ყოველწლიურად მილიონობით იაპონელი მოგზაური ქვეყნის სამხრეთით, ოკინავასკენ მიემართება, რომელსაც ტროპიკული სანაპიროები და მზიანი ამინდი განსაკუთრებით მიმზიდველ დასასვენებელ ადგილად აქცევს. თუმცა კურორტების მიღმა სრულიად განსხვავებული კულტურა იმალება, რომელსაც იაპონიის სხვა ნაწილში ვერსად შეხვდებით.

ისტორიულად ეს ტერიტორია დამოუკიდებელი რიუკიუს სამეფოს სახელით იყო ცნობილი. 160-ზე მეტი კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი ერთ დროს მნიშვნელოვანი და აქტიური სავაჭრო ცენტრი იყო, რომელიც იაპონიას, ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას ერთმანეთთან აკავშირებდა. მოგვიანებით კი ოკინავამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომის მოვლენებშიც.

სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის გავლენამ ოკინავას უნიკალური იდენტობა ჩამოუყალიბა, რაც დღემდე იგრძნობა ადგილობრივ ენაში, ტექსტილში, არქიტექტურაში, მუსიკაში, საბრძოლო ხელოვნებასა და სამზარეულოში. ღორის ხორცით, ზღვის მცენარეებითა და გოიათი (მწარე ნესვით) მომზადებული ადგილობრივი კერძებიც კი გემოთი და ხასიათით უფრო ტაივანის სამზარეულოს მოგაგონებთ, ვიდრე ტოკიოსას.

ოკინავა მსოფლიო დონის დაივინგს, ტროპიკულ ტყეებში სალაშქრო მარშრუტებს, განმარტოებულ სანაპიროებს, ტრადიციულ სოფლებსა და მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკული მოვლენების ამსახველ ისტორიულ ადგილებს აერთიანებს.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ოკინავას მთავარ კუნძულზე ცხოვრობს, არქიპელაგის შორეული კუნძულებიც არანაკლებ საინტერესოა. მიაკოს კუნძულები თვალისმომჭრელი თეთრი ქვიშის სანაპიროებით გამოირჩევა, იაეიამას კუნძულები კი ხელუხლებელი ველური ბუნებითა და მშვიდი სოფლებით მოგხიბლავთ. კიდევ უფრო აღმოსავლეთით მდებარე დაიტოს კუნძულებზე კი შთამბეჭდავი ზღვის კლდეები და ველური ლანდშაფტები დაგხვდებათ. იქ დანარჩენი სამყაროსგან სრულად მოწყვეტის შეგრძნება დაგეუფლებათ.

როდის არის საუკეთესო დრო ოკინავაზე სამოგზაუროდ?

მარტიდან ივლისის დასაწყისამდე ოკინავაზე მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდად მიიჩნევა. ზღვა უკვე საკმარისად თბილია ცურვისთვის, ამინდი სასიამოვნოა, კუნძულებზე კი ცოცხალი ატმოსფეროა, ტურისტების რაოდენობა კი ჯერაც არაა ბევრი. მთავარი გამონაკლისია “ოქროს კვირეული” – მაისის დასაწყისში იაპონიაში არსებული ეროვნული დღესასწაულების პერიოდი, როდესაც მოგზაურთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.

ივლისსა და აგვისტოში ტენიანობაც და ტურისტების რაოდენობაც პიკს აღწევს. იაპონიაში სასკოლო არდადეგები და ობონის დღესასწაული ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან უამრავ მოგზაურს იზიდავს, რის გამოც კურორტებზე ფასებიც მკვეთრად იზრდება. თუ ოკინავაზე ამ პერიოდში მიემგზავრებით, ავიაბილეთებისა და საცხოვრებლის წინასწარ დაჯავშნა რეკომენდებულია.

