ამ ისტორიულ ქალაქში ვიზიტის დაგეგმვა შესაძლოა სტრესული იყოს, მითუმეტეს მაშინ, როცა ბევრი დრო არ გაქვთ. საბედნიეროდ, ქალაქის ისტორიული ცენტრი კომპაქტურია და თავისუფლადაა შესაძლებელი მისი ფეხით მოვლა. ჩვენ პირობას გაძლევთ რომ ტოსკანას დედაქალაქში 1 დღის მანძილზე ფლორენციის ბევრ ღირსშესანიშნაობას იხილავთ.

დილა

8am: დაიწყეთ დღე იტალიურად

მიიღეთ ენერგია ტიპური იტალიური საუზმით: კაპუჩინო და კორნეტო. ეს პოპულარული საუზმის ფუნთუშაა: კრუასანი ამოვსებული კრემით, ჯემით ან შოკოლადით. კორნეტოს ფლორენციის ყველა საფუნთუშეში მიაგნებთ, მაგრამ ჩვენ Caffè Scudieri-ს გირჩევთ, ისტორიულ კაფეს ქალაქის ცნობილ დუომოზე.

9am: დაათვალიერეთ ფლორენციის კათედრალი

საუზმის შემდეგ, ქალაქის საკულტო ღირსშესანიშნაობას: სანტა მარია დელ ფიორეს უნდა მიაკითხოთ. ეკლესია ცნობილია რენესანსის პერიოდის წითელი სახურავით, რომელზეც არქიტექტორმა, ფილიპო ბრუნელესკიმ იზრუნა. შეგიძლიათ აიაროთ 463 საფეხური და იხილოთ ფლორენციის პანორამული ხედი.

უკან დაბრუნების შემდეგ, დაათვალიერეთ შენობები ფლორენციის კათედრალის გარშემო, პიაცა დელ დუომოზე. ეკლესიაში შესვლა უფასოა, თუმცა ბილეთი მუზეუმისთვის, აკლდამისთვის და ბაპტისტერიუმისთვის დაგჭირდებათ.

შუადღე

12pm: მიირთვით ლანჩი ცენტრალურ ბაზარში

ლანჩისთვის გაიარეთ მერკანტო ცენტრალში. ქვედა სართულზე ტოსკანურ ღვინოს, ყველს, ზეთს, თაფლს, სანელებლებს, ხორცს და თევზს მიაგნებთ, ზევით კი ლანჩისთვის პიციდან დაწყებული, პასტით დამთავრებული, ყველაფერს შემოგთავაზებენ. ბაზარი ღიაა ყოველდღე დილის 8-დან გვიან საღამომდე.

1pm: მოინახულეთ სან ლორენცოს ბაზილიკა და პალაცო ვექიო

გასაოცარი რენესანსის პერიოდის ეკლესიის, სან ლორენცოს დიზაინი, მიქელანჯელოს და ბრუნელესკის ეკუთვნით. აქედან მალევე მოხვდებით პიაცა დელა სინორიაზე, ქალაქის დიდ მერიასთან, პალაცო ვექიოსთან. დაათვალიერეთ ეზო და დარბაზები, იქამდე, სანამ პიაცა დელა სინორიას მონუმენტების კოლექციას იხილავთ. აქ მიქელანჯელოს დავითის რეპლიკაც მედიდურად დგას.

2.30pm: შეისვენეთ ჟელატოსთან

ცნობილი ჟელატოს დაგემოვნების გარეშე ფლორენცია არ უნდა დატოვოთ. ეს ნაყინი სწორედ ამ ქალაქში შეიქმნა, ამიტომაც ფლორენცია საუკეთესოა ადგილია მის დასაგემოვნებლად. პიაცა დელა სინორიადან გადადით ფლორენციის ყველაზე ძველ და ცნობილ ხედზე, პონტე ვექიოზე, როგორც კი მეორე მხარეს მოხვდებით, ჩადით ქვევით ბორგო სან ჯაკოპოზე და იარეთ მდინარის ნაპირზე იქამდე, სანამ პიაცა ნაზარიო საუროსთან არ მოხვდებით. აქ La Carraia დაგხვდებათ, საუკეთესო ჟელატოს ადგილი, რომელსაც მწვანე და ყვითელი საცნობი ნიშანი გამოარჩევს. რა თქმა უნდა, დიდი რიგიც მიგანიშნებთ რომ სწორად მოხვედით. კლასიკური იტალიური ნაყინის დაგემოვნება თუ გსურთ, კრემით, შოკოლადით და არაქისით შეუკვეთეთ.

3.30pm: ისეირნეთ ოლტრარნოს იტალიურ ბაღებში

ოლტრარნო ფლორენციის ყველაზე ტრენდული უბანია ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებით, გალერეებით და ბუტიკებით. ქალაქის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაღიც აქაა: ბობოლი (Boboli) და გარდინო ბარდინი (Giardino Bardini). ბობოლის დათვალიერებას დიდხანს მოუნდებით, ბარდინის კი ნახევარი საათიც ეყოფა. აქ მშვენიერი ყვავილები, მონუმენტები და ცოტა ტურისტია.

საღამო

6pm: აპერეტივის დროა!

იტალიელებს უყვართ ჭიქა ღვინის დაგემოვნება მოსაღამოებულზე. შედით რომელიმე ღვინის ბარში და დააგემოვნეთ ღვინო ან სპრითსი. ჩვენ გირჩევთ Forte Belvedere-ის ტერასას, საიდანაც ფლორენციის ხედი იშლება.

8pm: აირჩიეთ რესტორანი ფლორენციული ვახშმისთვის

ფლორენციაში რესტორნების დიდი არჩევანია, რაც საშუალებას გაძლევთ ადგილობრივი ჯანსაღი და ახალთ-ახალი პროდუქტებით მომზადებული კერძები დააგემოვოთ. Il Magazzino ტიპური ტოსკანური ტავერნაა, Fuor d’Acqua-ში მეზობელი ქალაქიდან მოაქვთ ახალდაჭერილი თევზი, La Ménagère – ოჯახური სამზარეულოსთვის და ლამაზი ინტერიერისთვის აირჩიეთ, Pinchiorri კი მიშელინის სამი ვარსკვლავის მფლობელი რესტორანია.

ფლორენცია ქუჩის კვებითაც ცნობილია, ამიტომაც თუ უფრო იაფად გსურთ მირთმევა, საკვები გზიდან წაიყოლეთ.