საბერძნეთში პირველად ჩასვლისას რთულია უგულველყოთ სანტორინი, მიკონოსი, კრეტა ან კორფუ. მაგრამ ეს ქვეყანა ამ პოპულარულ მიმართულებებს მიღმაც ბევრ მარგალიტს გვთავაზობს. 6000-მდე კუნძულიდან აქ 227 დაუსახლებელია. იონიის, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვაში მიმოფანტული კუნძულები ხშირად ტურისტების თვალთახედვის არეალში ვერ ხვდებიან. ბორნებით კი მათ მონახულებას მარტივად შეძლებთ:
ტინოსი (სიკლადები)
მიკონოსიდან ბორნით ნახევარი საათის გზაზე მდებარე ბერძნული კუნძული ტინოსი საოცრად ლამაზი და მის მეზობელზე ბევრად ბიუჯეტური მიმართულებაა. იმის გამო, რომ მას ტურისტული პიკი ჯერ არ შეხებია, ნაკლებად ხალხმრავალია და ვიზიტორებს რელაქსაციას ჰპირდება. კუნძულზე 700-ზე მეტი ეკლესია და საყდარი მდებარეობს, როგორც კათოლიკური, ასევე ორთოდოქსული. რელიგიური ნაგებობების გარდა, ტინოსზე 40-მდე სოფელია აღმოსაჩენი. განსაკუთრებით გირჩევთ უმშვენიერეს კარდიანს, რომელიც გაცოცხლებულ საფოსტო ბარათს ჰგავს. თუ ფეხით სიარული გიყვართ, აქ სალაშქრო ბილიკებიც დაგხვდებათ, როგორც მარტივი სირთულის, ასევე საშუალო. აღსანიშნავია ტინოსის ავთენტური კულინარია, ზღვის პროდუქტები და ღვინის მრავალფეროვნებაც. ბერძნულ ტრადიციულ ტავერნებში გემრიელი კერძებით, სასმლით და მშვიდი ატმოსფეროთი ისიამოვნებთ.

ლეროსი (დოდეკანესი)
რატომ იმსახურებს ლეროსი თქვენს მოსანახულებელ კუნძულთა სიაში ყოფნას? ის დოდეკანესის არქიპელაგს რამდენიმე ბორნის კომპანიის საშუალებით უკავშირდება და საკმაოდ ხელმისაწვდომი მიმართულებაა იტალიური გავლენებით, ფარული სანაპიროებით და მომხიბვლელი ეგეოსური შარმით. კიდევ ერთი რამ, რაც მას განსაკუთრებულს ხდის, ის მთელი წლის მანძილზე მოსანახულებელი კუნძულია, რომელიც მეზობელი კოსისგან და როდესისგან განსხვავებით, ტურისტებისგან დაცლილია. ზაფხულშიც კი აქ უფრო მეტი ბერძენი დამსვენებელია, ვიდრე უცხოელი. ზღვისპირა ქალაქი აგია მარინა მშვენიერი ადგილია ლეროსზე მოგზაურობის დასაწყებად. ცოცხალ პორტს ბიზანტიური პერიოდის პანდელის სასახლე გადმოჰყურებს, სადაც ასვლას შეძლებთ. ქალაქი ლაკი კი ბერძული კუნძულის ესთეტიკას წარმოგვიდგენს, მრავალფეროვანი არქიტექტურით.

იკარია (ჩრდილოეთ ეგეოსი)
ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძული იკარია ნამდვილი ბერძნული სამოთხეა. აქ თვალში ნაკლებად გვხვდება ტურისტები და მთლიანად ბერძულ ატმოსფეროში ვიძირებით. ამასთან, მას ბევრი გამორჩეული სანაპირო აქვს: კლდოვანი სეიშელის სანაპირო, ვიწრო ნასი და მესაკტი სერფერებისთვის. იკარიას აქვს ანტიკური თერმული წყაროებიც, რომელთა შორისაცაა ლეფკადას სპა. ამ კუნძულზე მისი მაცხოვრებლების სიცოცხლის ხანგრძლივობაც გამოარჩევს, იკარიელების უმეტესობა მინიმუმ 90 წლამდე ცოცხლობს. ის ლურჯ ზონადაა აღიარებული, რადგანაც სიცოცხლის ხანგრძლივობა იმაზე გრძელია, ვიდრე პლანეტის საშუალო მაჩვენებელი. აქ ბორნით ბევრი ლოკაციიდან მოხვდებით: პატმოსიდან, მიკონოსიდან, სამოსიდან, ნაქსოსიდან, სიროსიდან თუ პაროსიდან. თუ ბორანზე ყოფნა 7 საათიც გაწყობთ, მაშინ იკარიაზე ათენიდანაც შეგიძლიათ წასვლა, თუმცა, დედაქალაქიდან არის ფრენებიც.

სპეტსესი (სარონიკი)
ეს ბერძნული კუნძული პრაქტიკულად მანქანებისგან დაცლილია, წარმოგვიდგენს კრისტალივით სუფთა წყალს და მშვიდ ბერძნულ ატმოსფეროს. სპეტსესზე წყნარი დასვენება გელით და ის ათენიდან ბორნით მხოლოდ 2 საათის გზაზე მდებარეობს. დაპიას პორტი კუნძულის მთავარი სოფლის, სპეტსესის გულში მდებარეობს და წყლისპირა მაღაზიებს და ბარ-რესტორნებს წარმოგვიდგენს. მოინახულებთ ძველ ნავსადგურს, იხილავთ ნეოკლასიკურ ვილებს და მიხვდებით თუ რატომ აქვს კუნძულს ზედმეტსახელი “საბერძნეთის მონაკო”. ეწვიეთ სანაპიროებს სნორკელინგისთვის, მოინახულეთ ბეკირის გამოქვაბული და აქ დასვენების შემდეგ მიხვდებით რომ სპეტსესი არ იხდის ბოდიშს იმის გამო, რომ წყნარი, ნელი და ღრმად ელეგანტურია. ისაა კუნძული, რომელიც გახსენებთ იმას, რაც თითქოს დიდიხანია დაგავიწყდათ.

პაქსოსი (იონური)
მართალია ბევრ ტურისტს მზერა კორფუსკენ აქვს მიმართლი, თუმცა მისი მეზობელი პაქსოსიც არანაკლებ ლამაზი მიმართულებაა. ის საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქალაქია ფირუზისფერი წყლით, ზეთისხილის ხეებით, გამოქვაბულებით და მომხიბვლელი სოფლებით. შენობების არქიტექტურაში იგრძნობა ისტორიის ის პერიოდი, როცა პაქსოსი 4 საუკუნის მანძილზე ვენეციური მმართველობის ქვეშ იყო. ლაკაში დაისვენებთ სანაპიროებზე: ჰარამიზე, კანონიზე და ორკოსიზე; ლოგოსში კი იხილავთ პასტელურ შენობებს. ბორნებით და წყლის ტაქსებით შეხვალთ გამოქვაბულებში და გაივლით ბუნებრივ თაღებში, რომლებსაც ცარიელ სანაპიროებამდე მივყავართ.











