საბერძნეთის კლდოვანი კუნძულები, ევროპის ყველაზე სასურველ დასასვენებელ ადგილებს შორის ნამდვილად მეფობენ! აქ მოხვედრისას თავს ნამდვილად სამოთხეში იგრძნობთ. სტატიაში ყველა იმ პოპულარულ კუნძულს წარმოგიდგენთ, რომელსაც საბერძნეთი გვთავაზობს.

დაათვალიერეთ კუნძულები “SamBoat”- ის იახტის ერთი დღით დაქირავებით – ამისათვის გამოცდილება საჭირო არ არის. ალტერნატივის სახით, დაჯავშნეთ “Dream Yacht Crater” – ის ერთკვირიანი ბერძნული სანაოსნო არდადეგები.

კორფუ


პოსეიდონის მითიური მიწა და ძველი ფეაკელების სახლი, იონიის ზღვაში მდებარეობს: ათასგვარი ქვიშის სანაპიროებითა და კენჭებით მოფენილი უბეებით, იუნესკოს მიერ აღიარებული სოფლებითა და გამოკვეთილი ქარაფებით. მართალია, კორფუს მივარდნილი ადგილები უდავოდ დიდებულია, მაგრამ პოპულარული ადგილები, როგორიცაა ანგელოკასტროს ციხესიმაგრე, ვლაქერნას მონასტერი და მანდრაკის ზღვისპირა ესპლანადა, მნახველს უფრო მეტად გაოცებულს ტოვებს.

კრეტა

კრეტა უძველესი, დანგრევის პირას მყოფი ნავსადგურებისა და ვენეციური თვალწარმტაცი საპორტო ქალაქების ნაზავია, რომელიც სავსეა მჩქეფარე ტავერნებით. კუძულზე ზეთისხილის დიდებული ხეივანი, მზემოკიდებული კონცხები და ღრმად შეჭრილი კანიონებია. ასევე, აქ დაგხვდებათ ველური, კლდოვანი სანაპიროები: ფალასარნა და ელაფონისი ლიბიის ზღვაზე. ხოლო ჰერაკლიონის სიახლოვეს, ხმაურიან და სიცოცხლით სავსე სანაპიროებს აღმოაჩენთ.

დელოსი

საბერძნეთის დიდებული წარსულის ნაშთების აღმოსაჩენად, დელოსი ერთ-ერთი საყოველთაოდ აღიარებული ადგილია. ტერიტორიის დიდი ნაწილი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია, არამედ აქ არქეოლოგიური გათხრებისა და უძველესი ნანგრევების არეალიც უფრო დიდია, ვიდრე რეგიონის სხვა რომელიმე კუნძულზე. ღირსშესანიშნაობებს შორის არის “ლომების ტერასა” და დელოსის დიდებული თეატრი. აქ ასევე დაგხვდებათ ფანტასტიკური არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც კუნძულის მითიურ ისტორიას მოგვითხრობს, აპოლონისა და არტემისის დაბადების და ათენის იმპერიის შესახებ.

სიმი


პაწაწინა სიმი ერთი ბეწოსავით მოჩანს საბერძნეთის ეგეოსის ზღვის რუკაზე, თუმცა, იგი ერთ-ერთ ულამაზეს კუნძულად არის აღიარებული. „Pièce de résistance“ სიმისა და ქალაქ ანო სიმის ფერადი ნავსადგურია, რომელიც მზის ქვეშ ყვითელ, ვარდისფერ, ლურჯ და ჟანგისფერ ტონებში ელვარებს. ცხადია, აქ უამრავი თვალს მოფარებული სანაპიროა, სადაც ახლომდებარე ტავერნებიდან ახლადმომზადეული კრევეტების კერძების სასიამოვნო სუნი აღწევს, ხოლო აღმოსავლეთიდან თურქეთიდან მონაბერი მსუბუქი ნიავი ქრის.