სექტემბერი და ოქტომბერი ტაიფუნების სეზონს ემთხვევა, თუმცა შტორმებს შორის პერიოდში მოგზაურებს თბილი ზღვა, დაივინგისთვის შესანიშნავი პირობები და შედარებით ნაკლები ტურისტი ელოდებათ. გასათვალისწინებელია, რომ ტაიფუნებმა შესაძლოა მოგზაურობის გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალოს. ერთმა ძლიერმა შტორმმაც კი შეიძლება რამდენიმე დღით შეაჩეროს ავიარეისები და საბორნე მიმოსვლა, განსაკუთრებით შორეულ კუნძულებზე.

ზამთარი, იაპონიის ძირითად ტერიტორიასთან შედარებით, ოკინავაზე საკმაოდ რბილია. დეკემბრიდან თებერვლამდე დღის ტემპერატურა, როგორც წესი, 17–20°C-ის ფარგლებშია. მიუხედავად იმისა, რომ ზღვა ცურვისთვის უკვე საკმაოდ გრილია, ეს საუკეთესო პერიოდია კუზიან ვეშაპებზე დასაკვირვებლად. ზამთარი ასევე იდეალური დროა კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად. საცხოვრებლის ფასები შედარებით დაბალია, სასიამოვნო ტემპერატურა კი კუნძულების დათვალიერებას უფრო კომფორტულს ხდის. თან იქონიეთ მსუბუქი სვიტერი, გრძელმკლავიანი მაისურები და თხელი ქურთუკი შედარებით გრილი საღამოებისთვის.

ოკინავაზე ამინდი სწრაფად შეიძლება შეიცვალოს. ხანმოკლე ტროპიკულ წვიმას ხშირად მალევე მზიანი ამინდი ცვლის, ამიტომ წვიმიანი პროგნოზი სულაც არ ნიშნავს, რომ მთელი დღე ცუდი ამინდი იქნება. მოგზაურობის გეგმაში რამდენიმე დამატებითი დღის გათვალისწინება მნიშვნელოვნად გაზრდის შანსს, რომ ოკინავას იდეალური სანაპირო ამინდიც დაგემთხვეთ.

რა დრო უნდა გაატაროთ ოკინავაზე?

ოკინავა ვრცელი არქიპელაგია, რომლის სრულად შესაცნობად შედარებით ხანგრძლივი მოგზაურობა საუკეთესო არჩევანია. იაპონიაში მოგზაურობისას ოკინავაზე მხოლოდ შაბათ-კვირის დათმობა ნამდვილად არ იქნება საკმარისი.

თუ ოკინავას პირველად სტუმრობთ, იდეალური ხანგრძლივობა 7-დან 10 დღემდეა. სამი ან ოთხი დღე შეგიძლიათ დედაქალაქ ნაჰას, მთავარი კუნძულის კულტურული ღირსშესანიშნაობებისა და ისტორიული ადგილების დათვალიერებას დაუთმოთ, შემდეგ კი რამდენიმე დღით მიაკოს ან იაეიამას კუნძულებზე გადაინაცვლოთ, სადაც ფირუზისფერი ზღვა, მსოფლიო დონის დაივინგი და კუნძულებისთვის დამახასიათებელი მშვიდი ცხოვრების რიტმი დაგხვდებათ.

თუ ორი სრული კვირა ან მეტი გაქვთ, რამდენიმე კუნძულის მონახულება შეგიძლიათ დაგეგმოთ. ხუთი დღე მთავარი კუნძულის აღმოჩენას დაუთმეთ, ოთხი დღე მიაკოზე შაქრის ლერწმის მინდვრებს შორის ველოსიპედით სეირნობასა და მარჯნის რიფებთან დაივინგს, დარჩენილი ხუთი დღე კი იშიგაკის, ტაკეტომისა და ირიომოტეს კუნძულებზე გაატარეთ, სადაც ხშირ ტროპიკულ ტყეებში სალაშქრო მარშრუტები და რიუკიუს ტრადიციული სოფლები გელოდებათ.

