იტალიის საოცრად მშვენიერი ტბები ისეთივე წონისაა, როგორც რომის ისტორია, ჩინკე ტერეს სილამაზე და ვენეციის რომანტიკა. მათ შორის საუკეთესო კომოს და გარდას ტბებია. მზად ხართ გამოიკვლიოთ იტალიის ბუნების სილამაზე? ჩვენ რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ:
-
ისეოს ტბა
ლომბარდიაში ერთი პატარა ტბა მდებარეობს, ისეო, რომელსაც გარდას ტბის პატარა დაიკოს უწოდებენ. ველოსიპედის კოხტა გზებით, ქალაქ ისეოს მშვენიერი მაღაზიებით და ბორანებით წყალში, ეს ტბა ყველა ვიზიტორს ხიბლავს. მის შუაში მდებარე კუნძულზე პატარა მთაცაა – მონტე იზოლა.
-
გარდას ტბა
ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის, ვენეტოს და ტრენტინოს რეგიონებს შორის, გარდას ტბა ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა. აქ შეხვდებით სტუდენტურ თუ საოჯახო კემპინგებს, ტურისტებს, რომლებიც ახლომდებარე მთებს იკვლევენ, რესტორნებს და დაისვენებთ სანაპიროზე.
-
კომოს ტბა
ლომბარდიის ინდუსტრიულ რეგიონში, კომოს ტბა მილანელებისთვის საყვარელი დასასვენებელი მიმართულებაა. აქ ბევრი კულტურის ღონისძიება და აქტივობა ტარდება. ასევე, ნავის ან ველოსიპედის ტურის დაჯავშნით დიდ სიამოვნებას მიიღებთ. კომასინა ტბაში მდებარე ერთადერთი კუნძულია, სადაც ველური ბუნების ულამაზესი ოაზისი დაგხვდებათ.
-
მაგიორეს ტბა
იტალიური ალპების ძირას, მაგიორე იტალიის სიდიდით მეორე ტბაა და მას შვეიცარია და ლომბარდია იყოფენ. ტბას აქვს კუნძულები და ვილები, მაგრამ, ის რაც მაგიორეს განსაკუთრებულს ხდის, ციხე-სიმაგრეებია, არქიტექტურული შედევრები. მუზეუმებითა და ბუნებრივი წყალსაცავებით, აქ ნამდვილად საუცხოო დასვენებას მოიწყობთ.
-
ლედროს ტბა
ტრენტინოს მთიან რეგიონში პატარა, სულ რაღაც 3 კმ სიგრძის და 1.5 კმ სიგანის ტბაა – იდეალური მიმართულება მთის მოყვარულთათვის. აქ ზაფხულში გრილა და სასიამოვნო ატმოსფეროა ცურვისთვის, ლაშქრობისთვის და ველოსეირნობისთვის. ლედროს ტბაზე 4 სანაპიროა და ყველა მათგანი საოჯახო დასვენებისთვის ნამდვილად ზედგამოჭრილია.
-
ბოლსენას ტბა
ბოლსენას ტბა ევროპაში ვულკანური წარმოშობით უდიდესია და ის ტოსკანასა და უმბრიას საზღვარზე მდებარეობს. ბოლსენა წარმოიქმნა მაშინ, როცა ვულსინის ვულკანი ამოიფრქვა და ორი კუნძული, ბიზენტინა და მარტანა წარმოშვა. აქ ბევრი რესტორანია, სადაც უგემრიელეს იტალიურ კერძებს დააგემოვნებთ.
-
ორტას ტბა
მაგიორეს ტბის დასავლეთით მდებარე ამ პატარა ტბას წმ. იულიუსის ტბას უწოდებდნენ, იმ მფარველი წმინდანის სახელს, რომელიც კუნძულს დღემდე ქვია. მწვანე მთებით გარშემორტყმულ ტბაზე ულამაზესი ხედები იშლება და სიმშვიდით ყველა ტურისტს ხიბლავს. კუნძულზე კულტურა და ბუნება ერთმანეთთან საინტერესოდაა შერწყმული და დაუვიწყარ სამოგზაურო შთაბეჭდილებებს გპირდებათ.