სანტორინი


ტურისტული მიმართულების ბერძნული ჩარტების ლიდერი – სანტორინი, ღია ბარათებისა და სამოგზაურო ბროშურების პოპულარული თემაა. კუბისტური სოფლები – ოია და ფირა, თითქოს კუნძულის ვულკანურ კლდეებზე ჩამოკიდეს. აქ ასევე დაგხვდებათ უაღრესად საინტერესო ისტორიული ადგილები, როგორიცაა პრეისტორიული თერას მუზეუმი და არქეოლოგიური გათხრების ადგილი მინოსურ აკროტირთან. აქტიური დასვენების მოყვარულები აქ აკვალანგით ყვინთვისთვის ბევრ ადგილს აღმოაჩენთ, სიმშვიდისთვის კი უბრალოდ დააგემოვნეთ ბერძნული კერძები.

ქიოსი

საბერძნეთში მოგზაურობისას ნუ დაჩაგრავთ აქტიურობას მოკლებულ პატარა ქიოსს. მართალია პრესის გამოხმაურებას ის ისე ვერ იღებს, როგორც სანტორინი ან კორფუ, და შესაძლოა არც კრეტასნაირი ლეგენდარული ქვიშიანი სანაპიროებით იკვეხნიდეს, თუმცა ის ნამდვილად არის საკმარისი. ამ კუნძულზე დაგხვდებათ შუა საუკუნეების მომხიბლავი მთიანი სოფლები, ნამდვილად ხელუხლებელი სანაპირო ზოლი და ზღვისგან დაშორებული ვრცელი, უდაბური პეიზაჟები. როდესაც მეჩხრად დასახლებული ადგილები ცოტა მოსაბეზრებელი გახდება, ყოველთვის შეგიძლიათ გაემართოთ ნეა მონის მონასტრის ნატიფი მოზაიკის მისაგნებად, რომელიც კონსტანტინე IX- ის ხანის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

კეფალონია


იონიის კუნძულებიდან ყველაზე დიდი – კეფალონია ნამდვილი სამოთხეა ბუნების მოყვარულებისა და იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის ამ მყუდრო კუთხეში ავთენტურ სოფლებს ეძებენ. „კაპიტან კორელის მანდოლინა“- ში კუნძულს საუცხოოდ ასხამს ხოტბას ლუი დე ბერნერი. აქ არის მეთევზეების პატარა ქალაქები: არგოსტოლი და ფისკარდო, არომატული ზეთისხილის პლანტაციები და ნაძვებით შემოსილი ენოსის მთის მაღლობები. თუმცა, კეფალონია ყველაზე მეტად შთამბეჭდავი სანაპირო ზოლით მიგვიზიდავს, სადაც ცარცივით თეთრი ციცაბო კლდეები კრისტალივით სუფთა წყალში დნება, ხოლო სკალასა და მირტოსის მოლიცლიცე სანაპიროები კიპაროსის ხეებითა და უსწორმასწორო კლდეებითაა გარშემორტყმული.

მიკონოსი

ციკლადის კუნძულებიდან ყველაზე თავბრუდამხვევი კუნძული, და ამავდროულად საბერძნეთის ეგეოსის ზღვის ერთ-ერთი მარგალიტი – მიკონოსი, უამრავ მოგზაურს და მზის მოყვარულს იზიდავს. მოტორიანი ნავით ყოველდღიური მიმოსვლა და ნახევარსაათიანი ფრენები ათენიდან კიდევ უფრო ზრდის მიმოსვლიანობას. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუნძულის მთავარი მიმზიდველობა ალბათ ყოველთვის ქალაქ მიკონოსის ჰედონისტური მხარე იქნება, აქ ასევე დაგხვდებათ ჩორას მომნუსხველი ქარის წისქვილები, ელიას სანაპიროს თბილი ქვიშა და ანო მერას იდუმალი, თეთრად შეღებილი მონასტრები. მოკლედ, აუცილებლად ეწვიეთ “საბერძნეთის იბიცას!”

კოსი

დოდეკანესის შორეულ მიდამოებში, აღმოსავლეთით, თურქეთის ბოდრუმის მჩქეფარე ქუჩებიდან ნავით მცირე სავალზე, კუნძული კოსი ეგეოსის ზღვის წყლებში ძვირფასი ქვასავით ბრწყინავს. მისი მეჩხერად დასახლებული ადგილები ლეღვის ხეივანითა და ზეთისხილის პლანტაციებითაა მორთული; კუნძული ასევე დაფარულია უცნაური ფორმის მთების ჯაჭვითა და ქარისგან დაუცველი ქვიშის დიუნებით, რომლებიც გზას უთმობენ ისეთ სანაპიროებს, როგორიცაა პოპულარული ლამბი და განმარტოებული ლიმნიონასი. აქ ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ტრადიციული თურქული და ბერძნული კერძები ანტიკურ ნანგრევებსა და გენუის ციხესიმაგრეებს შორის.

ლეფკადა

იონიის ზღვის წყლებიდან წარმოქმნილი ერთ-ერთი ყველაზე განცალკევებული ტურისტული მიმართულება – ლეფკადა, მყუდრო გასაქცევია, რომელიც იდეალურია იმ მოგზაურებისთვის, საბერძნეთის კუნძულის სოფლური ცხოვრებისთვის თვალის შევლებას რომ ცდილობენ. რადგანაც ის იონიის არქიპელაგის ერთ-ერთი დიდი მხარეა, კუნძულის სიღრმეში ვრცელი მთები და შემაღლებული სოფლებია, რომლებიც გარშემორტყმულია ღვიის ხშირი ტყეებით, ზეთისხილისა და კიპაროსის ხეივნებით. უფრო მეტიც, აღმოსავლეთ სანაპირო მთელ რიგ ლამაზ, დამალულ ზღვის უბეებსა და მეთევზეთა ძველებურ სოფლებს მოიცავს, როგორებიცაა პორტო კაციკი და კალამიცის სანაპირო, ასევე, სახელდახელოდ მოწყობილ ტავერნებს, რომელთაც წესრიგში მოჰყავთ ფირუზისფერი სანაპირო.

ზაკინტოსი

ზაკინტოსი, რომელიც ცნობილია საოცარი „გემის ჩაძირვის“ ყურითა და ლაგანასისა და კალამაკის ლეგენდარული ქუჩებით, საბერძნეთის კუნძულებზე დამსვენებლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ მიმართულებად რჩება. ბუნების მოყვარულებისთვის შესანიშნავი არჩევანია ჩრდილოეთის ველური მთები და კუს სანაპიროები, უბრალო კაფეები და ვასილიკოსის ნახევარკუნძულის კლდოვანი ყურეები, ხოლო წვეულებების მოყვარულები სამხრეთისა და აღმოსავლეთის ხმაურიანი ქალაქებისკენ გაემგზავრეთ.

სკიათოსი


მცხუნვარე სკიათოსმა ერთგული თაყვანისმცემლები გაიჩინა მას შემდეგ, რაც 1960-იან წლებში პირველად გამოვიდა ეგეოსის კუნძულების ტურიზმის წინა პლანზე. სკიათოსზე ერთხელ მოხვედრისას მას ვეღარ უღალატებთ. ადვილი მისახვედრია რატომაც: ესაა კუნძული ფიჭვის ვრცელი ტყეებითა და მოციმციმე სპილოსძვლისფერი ქვიშით, თეთრად შეღებილი ულამაზესი სოფლებითა და უსასრულოდ გადაჭიმული ლაჟვარდისფერი ზღვით. თუ სკიათოსით აღფრთოვანებული ხართ, ხელიდან არ გაუშვათ ჩრდილოეთით მდებარე ლალარიას ქარაფები და კლდოვანი თაღები, ანდაც დანგრევის პირას მყოფი ბიზანტიური ციხესიმაგრეები, რომლებიც ქალაქის ირგვლივაა მიმოფენილი.