ჩრდილოეთ იტალიის ლომბარდიის რეგიონში, კომოს ტბა ისეთ სოფლებს და ვილებს აერთიანებს, რომელთა მონახულებაც ნამდვილად ღირს. ამიტომაც ეს ადგილი იტალიური დასვენებისთვის საუცხოოა. თუ მის მონახულებას აპირებთ, ჩვენ კომოს ტბაზე ვიზიტს საინტერესოდ დაგიგემავთ.

შეისწავლეთ კომოს ტბის დუომო

დასხედით მოედანზე რომელიმე რესტორანში და დატკბით მე-15 საუკუნის საოცარი ნეოგოთიკური ფასადითა და სკულპტურებით. არც დუომოს ინტერიერი გაგიცრუებთ იმედს – 400 წლიანი შენების ისტორია რამდენიმე არქიტექტურული დიზაინის შერწყმას მოიცავს. შესვლა უფასოა.

დაათვალიერეთ ვილა დელ ბალბიანელო

ტბის დასავლეთით, ნავით ან ფეხით, მე-16 საუკუნის ვილას მიაგნებთ საკუთარი ბაღით, სადაც ულამაზესი ყვავილები და სიმწვანეა. აქედან ტბას განსაკუთრებული რაკურსით შეავლებთ თვალს და ბუნებისა და ისტორიული წარსულის იდეალურ კომბინაციაში ამოყოფთ თავს.

იქირავეთ ნავი ვარენადან

ვარენადან ტაქსის ტიპის ნავები ტბის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობაზე მოკლე და გრძელ ტურებს გთავაზობენ. ყველაზე მოკლე ტური ნახევარ საათს მოიცავს, ხოლო ყველაზე გრძელს, ჯორჯის ტურს უწოდებენ, ის 2.5 საათი ხანგრძლივობისაა და საშუალებას მოგცემთ კომოს ტბის ვილები დაათვალიეროთ, მათ შორის ჯორჯ კლუნის სახლი.

ესტუმრეთ ჯუნგლების პარკს

Jungle Raider Park – გასართობი პარკია, სადაც ექსტრემის მოყვარულებს ყველაფერი დაგხვდებათ: ზიპლაინით დაწყებული, ბუნებაში ხტომით დამთავრებული. აქ სხვადასხვა სირთულის ბილიკებია, როგორც ბავშვებისა და დამწყებებისთვის, ასევე გამოცდილი ექსტრემალებისთვის.

მოინახულეთ სან აბონდიოს ბაზილიკა

სან აბონდიოს ბაზილიკა ჩვ. წ.-ით მე-5 საუკუნით თარიღდება და ამ არეალში ერთ-ერთი უძველესი ტაძარია. მარტივი დეკორი ორნამენტებითა და მე-14 საუკუნის ფრესკებითაა დაბალანსებული. შენობის რესტავრაცია სხვადასხვა პერიოდებში ხდებოდა, ამიტომაც ის სხვადასხვა ეპოქის ტრენდებს აირეკლავს და კომოს ისტორიის შესახებ ბევრს გვიყვება.

დაათვალიერეთ მუზეუმი მოტო გუზი

ეს მუზეუმი მოხიბლავთ მათ, ვისაც მოტოციკლეტები უყვარს. აქ ამ ტიპის ტრანსპორტის ტრანსფორმაციაა წარმოდგენილი, სხვადასხვა ეპოქებიდან. შესვლა უფასოა და მისასვლელადაც ხელსაყრელია, თუ ტბის სოფლებს ესტუმრებით.

გაისეირნეთ სასტუმრო ვილა კიპრეზის ბოტანიკურ ბაღში

სასტუმრო ვილა კიპრეზის ნაწილი 1400 წელს აშენდა. მისი ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის ღიაა, შენობის დანარჩენი ნაწილი კი სასტუმროს ეკუთვნის. ეს უძველესი ბაღი იშვიათი სახეობის მცენარეებს უყრის თავს და ბუნების მოყვარულებს ნამდვილად ასიამოვნებს. ბაღიდან ლამაზი ხედებითაც დატკბებით.

გაისეირნეთ ფუენტას ტყეში

ეს ისტორიული ტყე უძველეს ნანგრევებს წარმოგვიდგენს. მე-17 საუკუნით დათარიღებული ტყე ტბის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. თუ ადგილობრივი ისტორიით ხართ დაინტერესებული, ამ ადგილის მონახულება წარსულში გადაგაგდებთ და ომის ისტორიებს მოგიყვებათ.

ესტუმრეთ პრინციპესას მარანს

ბელაჯიოში Principessa მდებარეობს, მარანი, რომლის უფროსიც მეგობრულ გიდობას გაგიწევთ და ადგილობრივი ღვინის უზარმაზარ კოლექციას დაგათვალიერებინებთ. აქ იტალიური ღვინის შეძენაცაა შესაძლებელი, რომელსაც სურვილის შემთხვევაში თავად გამოგიგზავნიან სასურველ ქვეყანაში.

დალაშქრეთ Sentiero del Viandante

თუ ლაშქრობა გიყვართ და კომოს საფეხმავლო გზებიდან ვერ გადაგიწყვეტიათ რომელს ესტუმროთ, ჩვენ გარწმუნებთ, რომ ამ ბილიკს ბადალი არ ჰყავს. 45 კმ სიგრძის სენტიერო რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი. კომოს აღმოსავლეთით მდებარე ეს ბილიკი რომაული პერიოდიდან თარიღდება და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა.