იცით როგორ გამოიყურება ბერძნული კუნძულების ტიპური ხედი? ტაძრები ლურჯი სახურავით, სახლები თეთრი კედლებით და მბზინვარე ხმელთაშუა ზღვა – ეს სანტორინია! ჩვენ წარმოგიდგენთ საუცხოო ადგილებს ამ საუცხოო ადგილას.
იმეროვილი/Imerovigli
იმეროვილს „კუნძულის აივანს“ უწოდებენ. კლდეზე გადმოკიდული ქალაქი საოცარ პანორამულ ხედებს გვთავაზობს, მათ შორის ვულკანზეც. შეგიძლიათ მოინახულოთ მე-13 საუკუნის ვენეციური სასახლის ნაშთები, იქამდე სანამ ადგილობრივ გემრიელ კერძებს მიირთმევთ. სკაროსის თევზის ტავერნა საუკეთესოა მზის ჩასვლაზე დასაკვირვებლად.
ოია/Oia
სანტორინიში ყველა მეტ ფოტოს სწორედ ამ პატარა სოფელში იღებენ. არ გამოგრჩეთ ოიას პორტი, საიდანაც მოწითალო რიფები ჩანს. თუ საკმარისად მამაცი ხართ, აქ კლდეზე ცოცვაც შეგიძლიათ გამოსცადოთ. უნიკალური გამოცდილებისთვის ეწვიეთ ატლანტის წიგნის მაღაზიას, რომელიც გამოქვაბულში მდებარეობს.
ფირა/Fira
სანტორინიზე საშოპინგო ადგილი ფირაა. აქ ტრადიციულ პროდუქციას, სუვენირებს და ხელნაკეთ ნივთებს შემოგთავაზებენ. ფირას მუზეუმში კუნძულის ისტორიას შეისწავლით, რესტორნებში კი ბერძნულ გასტრონომიას შეაფასებთ.
ემპორიო/Emporio
ემპორიო სანტორინის ყველაზე დიდი სოფელია. თეთრი სახლები და ლურჯსახურავიანი ეკლესიები ერთმანეთს წვრილი ხეივნებით უკავშირდებიან. გაისეირნეთ გავრილოს მთაზე, სადაც ქარის წისქვილები დაგხვდებათ. ერთ-ერთი მათგანი აუზადაა გადაკეთებული და უჩვეულო რელაქსაციას გპირდებათ. ასევე, მოინახულეთ ცნობილი ტყე, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს მოძრაობს.
აკროტირი/Akrotiri
მე-17 საუკუნეში აკროტირი ვულკანური მტვერით იყო დაფარული, ამიტომაც დამსახურებულად მიიღო ზედმეტსახელი „ეგეოსის პომპეი”. სოფელს წითელი სანაპირო აქვს, რომელიც მარსის ზედაპირს მოგაგონებთ. შეიარეთ თევზის ტავერნაში, სადაც იმავე დღეს დაჭერილ თევზებს გთავაზობენ.
პერისა/Perissa
მთის ქვეშ არსებული რამდენიმეკილომეტრიანი შავი ქვიშა სანტორინის ყველაზე გრძელ სანაპიროს ქმნის. ადრენალინის მოყვარულებს აქ სხვადასხვა წყლის სპორტით შეუძლიათ დაკავება. ისტორიით დაინტერესებულები კი მინერალების მუზეუმს უნდა ეწვიონ.
კამარი/Kamari
კამარი მაღაზიების, კაფეების და ტავერნების სოფელია, სადაც მუდამ ცოცხალი ბერძნული სიმღერები ისმის. დააგემოვნეთ ღვინო ღვინის მუზეუმში, რომელიც გამოქვაბულში მდებარეობს.
მეგალოქორი/Megalochori
ამ სოფლის ცენტრში მდებარე დიდ მოედანზე შეგიძლიათ ყავით ხელში დააკვირდეთ თუ როგორ თამაშობენ ადგილობრივები ტრადიციულ თამაშს კამათლებით. მეგალოქორიში კუნძულის ერთ-ერთი უძველესი მარანი მდებარეობს. ღვინის დაგემოვნება არც აქ უნდა დაიზაროთ.
პირგოსი/Pyrgos
პირგოსი უკან, წარსულში გამოგზაურებთ. დღისით ქუჩებში შეკრებილი ადგილობრივები ბერძნულ ტრადიციულ კულტურას გაზიარებენ. თუ მთაზე ახვალთ, ვენეციურ კოშკს – პირგოს კასტელის მოინახულებთ. საღამოს შეგიძლიათ ესტუმროთ ფრანკოს ბარს და კლასიკური მუსიკის ფონზე მზის ჩასვლით დატკბეთ.