რომი ის მშვენიერი ადგილია, სადაც ნამდვილად მსოფლიოს ყველა გზა მიგიყვანთ. ათასობით ტურისტი ყოველდღიურად ჩამოდის აქ რომ დატკბეს მუდმივი ქალაქის ზღაპრული ატმოსფეროთი, მისი მდიდრული არქიტექტურით, უძველესი ისტორიით და უგემრიელესი იტალიური სამზარეულოთი. აქ მოგიყვებით იმ საიდუმლო ფაქტებზე, რაც რომში მოგზაურობას უფრო სასიამოვნოს და უსაფრთხოს გახდის. 

უსაფრთხოება რომში

ძარცვისა და უსიამოვნო მომენტების თავიდან აცილებისათვის, აუცილებლად ჩააწყვეთ დოკუმენტები, საკრედიტო ბარათები და თანხა სხვადასხვა ადგილას: ჯიბეებში, წელის ჩანთებში და საფულეებში. თანხის ნაწილის დატოვებას კი გირჩევთ სასტუმროს ნომერში (ჩემოდანში ან სეიფში). რეალურად, იტალია არც ისეთი კრიმინალურია როგორც გვიყვებიან, თუმცა, მძარცველები მაინც ყველგან არიან, განსაკუთრებით კი ტურისტულ ადგილებში. 

აირჩიეთ სწორი ფეხსაცმელი სეირნობისთვის

ხანგრძლივი გასეირნებისათვის რომში მაქსიმალურად კომფორტული ფეხსაცმელი ჩაიცვით. გარდა გრძელი მანძილებისა, რომში პრობლემას კიდევ ქვის ზედაპირი და უსწორ-მასწორო გზები წარმოადგენს, რომელიც მაქსიმალურად არაკომფორტულია სეირნობის დროს. 

წყლის შადრევნები რომში

იმისათვის, რომ არ დაიხარჯოთ ზედმეტად წყლის საყიდლებზე სუპერმარკეტებში და ტურისტულ მაღაზიებში (მაგალითად, ერთი 0.5 ლ ბოთლის ღირებულება 2-3 ევროს შეადგენს), შეგიძლიათ იყიდოთ ერთი დიდი ბოთლი და ნებისმიერ მომენტში აავსოთ რომის წყლის შადრევნებში. დასალევი წყალი შადრევნებზე წითელი ცხვირით აღინიშნება, საიდანაც მოედინება კრისტალურად სუფთა წყალი მთის წყაროებიდან. 

სად ვისადილოთ რომში?

არ იკვებოთ იმ რესტორნებში, რომელიც მდებარეობს რომის ყველაზე მთავარ ღირსშესანიშნაობებთან (პანთეონთან, კოლიზეუმთან, ესპანურ მოედანთან, ტრევის შადრევანთან); აქ ხშირად ან არ აკეთებენ გემრიელ კერძებს ან გადაიხდით 2-3 -ჯერ მეტს. 

თუმცა, როგორც კი შეუხვევთ მშვიდ, ვიწრო ქუჩაზე, გაოცდებით ტურისტებისაგან დამალული მყუდრო და იაფიანი რესტორნების რაოდენობით და განსაკუთრებით გასაოცრად გემრიელი იტალიური სამზარეულოთი. 

ფასის შედარებისათვის კი იტალიელებმა საუკეთესო საშუალება გამოიგონეს ტურისტების მოსაზიდად; თითოეული რესტორნის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს პატარა ცხრილი, სადაც წერია მენიუს სია ფასებთან ერთად, რაც მაქსიმალურად გაგიადვილებთ ბიუჯეტის შენარჩუნებას. 

საუზმე Dolce Vita-ს სტილში

გსურთ დატკბეთ გემრიელი იტალიური საუზმით რომში? მაშინ შედით ნებისმიერ საყვარელ ბარში, რომელიც გზად შეგხვდებათ, შეუკვეთეთ ახლად გამომცხვარი ტკბილი დესერტი (კორნეტო/კრუასანი, ბრიოში, ჩამბელა და სხვა) უგემრიელესი ცხელი კაპუჩინოთი.

გირჩევთ ეწვიოთ ბარებს დილის 7-8 საათზე, რადგან ზუსტად ამ დროს გამოაქვთ ყველაზე მრავალფეროვანი დესერტები და ნამცხვრები უგემრიელესი შიგთავსით, რომლის კვალიც დილის 10-11 საათზე უკვე არ რჩება. 

ამინდი

რომში შეგვიძლია გამოვყოთ რამოდენიმე საუკეთესო პერიოდი დასვენებისათვის. რომაული არდადეგებისათვის გაზაფხულზე გირჩევთ აპრილ-მაისს (როცა წვიმა უკვე არც ისეთი ხშირია), ზაფხულში კი – ივნისიდან ივლისამდე პერიოდს (რადგან ივლისის ბოლოდან სექტემბრამდე აქ აუტანელი სიცხეებია). თუ რომში მოგზაურობას შემოდგომაზე გეგმავთ, მაშინ გამბედავად აიღეთ ბილეთები სექტემბრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე (შემდგომ უკვე წვიმის სეზონი იწყება). ზამთრის პერიოდი კი ყველაზე კარგია დეკემბრის ბოლოდან თებერვლამდე (სიცხე არ იწევა 10 გრადუსზე დაბლა, ქარი ცივია, მზე კი თბილი ამ პერიოდში). 

როგორ ავირიდოთ რიგები რომის ღირსშესანიშნაობებზე? 

რომი და მისი მოსახლეობა ადრე იღვიძებს, დაახლოებით დილით 6 -7 საათზე. ტურისტების ნაკადი კი რომის ქუჩებზე 10 საათისკენ გამოდის. ამიტომ, უნდა მოასწროთ ტრევის შადრევანის, კოლიზეუმის და ესპანური მოედნის მონახულება ათასი ტურისტის გარეშე; უბრალოდ ადექით მზის ამოსვლისთანავე და მიეშურეთ რომაულ დილის მშვიდ და ცარიელ ქუჩებს. ამ დროს ყველაზე სწრაფად შეგიძლიათ შეიძინოთ მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები. (თუმცა, ხშირ შემთხვევაში მაინც გირჩევთ წინასწარ, ონლაინ ბილეთის ყიდვას ყველანაირი შეფერხების და დისკომფორტის გარეშე). 

ტაქსი რომში – სიამოვნება მდიდრებისთვისაა

სამშობლოში ალბათ მივეჩვიეთ, რომ ტაქსი კომფორტული და საკმაოდ იაფიანი სატრანსპორტო საშუალებაა. ამიტომ, ტურისტები როგორც კი ჩამოდიან რომში, მიეშურებიან ტაქსებისაკენ და პირველივე წუთებში ხარჯავენ იმ თანხას, რაც გემრიელ ვახშამში შეეძლოთ დაეხარჯათ. აეროპორტიდან ქალაქამდე მაგალითად 60-70 ევრო ღირს ტაქსის მომსახურება, როცა ავტობუსი სულ რაღაც 7-8 ევროდ მიგიყვანთ. 

მაქსიმალურად ერიდეთ ტაქსებს და გამოიყენეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ან გაისეირნეთ ფეხით, ეს არანაკლები სიამოვნებაა. 

ტრანსპორტის ბილეთი

მეტროსა და ავტობუსების ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ავტომატებში მეტროს სადგურებზე, გაზეთის კიოსკებში და ტაბაკერიებში (შენობებში “T”ნიშნით). ბილეთი ერთ ადამიანზე 1.5 ევრო ღირს და მოქმედებს 100 წუთის მანძილზე გამოყენების დაწყებისთანავე.