დასავლური ცივილიზაციის სიმბოლო – ათენი, არსებობის 3000 წელზე მეტს ითვლის. ამიტომაც, სოკრატესა და სოფოკლეს დაბადების ადგილი მრავალფეროვანი წარსულით ხასიათდება. თუ მოახერხებთ და ათენში ყველა სანახავ ადგილს ამოწურავთ, უბრალოდ გაუყევით საფეხმავლო ქუჩებს პლაკას გამზირზე, დაათვალიერეთ სახლები და რესტორნები ლამაზი ტერასებით. მართალია, ათენს ტურისტების დიდი ნაწილი ზაფხულში სტუმრობს, მაგრამ აქ კარგი ამინდით გაზაფხულსა და შემოდგომაზეც ისიამოვნებთ.
1. აკროპოლისი
მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ღირსშესანიშნაობა თუ გაუწევს მეტოქეობას ამ დიად ადგილს. აკროპოლისი საუკუნეების მანძილზე აკვირდება ცივილიზაციებს. უძველესი ათენის ბრწყინვალების სიმბოლო, ძველი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ყველაზე მნიშვნელოვანი შენობა პართენონია – დორიული სვეტებით და შთამბეჭდავი სკულპტურის დეტალებით. რელიეფზე აღბეჭდილია ქალღმერთ ათენას დაბადება. ცხელ დღეებში, უმჯობესია აკროპოლისს დილით მიაკითხოთ ან მიხვიდეთ მზის ჩასვლისას. შესასვლელში არსებული გრძელი რიგის თავიდან ასაცილებლად, შეიძინეთ აკროპოლისის „რიგის გარეშე ტური“.
2. აკროპოლისის მუზეუმი
აკროპოლისის მუზეუმში უძველესი ბერძნული ხელოვნების უნიკალური კოლექცია ინახება. აქ უზარმაზარი საგამოფენო სივრცეა და ზაფხულის ცხელ შუადღეს საუკეთესო ადგილია დროის გრილად გასაყვანად. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთის შესაძენად შესაძლოა დიდი რიგი დაგხვდეთ, ამიტომაც შეიძინეთ ის წინასწარ მათ ვებსაიტზე.
3. ეროვნული არქეოლოგიის მუზეუმი
მე-19 საუკუნეში აღმოჩენილი ეს მუზეუმი საბერძნეთში უდიდესია და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ანტიკურ მუზეუმს წარმოადგენს. ნეოკლასიკური სტილის შენობაში თვალს გადაავლებთ საბერძნეთის ისტორიას დაარსებიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე.
4. აგორა
ეს უძველესი ბაზარი ათენელების ყოველდღიური ცხოვრების მთავარი ნაწილი იყო. აქ დღეს ნანგრევებია, თუმცა ბრწყინვალე ხედით ისევ დაიკვეხნის. საუკეთესო გზა აგორაზე მოსახვედრად ადრიანოუს ქუჩაა, წმ. ფილიპის ეკლესიასთან. არაა გასაკვირი, რომ ბერძნულად სიტყვა „აგორა“ ნიშნავს „შეკრებას და ორატორობას“. როგორც იცით ეს იყო ადგილი საჯარო გამოსვლებისთვის.
5. ჰადრიანის ბიბლიოთეკა
ჰადრიანის ბიბლიოთეკა იმპერატორმა ჰადრიანმა აღმოაჩინა ჩვ.წ.-ით 132 წელს. ბიზანტიურ პერიოდში აქ 3 აკლესია ააგეს. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ბიბლიოთეკა და რომაული აგორა ქუჩიდანვე, მაგრამ თუ უფრო კარგად გსურთ დათვალიერება, შეიძინეთ ბილეთი და გაიარეთ ნანგრევებში.
6. ოლიმპიეიონი – ზევსის საყდარი
ზევსისადმი მიძღვნილ ამ ტაძარს ოლიმპიეიონს უწოდებენ და ის უძველესი საბერძნეთის უდიდესი საყდარია. თავის დროზე, ოლიმპიეიონი პართენონზე მეტად მონუმენტური იყო. ის ჩვ.წ-მდე მე-6 საუკუნით თარიღდება, თუმცა მშენებლობა იმპერატორ ჰადრიანეს პერიოდში დასრულდა. 100-ზე მეტი უზარმაზარი მარმარილოს სვეტისგან მხოლოდ 15-ღა შემორჩა, თუმცა ნანგრევებში აუცილებლად იგრძნობთ პირვანდელი ნაგებობის მონუმენტურობას. აუცილებლად გაეშურეთ ოლიმპიეიონის ჩრდილოეთით, სადაც რომაული აბანოების კვალსაც მიაგნებთ.
