ბრაზილია ბევრი ადამიანის საოცნებო ქვეყანაა. მაგრამ, თქვენ თუ ჯერ კიდევ ეჭვობთ, “შენი მეგზური” რამდენიმე მიზეზს წარმოგიდენთ, თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ ამ საოცარ ქვეყანაში.
იხილავთ კურიტიბას
სამხრეთ ბრაზილიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი კურიტიბა ცნობილია თავისი ინოვაციური საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემით. ქალაქს უზარმაზარი მწვანე სივრცე აქვს, ასევე დიდი შენობები და მონუმენტები. ბევრი აქ ოსკარ ნიემეიერის მუზეუმის სანახავად ჩამოდის. ის ცნობილი ბრაზილიელი არქიტექტორი და თანამედროვე არქიტექტურის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

დაისვენებთ საოცარ სანაპიროებზე
ბრაზილიის სანაპირო ზოლზე 2000-ზე მეტი სანაპიროა. ერთ-ერთი მათგანი რიო-დეჟანეიროდან 160 კილომეტრში მდებარეობს. ბუზიოსი განმარტოებული სამოთხეა. აქ 20-ზე მეტი ულამაზესი სანაპირო და კრისტალივით სუფთა წყალია. ეს ადგილი 60-იანებში ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც აქ ბრიჯიტ ბარდო ისვენებდა. დღეს ბუზიუოსი არაჩვეულებრივი კურორტია.

მოინახულებთ იგუაზუს ჩანჩქერებს
ეს საოცარი ჩანჩქერები, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 250-ია, ბრაზილიის, არგენტინის და პარაგვაის საზღვარზე მდებარეობს. ბევრი ფიქრობს, რომ ის ნიაგარას არაფრით ჩამოუვარდება.

გამოცდით რიოს კარნავალს
ეს 5-დღიანი დღესასწაული აღდომამდე 40 დღით ადრე ტარდება. კარნავალი პარასკევ დღეს იწყება და სამშაბათის ჩათვლით გასტანს. ამ დროს ქუჩებს ფერადი აღლუმები, მხიარული მუსიკა და ხმამაღალი სიმღერები მოიცავს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია სამბას აღლუმი.

მიირთმევთ ჩურასკოს (Churrasco)
ბრაზილიაში ხორცის კერძები ნამდვილად უყვართ. ჩურასკო გრილზე მომზადებული საჭმელია, რომელიც აქ ერთ-ერთ უგემრიელეს სადილად ითვლება.

იხილავთ დიდებულ ქრისტეს ქანდაკებას
ეს დიდებული ქრისტეს მონუმენტი ყველასთვის ცნობილია, როგორც რიო-დეჟანეიროს სიმბოლო. მასთან მცირე ზომის მატარებლით შეძლებთ ასვლას და ულამაზესი პანორამული ხედებითაც დატკბებით.

დალევთ კაშასას (Cachaça)
ბრაზილიის ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელი ტროპიკული კოქტეილია. ის ბრაზილიაში დასვენების მშვენიერი თანმდევი იქნება. კაშასას ორი სახეობა არსებობს ახალი და დაძველებული. ამ უკანასკნელს როგორც წესი, ხის კასრებში 15 წლამდე აძველებენ.

შეხედავთ ვარდისფერ დელფინებს
ბრაზილიაში ვარდისფერი დელფინები ჰყავთ. ისინი მდინარე ბოტოში სახლობენ და დელფინების უდიდეს სახეობას წარმოადგენენ: სიგრძეში 2.7 მეტრს აღწევენ, მათი წონა კი 130 კგ-ა. აიღეთ ამაზონის ჯუნგლების ტური და მათ აუცილებლად იხილავთ.

დაათვალიერებთ სან პაულუს
მეგაპოლისი სან პაულუ ბრაზილიის უდიდესი და ყველაზე მდიდარი ქალაქია. ის მსოფლიოში სიდიდით რიგით მეშვიდეა. აქ შეძლებთ სავაჭრო ცენტრებში ვაჭრობას, დაგვხდებათ რესტორნების მრავალფეროვნება და გაოცდებით ადგილობრივების ფეხბურთის სიყვარულით. სან-პაულუს თითქმის ყველა ქუჩის კუთხეში ბავშვები ბურთს უგორებენ ერთმანეთს. რაც მთავარია, იცეკვებთ ბოსა ნოვას ჰანგებზე.











