ბერძნული კუნძული კოსი დაუსრულებლად გრძელი სანაპიროებით, ფანტასტიკური საკვებით, ველოსიპედის ბილიკებით და ანტიკური გამაჯანსაღებელი ცენტრით, ეგეოსის სხვა კუნძულებს არ ჰგავს. გრძელი პალმის ხეები, ქვიშიანი სანაპიროები, ლამაზი ლანდშაფტები, არქეოლოგიური ძეგლები და ანტიკური ბერძნული, რომაული თუ ოტომანური ნაშთები კოსს განსაკუთრებულ შარმს სძენენ. ჩვენ ჰიპოკრატეს დაბადების ადგილას საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ.

1. გაისეირნეთ ქალაქის ქუჩებში

ქალაქი კოსი ოტომანური პერიოდიდან მოყოლებული, სხვადასხვა ცივილიზაციების კულტურულ მოზაიკას წარმოგვიდგენს. მოიარეთ მისი პორტი და ძველი ქალაქი, სადაც ნახავთ აგორას, ანტიკურ გიმნაზიას, რომაულ ოდეონს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს და აშ. ქვაფენილია ხეივნებში ტრადიციული სახლები და ელეგანტური იტალიური სტილის შენობები მდებარეობს, ასევე, მაღაზიები და კაფე-რესტორნები. კოსის ქალაქში სეირნობა არასდროსაა საკმარისი.

2. იცურავეთ წყალში საოცარ სანაპიროებზე

კოსის სანაპიროები ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სანაპიროებადაა აღიარებული ეგეოსის ზღვაში. აქ ყველანაირი ტიპის სანაპიროს აღმოაჩენთ. ერთ-ერთი საუკეთესოა მასტიჰარი (Mastichari). ასევე, კარგი არჩევანია აგიოს სტეფანოსი, მასტიჰარი და მარმარი. ყველაზე პოპულარული კი არის კარდამენა.

3. აღმოაჩინეთ ადგილობრივი გასტრონომია

კოსი ცნობილია გასტრონომიული მრავალფეროვნებით. ის კულინარიულ რეპუტაციას საუკუნეების მანძილზე იხვეჭდა. აქ უგემრიელესი ყველი, პომიდორი, თაფლი, ზეთისხილის ზეთი და ღვინოა, რომლებიც უგემრიელესი რეცეპტების ბაზას ქმნიან. ჩვენ სამ საუკეთესო რესტორანს გირჩევთ: Oromedon; Avli და Elia.

4. ეწვიეთ კოსის ასკლეპიონს

ქალაქ კოსიდან 4 კილომეტრში მდებარე კოსის ასკლეპიონი ანტიკური ბერძნული სამყაროს ერთ-ერთი ცნობილი საყდარი და კუნძულის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია. ბერძენმა ფიზიკოსმა ჰიპოკრატემ, სწორედ აქ დაარსა მისი პირველი სკოლა.

5. გაყევით “სამი კუნძულის” ტურს

კოსთან ბევრი პატარა კუნძული მდებარეობს სუფთა წყლით და სანაპიროებით. მოინახულეთ ნავის ტურებით მინიმუმ 3 კუნძული. ისიამოვნეთ კალიმნოსის სანაპირო-ყურეებით და გამოქვაბულებით, აღმოაჩინეთ სოფელი ვატი და იცურავეთ პლატის ან პსერიმოსის წყლებში, ჩაუარეთ მცურავ დელფინებს – ეს იქნება დღე, რომელსაც ვერ დაივიწყებთ.

6. უყურეთ მზის ჩასვლას ზიაზე

მაგიური საღამოს გასატარებლად, ეწვიეთ ზიას, მთაში მდებარე დასახლებას ვიწრო ხეივნებით, წყლის წისქვილებით და ლამაზი პატარა თეთრი და ლურჯი სახლებით. შეიძინეთ ტრადიციული პროდუქტები და უყურეთ რომანტიკულ მზის ჩასვლას რომელიმე ტერასიდან.

7. ჩაიძირეთ კუნძულის ცოცხალ ღამის ცხოვრებაში

ზაფხულში, მზის ჩასვლის შემდეგ, კუნძული ახალ სიცოცხლეს იძენს. გაერთობით სანაპირო ბარებში ან მიაკითხავთ დახურულ კლუბებს. პორტის გარშემო არეალი, ასევე კარდამენა და ტიგაკი კუნძულის ღამის ცხოვრების ჰაბებია.

8. ეწვიეთ კუნძულის ვენახებს

კოსს ღვინის წარმოების გრძელი ტრადიცია აქვს. აქ ბევრი მევენახეობა და საოჯახო მარნები მდებარეობს, რომლებიც ვიზიტორებს სტუმარ-მასპინძლობით ხვდებიან. მათ შორის რამდენიმე საუკეთესოა: Hatziemmanuil, Mesariano და Triantafyllopoulos.

9. აღმოაჩინეთ კოსის წყალქვეშა სილამაზე

კოსი სკუბა დაივინგის დაუვიწყარ გამოცდილებას შეგძენთ. აქ ბევრი წყალქვეშა გამოქვაბული და რიფია, წყალქვეშა გვირაბები, ბაღები და მდიდარი წყალქვეშა სამყარო. შესაძლებელია შეხვდეთ დელფინებს და წყლის კუებს. ეწვიეთ კოსის ცენტრებს დაივინგის და სნორკელინგის ტურებისთვის.

10. უყურეთ ფილმს ღია ცის ქვეშ კინოთეატრში

ღია ცის ქვეშ კინოთეატრი ბერძნული ზაფხულის ღამეების მმნიშვნელოვანი ნაწილია. კოსში ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ ფილმის ყურება ორფეას ღია კინოთეატრში შეგიძლიათ.

11. გაერთეთ ლიდოს აკვაპარკში

უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშენებული ლიდოს აკვაპარკი სხვადასხვა ტიპის სასრიალოებს, ჯაკუზებს, საბავშვო სივრცეებს და აუზებს აერთიანებს.

12. კოსის არქეოლოგიური მუზეუმი

კოსის არქეოლოგიურ მუზეუმს ელეფტერიას მოედანზე აღმოაჩენთ. შესვლისთანავე შემოგეგებებათ ქალღმერთი ჰერას შთამბეჭდავი ქანდაკება და მოზაიკები.

ბორნები კორსში ყოველწლიურად ყოველდღე დადიან, ზაფხულის თვეებში კი ბევრად აქტიურად. შეგიძლიათ გაყვეთ პირაეუსიდან.