7. ოლიმპიური სტადიონი
უძველესი ათენის უდიდესი შენობა, პანათენაიკის სტადიონი 60,000 მაყურებელს იტევს. დღევანდელი მოედნის სტრუქტურა ორიგინალი სტადიონის რეპლიკაა, რომელიც ოლიმპიური თამაშებისთვის აიგო. ის მაქსიმალურად მიამსგავსეს პირვანდელ ფორმას. აქ ხშირად იმართება კონცერტები და სხვადასხვა ღონისძიებები მთელი ზაფხულის მანძილზე. რომელიმე შოუზე დასწრებით ათენის ერთ საღამოს ნამდვილად გაილამაზებთ.
8. ბიზანტიური მუზეუმი
ეს საინტერესო მუზეუმი საბერძნეთის ისტორიის ბიზანტიურ პერიოდზე მოგვითხრობს და ხელოვნების საოცარ ქმნილებებს წარმოგვიდგენს. ის მე-19 საუკუნეში, ჩარლზ-ფრანსუა ლებრანის ცოლისთვის, პლესანსის ჰეცოგინიასთვის აგებულ სასახლეში მდებარეობს და ბიზანტიური ხელოვნების საოცარ ნიმუშებს წარმოგვიდგენს. ბიზანტიელი ხელოვანები საეკლესიო ხასიათის შედევრებს ქმნიდნენ, რადგანაც მაშინ, რელიგიასთან დაკავშირებული ხელოვნება ძალიან დაფასებული იყო. ბიზანტიური მუზეუმი წარმოგვიდგენს არტეფაქტებს ადრეული ქრისტიანული პერიოდიდანაც. კოლექცია მოიცავს სკულპტურებს, მხატვრობას, მოზაიკას და ქსოვილებს. აქ იხილავთ პირველი ქრისტიანული და ბიზანტიური ბაზილიკების ფრაგმენტებს და მე-5 საუკუნის დროინდელ მოზაიკის იატაკს.
9. მონასტირაკი და ფლი მარკეტი
თუ საზღვარგარეთ მოგზაურობისას, ფლი მარკეტებს ეძებთ, ათენში ყოფნისას მონასტირაკს მიაშურეთ. აქ დაგხვდებათ ვიწრო ქუჩები სამკაულის, ტანისამოსის და ყოფითი ნივთების მაღაზიებით. მონასტირაკში უნიკალურ აურას იგრძნობთ და შეგიძლიათ დროდადრო დასასვენებელ სივრცეებსაც მიაშუროთ. აქაურ რესტორნებში ტრადიციულ ბერძნულ კერძებსაც სიამოვნებით შემოგთავაზებენ. მონასტირაკი გარშემორტყმულია ძველი და ახალი სახლებით და აქედან აკროპოლისსაც მოკრავთ თვალს, ამიტომ ქალაქში საორიენტაციოდ მონასტირაკი მშვენიერი ადგილია.
10. იხილეთ როგორ იცვლება დაცვა სინტაგმას მოედანზე
სინტაგმას მოედანზე გუშაგების შეცვლა ბევრი ტურისტისთვის დასამახსოვრებელი მოგონება და აღტაცების მომგვრელი გამოცდილებაა. საპრეზიდენტო დაცვის ჯარისკაცები პარლამენტის წინ მუდამ დგანან, მთელი წლის მანძილზე. ტრადიციულ კოსტიუმებში გამოწყობილი მცველები ყოველდღე, დილის 11 საათზე იცვლებიან. მარმარილოს მებრძოლის მონუმენტი პატივს მიაგებს იმ უცნობ ჯარისკაცებს, რომლებიც ქვეყნის გამო დაიღუპნენ.
