მართალია, იტალიაში ტურისტულად ყველაზე პოპულარული სეზონი ზაფხულია, მაგრამ ჩვენ გარწმუნებთ, რომ შემოდგომაზე ეს ქვეყანა არანაკლებ გაგაოცებთ.

რატომ იტალია შემოდგომაზე?

  • ზაფხულის სიცხე გადასულია: რომი, ფლორენცია და ვენეცია შუადღეზე ტემპერატურის თვალსაზრისით ისეთი გაუსაძლისი აღარაა. მთელი სექტემბერი გვიან ოქტომბრამდე, საუკეთესო დროა ჯერ კიდევ ზაფხულის სარგებელი მიიღოთ: თბილი დღეები და ცისფერი ცა.
  • სასტუმროს ნომრების ფასი უფრო დაბალია: აგვისტოში ტურისტების გარდა, თავად იტალიელებიც იღებენ შვებულებებს, ამიტომაც სასტუმროს ფასები ამ დროს შედარებით მაღალია. სექტემბერში და ოტომბერში კი ადგილობრივებს დასვენების დრო არ აქვთ, ამიტომაც მოთხოვნა დაბალია.
  • ცხელი წყაროები: რომსა და ფლორენციის მიღმა ბევრი მინერალური წყაროა, რომლებსაც სამკურნალო თვისებები აქვთ. გაატარეთ დღე გოგირდით გაჯერებულ წყლებში ვიტერბოს სიახლოვეს, ან ტოსკანას ვალ დორსიაში.
  • სანაპიროები ცარიელია: ამ დროს შეგიძლიათ სანაპირო კურორტებით დატკბეთ. სანაპირო გადატვირთული აღარაა და ტემპერატურაც რუჯის მიღების და ბანაობის საშუალებას ისევ გაძლევთ.
  • რთველი: შემოდგომის დასაწყისში იტალიის ურიცხვ ვენახებში ყურძნის კრეფა მიმდინარეობს. ამ დროს ბევრი ორგანიზებული ღონისძიება ეწყობა, რომლებშიც შეგიძლიათ ჩაერთოთ და ახლადდაწურული იტალიური ღვინოც დააგემოვნოთ.
  • ტრუფელები და პორჩინის სოკო: შემოდგომის დასაწყისში იტალიაში სოკოს სეზონიც დგება. ამ დროს შეგიძლიათ ცნობილი სოკოს სახეობები თითქმის ყველა ქალაქში დააგემოვნოთ.

იტალიის მრავალფეროვანი ლანდშაფტი: მთები, ტყეები, ტბები, კუნძულები და ვენახები – საშემოდგომოდ განსაკუთრებულად ფერადდება. ამ ყველაფერს სეზონური გემრიელი სამზარეულოც ემატება. ჩვენ გირჩევთ საუკეთესო ადგილებს ამ სეზონზე იტალიაში გასატარებლად:

1. ტოსკანა

ყვითელ ხეებსა და მწვანე მთებს შორის მოქცეული ტოსკანა შემოდგომაზე განსხვავებული სილამაზით გამოირჩევა. ყურძნის და ზეთისხილის მოსავლის აღება აქაურობას განსაკუთრებით აცოცხლებს. ესტუმრეთ პარკს სახელად Foreste Casentinesi და დატკბით ხედებით. ასევე, პატარა მთიანი ქალაქი სან ჯიმინანოც გაგაოცებთ. თუ კლასიკურ საშემოდგომო სილამაზეს ეძებთ, ფლორენციას, სიენას და ლუკას ესტუმრეთ.
ტოსკანას ნაკლებად ცნობილი სოფლები და ქალაქები

2. უმბრია

უმბრიას იტალიის „მწვანე გულს“ უწოდებენ. მან ეს სახელი რეგიონში ტყეების სიმრავლით მოიპოვა, კვიპაროსის და ზეთისხილის ხეებით. ტოსკანას მსგავსად, აქ საკვები უმნიშვნელოვანესია, ასე, რომ შემოდგომაზე ნორსიაში საუკეთესო ტრიუფელებს, შაშხს და ყველს დააგემოვნებთ. ესტუმრეთ უმბრიას დედაქალაქსაც, პერუგიას, სადაც დიდ სასახლეს, ვულკანური წარმოშობის მთას და მე-14 საუკუნის კათედრალს იხილავთ.
ყველაზე ლამაზი ქალაქები უმბრიაში

