იტალიის „მწვანე გული“ – უმბრია შთამბეჭდავი ლანდშაფტით გამოირჩევა, რომელიც ვენახებს, მთებს და ისტორიულ სოფლებს მოიცავს. ჩვენ გირჩევთ თუ სად იმოგზაუროთ ამ მშვენიერ მხარეში:

სპელო/Spello

სუბასიოს მთაზე, სპელო არქიტექტურის და ფოტოგრაფიის მოყვარულებს, შუასაუკუნოვანი ქუჩებით და ძველი ტაძრებით აცდუნებს. ამ ქალაქს ნამდვილად აქვს ისტორია – ის ერთ დროს რომაული კოლონია იყო. აქ ბევრ რამეს იხილავთ, მათ შორის ავგუსტუსის ხანის მშვენივრად შემონახულ კარიბჭეს. უმჯობესია, თუ სპელოს ზაფხულში ესტუმრებით, ამ დროს ქუჩები და თაფლისფერი სახლები უფრო მეტად ცოცხლდება.

ორვიეტო/Orvieto

უმბრიის ეს ულამაზესი ქალაქი მთაზე, ლაციოს სიახლოვეს მდებარეობს. აქაური კათედრალი მე-14 საუკუნის გოთიკის ტრიუმფია, სადაც ცნობილი მხატვრების შთამაგონებელ ფრესკებს იხილავთ. ქალაქის ქვეშ, ეტრუსკების პერიოდის დროინდელი გვირაბია, რომელიც ვიზიტორებისთვის ღია და ხელმისაწვდომია.

კასტილიონ დელ ლაგო/Castiglione del Lago

ტრასიმენოს ტბის ნაპირებზე, იქ სადაც უმბრია ტოსკანას ხვდება, ეს პატარა ქალაქი მდებარეობს. კასტილიონ დელ ლაგო სოფელზე საოცარი ხედებით გამოირჩევა. აქ ისტორიულ ეკლესიას, სან გუილიანოს და უნიკალურ ბაღს იხილავთ.

გუბიო/Gubbio

გუბიო მდიდრული კულტურული მემკვიდრეობის ადგილია – აქ პირველი საუკუნის დროინდელი რომაული თეატრია. გაყევით ქუჩებს ცენტრალურ პიაცა გრანდემდე, სადაც შუასაუკუნოვანი სასახლე დგას, თავისი საათის კოშკით. შეჩერდით და გუბიოს პანორამული ხედით დატკბით.

ასისი/Assisi

სან ფრანჩესკოს ბაზილიკა, რომელიც მე-13 საუკუნეში აშენდა, მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ასისიში უნდა იხილოთ. ეს მნიშვნელოვანი ქრისტიანული საყდარია. აქ ასევე იხილავთ, მინერვას ტაძარს და სუბასიოს რეგიონალურ პარკს, რომელიც ბუნების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა.

ტოდი/Todi

ეს ლამაზი ქალაქი საბავშვო ნახატებიანი წიგნიდან რეალობაში გადმოსულს ჰგავს. წვრილი რიყის ქუჩებით აღორძინების ხანის მონუმენტებს დაათვალიერებთ. ეწვიეთ დელ პოპოლოს სასახლეს, რომელიც იტალიის ერთ-ერთი უძველესი საჯარო შენობაა, რომელიც ახლა კაფეებით და მაღაზიებითაა სავსე. მშვიდი ტოდი უმბრიის ავთენტურ ცხოვრებას შეგაგრძნობინებთ. თუ ადგილობრივი კერძი გაინტერესებთ, ეს გამომცხვარი მწყერია მწვანილში.

ტორგიანო/Torgiano

ტორგიანოს ჰორიზონტს ზეთისხილის ხეები და ვენახები ამკობს. სწორედ ამ ორი პროდუქტის: ზეთის და ღვინის წარმოება აცოცხლებს ამ ქალაქს. თუ ამ მხარის მდიდრული გასტრონომიის შესახებ მეტის გაგება გსურთ, ღვინის და ზეითუნის მუზეუმს ესტუმრეთ.