11. ეროვნული ბაღი
საბერძნეთის პარლამენტთან დიდი მწვანე ზონა – ეროვნული ბაღი მდებარეობს, ზევსის ქანდაკების ქვევით. თუ დღის მანძილზე საკმარისად ბევრი ნახეთ, აქ მოსულები სიმშვიდეს იპოვნით და რელაქსაციას მოახერხებთ. ბილიკი მაღალი ხეებისკენ მიდის და ქაოტური ქუჩებისგან დასვენებას გპირდებათ. აქ ასევე, ზაპეიონის დარბაზია, რომელიც 1870 წელს აიგო და ღონისძიებებისთვის გამოიყენებოდა. შიგნით, მრგვალი, ღია ჰოლია, სვეტებით გარშემორტყმული.
12. დემეტრიუს ლომბარდიარის ეკლესია
ეს პატარა, მე-12 საუკუნის ეკლესია ქალაქის ძველ კარიბჭესთან ააგეს, რადგანაც ადრე სწამდათ, რომ ღმერთის სახლი კარიბჭეებს უბედურებისგან იცავდა. 1650 წელს, ეს ტაძარი სასწაულებრივად გადაურჩა დაბომბვას. ის 1960-იან წლებში არქიტექტორმა პიკიონისმა აღადგინა. ამ ლოკაციიდან თქვენ წინაშე პართენონის საოცარი ხედი გადაიშლება.
13. მნისიკლეოს ქუჩის კიბეები
თუ არ იცით რა გააკეთოთ ათენში გვიან საღამოს, ამ ადგილისკენ გაეშურეთ. აქ რესტორნები საღამოობით საკმაოდ გადატვირთულია. სხვადასხვა ტიპის ბარები საერთო, სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიან. როცა შიდა სივრცეებში ადგილი აღარ არის, ადამიანები კიბეებზე დალაგებულ ბალიშებზე ან ხის სკამებზე სხდებიან. სოციალიზაციის კუთხით აქ მოხვედრა ნამდვილად გესიამოვნებათ.
14. თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი
იმისათვის, რომ ათენში წარსულ ისტორიაში ზედმეტად არ გადავარდეთ, გასანეიტრალებლად თანამედროვე ხელოვნებითაც უნდა დატკბეთ. ეს ინსტიტუცია ათენის კულტურული ეპიცენტრია და ხელოვნების უკანასკნელ ინოვაციებს წარმოგვიდგენს. მუზეუმი მოიცავს მხატვრობასა და ფოტოგრაფიას.
15. ლიცაბეტუსის მთა
აკროპოლისიდან გარემოს თვალიერებისას, აუცილებლად დაგაინტერესებთ მოშორებით მდგარი მთა. ეს ლიცაბეტუსის გორაა, რომელიც აუცილებლად ღირს ნახვად. ქალაქის უმაღლესი წერტილიდან, 227 მეტრი სიმაღლიდან, უნიკალურ ხედს იხილავთ. ფუნიკილიორი სეზონზე ღამის 01:30-მდეც მუშაობს. თუ შეღამებულზე ახვალთ, ღამის ქალაქს დაათვალიერებთ; დღისით კი მიირთვით საყვარელი სასმელი კაფის ტერასაზე.
16. ვარვაკიოსის აგორა
თუ გსურთ დროებით ტურისტად აღარ იგრძნოთ თავი და იხილოთ ნამდვილი ათენელები როგორ ცხოვრობენ, დააყენეთ მაღვიძარა და ვარვაკიოსის აგორას ესტუმრეთ. ჯანსაღი საკვების ბაზარი ნამდვილად შთაგაგონებთ. აქ ადგილობრივებისგან ხილს, ბოსტნეულს და ზეთისხილს შეიძენთ. აუცილებლად წაიღეთ კამერა!
17. კინო ვარსკვლავების ქვეშ
ზაფხულში ათენში ერთ-ერთი სასიამოვნო გასართობი ფილმის ყურებაა ღია ცის ქვეშ. მოკალათდით კომფორტულ სკამებში ცისფერი ეკრანების წინ. ერთ-ერთი საუკეთესო და უძველესი კინოთეატრი სინე პარიზია პლაკაში. ჩვენებების სეზონი მაისიდან ოქტომბრამდეა გახსნილი.