სწავლა ბერძნების თვალში ბევრად აგამაღლებთ და პატივისცემას დაიმსახურებთ. ზოგადად, ტურისტულ ადგილებში ყველამ იცის ინგლისური.
8. ატარეთ ქეში და არ ენდოთ მხოლოდ ბარათებს ან ბანკომატებს
როგორც ევროკავშირის წევრი, საბერძნეთი ევროს იყენებს. რესტორნებში როგორც წესი, სერვისის მომსახურეობა მთლიან ანგარიშში შედის და ჩაის არც ელოდებიან, მაგრამ პატივისცემის გამოხატულებაა თუნდაც ხურდა ფულის დატოვება. ტაქსის მძღოლები ელიან, რომ გადასახადს დაუმრგვალებთ და ისე მისცემთ. ბელბოები კი სასტუმროს ნომერში ბარგის ატანის შემდეგ, 1-დან 3 ევრომდე იღებენ. ბანკომატს ყველა დიდ ქალაქში მიაგნებთ, მაგრამ ისინი შესაძლოა არ იყოს ან ხარვეზით მუშაობდეს კუნძულებზე. ამიტომაც, ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ბარათს და გქონდეთ საკმარისი ქეში დიდი ქალაქებიდან გასვლისას.
9. სვით წყალი და გახსოვდეთ რამდენად ძლიერია მზე
ონკანის წყალი არაა უსაფრთხო საბერძნეთის კუნძულებზე. ატარეთ თან ბოთლის წყალი ორგანიზმის დატენიანებისთვის. ბევრი ტურისტი ვერ იაზრებს თუ რამდენად შეიძლება ცხელოდეს საბერძნეთში და აქ ყოფნისას სერიოზულ დამწვრობას იღებს.აუცილებლად იქონიეთ თან SPF-ის კრემი.
10. ადგილი შეიძლება ჰქონდეს ჯიბის ქურდობას ტურისტულ ადგილებში
დიდი ქალაქების დატვირთულ ადგილებში და პოპულარულ სანაპიროებზე ფრთხილად იყავით პირად ნივთებთან. სჯობს თუ პასპორტს სასტუმროში დატოვებთ და თან არ ატარებთ. ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჩანთას. თუ მცირე ქურდობა მაინც შეგემთხვათ, საბერძნეთის ტურისტულ პოლიციას მიაკითხეთ, რომლებიც გიშუამდგომლებენ პოლიციასთან. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ტაქსის მძღოლები ხანდახან ხელოვნურად უმატებენ ფასს აეროპორტისა და ქალაქის ცენტრს შორის. ამიტომაც, დარწმუნდით რომ მთვლელი მუშაობს ან შეუთანხმდით ფასსზე მანამდე.