იტალია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული არქიტექტურის სამშობლოა – ანტიკური ცივილიზაციების ნანგრევებით, ბუნების საოცრებებით, კვების კულტურით და მრავალფეროვანი ხელოვნებით. წლის განმავლობაში ამ ქვეყანას 50 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს, რითიც იტალია მსოფლიოში რიგით მეხუთე, ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა.
ჩვენ წარმოგიდგენთ ადგილებს, რომლებიც იტალიაში ყოფნის დროს აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
კოლიზეუმი
გლადიატორთა შერკინების ეს ცნობილი ადგილი ძველი რომის საკულტო სიმბოლოა. შთამაგონებელი მონუმენტი ყველაზე დიდი ამფითეატრია რაც კი ოდესმე აშენებულა და ის ყოველწლიურად 6 მილიონამდე ვიზიტორს მასპინძლობს.
პიზას კოშკი
მიუხედავად უამრავი ტურისტის ძალისხმევისა გაასწორონ ეს ცნობილი კოშკი, პიზა მაინც 3.9 გრადუსითაა ვერტიკალურად გადახრილი. 1372 წლიდან მოყოლებული, პიზას კათედრალის ამ სამრეკლომ რამდენიმე ძლიერ მიწისძვრას გაუძლო. თეთრი მარმარილოს კოშკი პიაცა დელ დუომოზე უმშვენიერეს ხედს გვთავაზობს.
ტრევის ჩანჩქერი
ტრევის ჩანჩქერი ბაროკოს ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია. ტრადიციის მიხედვით, თუ ჩანჩქერში მონეტას გადააგდებთ, ამ მარადიულ ქალაქში კვლავ დაბრუნდებით.
ფლორენციის კათედრალი
ფლორენციის კათედრალი, იტალიურად დუომო დი ფირენზე, რენესანსის პერიოდში ააგეს. მას თეთრი, ვარდისფერი და მწვანე მარმარილოს გამოყენებით, 150 წლის განმავლობაში აშენებდნენ. აღსანიშნავია, რომ კათედრალის დასავლეთით არსებული გოთიკური ფასადი მხოლოდ მე-19 საუკუნეში შეამატეს.
პანთეონი
ყოფილი რომაული საყდარი, რომელიც მომავალში ტაძრად აქციეს, იტალიის ერთ-ერთი ანტიკური მონუმენტია. ის იმპერატორმა ჰადრიანმა ააგო და თავდაპირველად ბრინჯაოს ფილებით იყო დაფარული.
უფიცის გალერეა
ფლორენციაში, მდინარე არნოს ნაპირზე, უფიცის გალერეა მდებარეობს. აქ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი იტალიური რენესანსის ხელოვნების ნიმუშები ინახება. მათ შორისაა: ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“ და ტიციანის „ურბინოს ვენერა“. ქალაქს უდიდესი კოლექცია მედიჩების ოჯახმა უსახსოვრა იმ პირობით, რომ ისინი ფლორენციას არასდროს დატოვებდნენ.
რომაული ფორუმი
საყდრებით, ბაზრობებითა და საჯარო შენობებით დაკომპლექტებული ფორუმი ანტიკური რომის ეპიცენტრი იყო. ქალაქის პოლიტიკური, სოციალური და კომერციული ცხოვრება სწორედ აქ დუღდა. დღეს აქ ნანგრევებია, მაგრამ უძველესი რომის სული მაინც იგრძნობა.
პომპეის არქეოლოგიური პარკი
პომპეი ვულკანის სქელი ფენით დაიფარა, თუმცა ქალაქი მე-16 საუკუნეში ახლიდან აღმოაჩინეს. ის წარმოგვიდგენს დეტალებს ანტიკური რომაული საზოგადოების ცხოვრებიდან. დღეს, აქ იმავე ქუჩებზე ისეირნებთ, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ათასწლეულის წინ ცხოვრობდნენ.
სიქსტის კაპელა
მიქელანჯელო საკუთარ თავს სკულპტორად მიიჩნევდა, თუმცა პაპმა იულიუს მეორემ სთხოვა სიქსტის კაპელა მოეხატა. დღეს ამ შედევრს დღეში 20,000 ადამიანიც კი ნახულობს. ჭერის დასრულებიდან 25 წლის შემდეგ, მიქელანჯელო სიქსტის კაპელას კვლავ მიუბრუნდა და ეკლესიის კედელზე მორიგი საოცრება – „უკანასკნელი განაჩენი“ მოხატა.
პიაცა სან მარკო
პიაცა სან მარკო ვენეციის სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ჰაბია. ინგლისურად მას წმ. მარკის მოედანს უწოდებენ და ის მუდამ სავსეა ტურისტებით. აქ რამდენიმე ღირსშესანიშნაობას იხილავთ: სან მარკოს ბაზილიკას, სასახლეს და მუზეუმს, რომელიც ვენეციის ხელოვნებას, ისტორიას და კულტურას წარმოგვიდგენს.
კომოს ტბა
გამოცემა Huffington Post-მა მას მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ტბის წოდება მიანიჭა. აქ უძველესი დროიდან მდიდარი ოჯახის წარმომადგენლები ისვენებდნენ და ეს ტრენდი დღემდე გრძელდება. სანაპიროზე გაშენებული ელეგანტური ვილები, გარშემო მთები და მშვიდი ატმოსფერო – კომოს ტბა მოლოდინს აუცილებლად გადააჭარბებს. ის ასევე პოპულარული მიმართულებაა კაიაკით, წყლის სპორტით და სხვა ფიზიკური აქტივობებით დასაკავებლად. შეგიძლიათ დატკბეთ კრუიზის ტურითაც.
საყდრების ველი/Valle dei Templi
სიცილიაზე ეს ადგილი ანტიკური აკრაგასის ნანგრევებია, რომელიც ერთ დროს ბერძნულ ქალაქს წარმოადგენდა. კარგად შემონახული კონკორდიას საყდარი, გარშემო ზეთისხილის ხეებითა და კაქტუსებით აუცილებლად მოგხიბლავთ.
სანტა მარია დელ გრაციას ბაზილიკა
ეს არ არის იტალიის უდიდესი ეკლესია, მაგრამ მსოფლიოს ცნობილი ხელოვნების ნიმუშის – ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობის“ ადგილსამყოფელია. ეკლესიაში შესვლა უფასოა, მაგრამ შედევრის სანახავად აუცილებლად უნდა ჩაეწეროთ წინასწარ.
ნაციონალური არქეოლოგიის მუზეუმი
ნეაპოლში, პიცისა და ჯელატოს მირთმევებს შორის, ამ მუზეუმში აუცილებლად უნდა შეიაროთ. თავდაპირველად ის ყაზარმას წარმოადგენდა, შემდეგ უნივერსიტეტი იყო, მე-18 საუკუნეში კი მუზეუმად იქცა.
ამალფის სანაპირო
ნეაპოლის სამხრეთით, ამალფის თვალწარმტაც ნაპირზე ფერადი ქალაქებია გაშენებული. ვენახები და ციტრუსის ბაღები ბუნების ამ საოცარ სილამაზეს კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენენ.