ევროპის ისტორიული და შთამბეჭდავი სარინიგზო სადგურები საქვეყნოდაა ცნობილი. ევროპაში მატარებლით მგზავრობა საინტერესო გზაა კონტინენტის აღმოსაჩენად. შენმა მეგზურმა 12 საუკეთესო მათგანი შეგიკრიბათ:

მადრიდ ატოჩა, ესპანეთი

დღეს მადრიდის ამ სადგურს ორმაგი იდენტობა აქვს: ისტორიული 1892 წლის და მოდერნიზებული 1992 წლის, როცა მას ახალი მაღალსიჩქარიანი მატარებლები დაემატა. მოგხიბლავთ სადგურის ინტერიერში გაშენებული ბოტანიკური ბაღი ათასობით მცენარით. გარდა ისეთ დიდ ქალაქებთან კავშირისა, როგორებიცაა: სევილია, ბარსელონა, მალაგა, კადიზი და აშ, ატოჩა პატარა ადგილობრივ მიმართულებებსაც გვთავაზობს.

მილანის ცენტრალი, იტალია

ამ სადგურის მშენებლობა 1912 წელს დაიწყო და 1931 წელს გაიხსნა მომნუსხველი ექსტერიერით, რომელიც არტ დეკოს სტილს წარმოგვიდგენს. მის სკულპტურებსა და გამოსახულებებს სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ, რაც ანტიკურ რომს უკავშირდება. იტალია ცნობილია მისი მარმარილოთი და მილანის ცენტრალური სადგურიც ამ ქვითაა მოპირკეთებული.

სან პანკრასი, ლონდონი

თუ ევროპიდან დიდ ბრიტანეთში მოგზაურობთ, ამ საერთაშორისო სადგურზე აუცილებლად აღმოჩნდებით. ეს ვიქტორიანული ეპოქის სადგური ლონდონის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა და ინგლისის დედაქალაქს ამსტერდამთან, პარიზთან და ბრიუსელთან აკავშირებს. სან პანკრასის გოთიკური არქიტექტურა ნამდვილად მოგაჯადოებთ. აქ მატარებლის ტერმინალების გარდა ბევრი მაღაზია, ბარი და სასტუმროა.

ჰელსინკის ცენტრალური სადგური, ფინეთი

ჰელსინკი უნიკალური და კრეატიული ქალაქია საოცრად ამაღელვებელი მატარებლის ცენტრალური სადგურით. მისი შესასვლელი თეატრს წააგავს, თაღებითა და გეომეტრიული ფორმებით. 1919 წელს მისმა გახსნამ არტ ნუვოდან არტ დეკოს მოძრაობაში გადასვლა გვამცნო.

ამსტერდამ ცენტრალი, ნიდერლანდები

ამსტერდამის ცენტრალური სადგური ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სადგურია. გარდა ადგილობრივი მიმართულებებისა, ამ სადგურიდან შეძლებთ პარიზში, ლონდონში თუ პრაღაში მოხვედრასაც. ამსტერდამ ცენტრალის არქიტექტურა შთამბეჭდავია, შესრულებული 1889 წელს. ის ქალაქის ცენტრში, წყლის არხთან მდებარეობს და სადგურიდან მაშინვე გაძლევთ საშუალებას წყლის კრუიზებს შეუერთდეთ.

ლიონის მატარებლის სადგური, პარიზი, საფრანგეთი

საოცარი თაღებით და საათის კოშკით, შუშის ჭერით და არტ ნუვოს დეტალებით, “Gare de Lyon” მართლაც თვალისმომჭრელი შენობაა. სახელმა არ მოგატყუოთ, ის პარიზში მდებარეობს და არა ლიონში. მისი სახელი მე-19 საუკუნის პარიზი-ლიონის სარკინიგზო კომპანიიდან გამომდინარეობს. სანამ აქედან რომელიმე ქალაქში გაემგზავრებით, მოიტოვეთ დრო ფენომენალური სადგურის შენობის დასათვალიერებლად.

ანტვერპენის ცენტრალი, ბელგია

ჰოლანდიურ ენაზე მას “სარკინიგზო კათედრალს” უწოდებენ. მისი მონახულებისას მიხვდებით თუ რატომ ითვლება ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მატარებლის სადგურად. არქიტექტორის ერთ-ერთი ინსპირაცია იყო რომის პანთეონი. მისი უზარმაზარი დარბაზი და მასიური კიბეები სასახლეში ყოფნის განცდას გვანიჭებს.

საო ბენტო, პორტო, პორტუგალია

საო ბენტო ანუ სან ბენედიქტის სადგური პორტოს მშვენებაა. როგორც იცით, პორტუგალიური ფილების ხელოვნება “აზულეჯო” ადგილობრივი საგანძურია. სწორედ მისითაა ეს სადგურიც დამშვენებული. ტრადიცია მე-16 საუკუნიდან იღებს სათავეს, როცა აზულეჯოთი ინტერიერის და ექსტერიერის მორთვა პოპულარული ტენდეცია გახდა. საო ბენტოს დიზაინი იმდენად უნიკალურია, რომ თუ მატარებელს არ გამოიყენებთ, მისი ინტერიერის მონახულებას მაინც აუცილებლად გირჩევთ.

ედინბურგ ვევერლი, შოტლანდია

ეს სადგური ქალაქის უნიკალურ ნაწილში მდებარეობს. მისი არქიტექტურა ვიქტორიანულ სტილს იმეორებს და იმ დროის ელეგანტურობას ასახავს. ედინბურგის სადგური იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ძველ ქალაქსა და ახალ ქალაქს შორის მდებარეობს.

ლიეჟე-გილემენსი, ბელგია

ეს თანამედროვე შენობა კი ტექნოლოგიურ განვითარებას წარმოგვიდგენს. ქალაქ ლიეჟეს სარკინიგზო სადგურის დიზაინი სანტიაგო კალატრავას ეკუთვნის. ის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სადგურია და სარკინიგზო მგზავრობის პროგრესს უჭერს მხარს. აღსანიშნავია მისი კოლოსალური ჭერი.

ტ-ცენტრალი, სტოკჰოლმი, შვედეთი

ამ სადგურის ინტერიერი ისტორიულის და თანამედროვეს შერწყმაა. მისი მონახულებისას სრულიად უნიკალურ მიწიქვეშეთის სარკინიგზო სამყაროს წააწყდებით. სტოკჰოლმის მეტროს სისტემა დიდი ხელოვნების გალერეაა. აქ ნახავთ ინსტალაციებს, ხელოვნების ნიმუშებს, მულტიმედია პროექტებს და მხატვრობას.

ჩრდილოეთის სადგური, ვალენსია, ესპანეთი

ეს ლამაზი ესპანური ქალაქი ცნობილია ხმელთაშუაზღვიური პაელათი, ცენტრალური ბაზრობით და უმშვენიერესი სარკინიგზო სადგურით. თუ ადგილობრივი მატარებლებით მოგიწევთ მგზავრობა, თქვენი ჩასხდომის ადგილი სწორედ ეს იქნება. თუ დრო გექნებათ, ეწვიეთ მის იაპონურ კაფეს ან ულამაზეს ბაღის სივრცეს.