ნორსია/Norcia

სიბილინის მთებში ჩაძირული ნორსია ბუნების, ისტორიის და სუფრის მოყვარულებს მოეწონებათ. ქალაქის გულში მდებარე მთავარი მოედანი, პიაცა სან ბენედეტო ნორსიას უძველესი შენობების სახლია. აქ იხილავთ: კასტელინას, მე-16 საუკუნის ციხესიმაგრეს და სან ბენედეტოს ბაზილიკას გოთიკური ფასადით.

არონე/Arrone

არონე მთაზე გაშენებული ძველი, პატარა სოფელია უმბრიის სახმრეთ ნაწილში. ის ორ ნაწილადაა გაყოფილი, პირველი ახალი უბანია, სახელად სანტა მარია, სადაც დიდ ეკლესიას იხილავთ. მეორე კი ძველი უბანი, ლა ტერა, ისტორიული ქუჩებით.

ბევანია/Bevagna

უმბრიას გულში მდებარე ეს პატარა ქალაქი ორ მდინარეს შორისაა მოქცეული. მთავარ მოედანზე, პიაცა სილვესტრზე ორი რუმინული ტაძარია. ქალაქის ჩრდილოეთით ტენურას ვენახებს იხილავთ, მარანს, რომელიც მილანელმა სკულპტორმა არნალდო პომოდორომ დააპროექტა.

ამელია/Amelia

უმბრიის სამრეთით მდებარე ეს ქალაქი კი ყველაფერს აერთიანებს: ზეთისხილის ხეებს, ქვის კედლებს და ტაძრების კოშკებს. ის რეგიონის ყველაზე ძველი ქალაქია და ჩვ.წ-მდე თარიღდება. მეტ ისტორიას არქეოლოგიურ მუზეუმში გაიგებთ.

სპოლეტო/Spoleto

ეს ლაბირინთული ქალაქი რიყის ქუჩებით, მზიანი პიაცებით, დატვირთული კაფეებით და ეკლესიებით გამოირჩევა, სადაც ანტიკური ფრესკებია. კვიპაროსის ხეები მაღალი ქვის კედლების მიღმა ქალაქს სიმწვანეს და სიმშვიდეს მატებენ. აქ მე-14 საუკუნის ციხესიმაგრე დაგხვდებათ, რომელიც ქალაქს გადმოჰყურებს. 2007 წლამდე ის ციხე იყო, ახლა კი ისტორიის მუზეუმად ფუნქციონირებს.

სიტა დი კასტელო/Città di Castello

ეს ლამაზი ქალაქი რენესანსის დაბადების ადგილად ითვლებოდა, იქამდე, სანამ ამ ტიტულს ფლორენცია მოიპოვებდა. სიტა დი კასტელო მართლაც ხელოვნების ნიმუშია. მე-16 საუკუნის სასახლე აქ გალერეად აქციეს, სადაც რენესანსის დროინდელი არტისტების ექსტრაორდინალური ნიმუშები ინახება, მათ შორის რაფაელის.

უმბერტიდე/Umbertide

აქ მოხვედრისას ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს ტელეპორტაცია უკან, წარსულში განიცადეთ. ქალაქის სიმბოლო – კოშკია. უმბერტიდეში კიდევ სანტა მარია დელა რეგიას ეკლესიას და რვაკუთხა შენობას იხილავთ, რომელიც ნიკოლო კირცინანის ნახატებს ეძღვნება.

ფოსატო დი ვიკო/Fossato di Vico

ეს პაწაწინა ქალაქი კი საშუალებას მოგცემთ, უბრალოდ მოეშვათ და ქალაქგარეთ ყოფნით დატკბეთ. მუტალის მთაზე ბილიკები თითქოს საგულდაგულოდ დამალულ ქალაქში იკარგება, ფანჯრებით ბუნების ხედებზე.