3. ემილია-რომანია

ამ მშვენიერი ლანდშაფტის მქონე რეგიონში სტუმრობისთვის ოქტომბერი საუკეთესო პერიოდია. ამ დროს ამინდი წყნარი, ხოლო პროდუქტები საუკეთესოა. გამოიკვლიეთ ბოლონია და დააგემოვნეთ ბოლონეზიური სოუსი. ნოემბერში ემილია-რომანიაში ბევრი საჭმლის ფესტივალი იმართება. ქალაქი რავენა შემოდგომაზე თავისებურად „ყვავის“: ბაზილიკა დი სან ვიტალი შემოდგომის ელფერში განსაკუთრებით ლამაზია. არ გამოგრჩეთ ყველი პარმეზანის დაბადების ადგილი – პარმა.

4. პუგლია

საშემოდგომო ფერები და სიწყნარე პუგლიას განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ისეირნეთ ველოსიპედით ზეთისხილის ხეებში და ესტუმრეთ სტალაქტიდებს კასტელანას გამოქვაბულში. თეთრი სახლები და მაღალი კლდეები ამ დროს სიმშვიდეს მოგანიჭებთ და იტალიას განსხვავებულად შეიგრძნობთ.

5. ამალფის სანაპირო

ამალფი ცნობილ ადამიანებს ძალიან უყვართ: აქ ულამაზესი სოფლებია, მაგალითად: პოზიტანო, სადაც დარჩენა შემოდგომით ბევრად იაფია. ამალფიზე მდებარე ქალაქები გაგაოცებთ ეკლესიებით, ბაღებით და დაუვიწყარი ხედებით. ლიმონი აქ სამეფო ხილია, ამიტომაც დაჯავშნეთ ლიმნის ტური ფერმერებთან და გაიგეთ როგორ მზადდება ადგილობრივი ლიმონჩელო.

6. იტალიური ალპები და ტბები

საუკეთესო დრო, რომ იტალიური ტბებით დატკბეთ, შემოდგომაა. ნავით მგზავრობა წლის ამ სეზონზე განსაკუთებით მოგეწონებათ. სუფთა წყალში არეკლელი მოწითალო და მოყვითალო ხეები რელაქსაციისთვის მართლაც საუცხოოა. კომოს და გარდას ტბები ყველაზე კოსმოპოლიტური ტბებია, ასევე გირჩევთ ისეოს. ტბებიდან არეკლილ ალპებსაც შეამჩნევთ, რომელთა ველები ბუნების ფერებს ორგანულად ერწყმის.
ყველაზე ლამაზი ტბები იტალიაში

7. სარდინია

თუ ჯერ არ ხართ მზად უარი უთხრათ სანაპიროს და მზეს, სარდინია თქვენთვის საშემოდგომო სამოთხედ იქცევა. კუნძული სავსეა სანაპიროებით, სადაც ხალხმრავლობა აღარაა. ლაშქრობის მოყვარულები გოროპუს უნდა ეწვიონ ან კალა ლუნას სანაპიროს, სადაც კრემისფერი ქვიშა, გამჭვირვალე წყალი და კლდოვანი გამოქვაბულებია. ასევე, შეგიძლიათ იხილოთ ფლამინგოები სუ სტანი სალიუში.

8. სიცილია

ხმელთაშუაზღვის უდიდესი კუნძული, სიცილია, ცნობილია სანაპიროებით, არქეოლოგიური ნანგრევებით და ბრწყინვალე საკვებით. ოქტომბერსა და ნოემბერს აქ თბილად და გემრიელად გაატარებთ. ეს მიწის თხილის სამშობლოა და შემოდგომით, მისი მოსავლის აღების ჯერიც დგება. ადგილობრივები აქ ფესტივალსაც აწყობენ, რომელსაც ამ სასუსნავს უძღვნიან. ისტორიის და არქიტექტურის მოყვარულებს ეკლესიები, ბაროკოს სტილის სასახლეები და ბერძნული საყდრები მოეწონებათ. ესტუმრეთ იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შესულ აგრიგენტოს ველს ან აპოლოს ტაძარს. სიცილიის საშემოდგომო ტური ეტნას მთაზე სტუმრობით უნდა დაასრულოთ. ქალაქი ტაორმინა ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ მოგაქცევთ.