ამალფის სანაპიროს ყველაზე საკულტო ქალაქი პოზიტანოა: კლდეებით, პასტელური ფერის ფასადებით, ახალი თევზის პროდუქტებით და ცივი ლიმონჩელოთი, რაც მთავარია პომპეისთან და კაპრისთან ახლოს. როცა ამალფიზე ვფიქრობთ, თვალწინ პოზიტანო წარმოგვიდგება – ღია ვარდისფერი და ყვითელი სახლებით, რომლებიც ლურჯ კამკამა წყალს რიფებიდან გადაჰყურებენ. და მაინც, რატომ უნდა ვეწვიოთ პოზიტანოს?
-
იმიტომ, რომ ხედები სუნთქვას შეგიკრავთ
აქ საიდანაც არ უნდა იყურებოდეთ, ტერასებიდან, სახლებიდან თუ სანაპიროდან, თქვენ თვალწინ ყოველთვის გასაოცარი ხედი იქნება. თუ ფოტოგრაფია გიყვართ, აქ უამრავ ლამაზ ფოტოს გადაიღებთ: ჩამწკრივებულ ფერად ქოლგებს მარინა გრანდეს სანაპიროზე, ატმისფერ სახლებს თუ წყლის რიფებს, ამ ყველაფრის გმირი კი თავადაც შეგიძლიათ იყოთ – წინა პლანზე.
-
იმიტომ, რომ ზღვის პროდუქტები ახალი და ჯანსაღია
ტრადიციული ზღვის კერძები ცნობილ ძველ რესტორანში უნდა დააგემოვნოთ: Osteria le Tre Sorelle-ში. ეს ოჯახური საკვები ობიექტი ადგილობრივებსა და ტურისტებში ნამდვილი ფავორიტია. ასევე, გირჩევთ რესტორან Palazzo Murat-ს, სადაც შეფი ჯუზეპე ფორტე ხორცისა და თევზის საოცარ კომბინაციებს ამზადებს. ქუჩის კვებისთვის კაფე ლატერიას მიმართეთ და თევზის სენდვიჩებს წასახემსებლად უცებ მოგიმზადებენ.
-
იმიტომ, რომ აქ მსოფლიოს ცნობილი სასტუმროებია
პოზიტანოში მდებარე სასტუმრო Le Sireneuse – ხმელთაშუაზღვისპირეთის ყველაზე საკულტო სასტუმროა. ის სტუმრებს საუკეთესო ხედების მქონე ოთახებს სთავაზობს. თუ მსგავს ადგილას არ დარჩებით, ესტუმრეთ მათ ბარებს, რომანტიკული ტერასებით.
-
იმიტომ, რომ აქ საუკეთესო იტალიური ბუტიკ-მაღაზიებია
Mastro Sandals Positano-ში ნახავთ ნამდვილი იტალიური ტყავისგან დამზადებულ ფეხსაცმელებს, Positaneries-ში კი ქალის სამოსისა და აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს.
-
იმიტომ, რომ აქ ბევრი ლამაზი, ფარული სანაპიროა
Spiaggia პოზიტანოს მთავარი სანაპიროა. ის მუდამ დატვირთულია, თუმცა განმარტოებისთვის შეგიძლიათ შედარებით უცნობ სანაპიროებს ესტუმროთ. Laurito Beach-ზე შეგიძლიათ კიბეებით მოხვდეთ, რომელიც სან პიეტროს სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს იწყება. აქ ელეგანტური რესტორანიცაა, რომელიც პოზიტანოს ხმაურიანი ქუჩებისგან მშვიდ გარიდებას გთავაზობთ. ცოტა მოშორებითაა ლამაზი Arienzo – საიდანაც შეგიძლიათ პოზიტანოს მთავარ სანაპიროზე ნავით დაბრუდენთ.
-
იმიტომ, რომ აქ საოცარი სალაშქრო ბილიკებია
თუ ბუნებაში სეირნობა გიყვართ, გაიარეთ 4 კილომეტრიანი „ღმერთების ბილიკი“. ხედებით ნამდვილად აღფრთოვანებული დარჩებით. ის იწყება ნოჩელეში/Nocelle და გრძელდება ბომერანოში/Bomerano. ამ გზის დალაშქვრა 3-დან 5 საათამდე გასტანს. მეორე ბილიკი Riserva Statale Valle delle Ferriere-აა, ნაკრძალი, სადაც ჩანჩქერები, ნანგრევები და პარკია. მისი დათვალიერების შემდეგ, თუ დაღლილი არ იქნებით, შეგიძლიათ პოზიტანოშიც ფეხით დაბრუნდეთ – სულ რაღაც 1 საათში.
-
იმიტომ, რომ ნავის ტურები ნებისმიერ ბიუჯეტს ერგება
აქ სტუმრობა ნავის ტურის გარეშე სრულყოფილი არ იქნება. დაიქირავეთ თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი ნავი 1 დღით ან რამდენიმე საათით. შეგიძლიათ მოიწყოთ კერძო გასეირნება ან შეუერთდეთ კრუიზს.
-
იმიტომ, რომ დალევთ ლიმონჩელოს
იტალიის სამხრეთი ლიმნის ხეებითაა მდიდარი. აქაურებს უყვართ ფრაზა: „როცა ცხოვრება ლიმონს გაძლევს, გააკეთე ლიმონჩელო!“. ეს ყვითელი სასმელი იტალიის რიგით მეორე ყველაზე პოპულარული ლიქიორია, კამპარის შემდეგ. პოზიტანოში სპეციალურ ტურებსაც შემოგთავაზებენ, რათა ლიმონჩელოს დამზადებას დააკვირდეთ.
-
იმიტომ, რომ გაისეირნებთ პომპეიში
თუ პოზიტანოში ხართ, პომპეი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ანტიკური რომაული ნანგრევები ქალაქიდან 2 საათის სავალ გზაზეა და უნიკალურ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.
-
იმიტომ, რომ აქ წყლის სპორტი ძალიან განვითარებულია
თუ სპორტი და ადრენალინის მიღება გიყვართ, პოზიტანოს სანაპიროები საუკეთესო გამოცდილებას გპირდებათ. დაიქირავეთ კაიაკი და შეუერთდით მოცურავეებს. კრიალა წყალი აქაურ ზღვის სამყაროზე საგულდაგულოდ დაკვირვების საშუალებას იძლევა.