ხანგრძლივი მოგზაურობის კიდევ ერთი უპირატესობა ამინდის შესაძლო ცვლილებების გათვალისწინების შესაძლებლობაა. დამატებითი დღეები დაგეხმარებათ, რომ ავიარეისების ან ბორნების შეფერხებამ და მოულოდნელმა ტროპიკულმა შტორმმა თქვენი დასვენების გეგმები მთლიანად არ შეცვალოს.

ადვილია თუ არა ოკინავაზე ჩასვლა და გადაადგილება?

ოკინავაზე ჩასვლა საკმაოდ მარტივია, თუმცა ადგილზე გადაადგილება შედარებით მეტ დაგეგმვას მოითხოვს.

მთავარ კუნძულზე მდებარე ნაჰას აეროპორტი ოკინავას მთავარი საჰაერო კარიბჭეა. აქ პირდაპირი რეისები სრულდება აზიის ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქებიდან, როგორებიცაა ტაიპეი, სეული, ჰონგ-კონგი და ბანგკოკი. ყოველდღიური შიდა რეისები კი ნაჰას ტოკიოსთან, ოსაკასა და ფუკუოკასთან აკავშირებს. იშიგაკისა და მიაკო-შიმოჯიშიმას აეროპორტებში ასევე სრულდება პირდაპირი შიდა რეისები იაპონიის მთავარი კუნძულებიდან, რაც ნაჰაში გადაჯდომის აუცილებლობას გამორიცხავს.

ოკინავაზე ავტომობილები გზის მარცხენა მხარეს მოძრაობენ, ხოლო ძირითადი საგზაო ნიშნები იაპონურ და ინგლისურ ენებზეა განთავსებული.

ერთდღიანი მოგზაურობისთვის შეგიძლიათ ბორნით მთავარ კუნძულთან ახლოს მდებარე კერამას კუნძულებს ესტუმროთ. აქ დაგხვდებათ კრისტალურად სუფთა, გამორჩეული შეფერილობის წყალი. ზამთარში კი ამ ტერიტორიაზე მიგრირებად კუზიან ვეშაპებზე დაკვირვებაც არის შესაძლებელი.

კუნძულების ერთმანეთისგან დაშორებულ ჯგუფებს შორის გადასაადგილებლად, მაგალითად, ნაჰადან მიაკოს ან იშიგაკის მიმართულებით, ფრენა დაგჭირდებათ, რადგან ამ არქიპელაგებს შორის სამგზავრო ბორნები არ მოძრაობს. თუმცა, როდესაც ერთი კუნძულთა ჯგუფის ფარგლებში იმყოფებით, გადაადგილება გაცილებით მარტივია. მაგალითად, იაეიამას არქიპელაგში იშიგაკიდან მეზობელ ტაკეტომისა და ირიომოტეს კუნძულებზე სწრაფი სამგზავრო ბორნები რეგულარულად მოძრაობს.

პატარა და მყუდრო კუნძულებზე, როგორიცაა ტაკეტომი ან ზამამი, გადაადგილების ყველაზე გავრცელებული საშუალება ველოსიპედია, თუმცა კუნძულების ფეხით დათვალიერებაც მარტივად შეგიძლიათ. მიაკოსა და იშიგაკიზე კი ავტომობილის დაქირავება უფრო პრაქტიკულია. დაიტოს კუნძულებზე ფრენების რაოდენობა შეზღუდულია და ტურისტული ინფრასტრუქტურაც ნაკლებად განვითარებული დაგხვდებათ.

რა უნდა გააკეთოთ ოკინავაზე

აღმოაჩინეთ უძველესი ციხესიმაგრეები

ნაჰას თავზე აღმართული შურის ციხესიმაგრე ოდესღაც რიუკიუს მეფეების რეზიდენცია იყო და დღემდე ოკინავას იდენტობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ რჩება. კუნძულებზე ასევე შეხვდებით გუსუკუს ტიპის უძველესი ციხესიმაგრეების შთამბეჭდავ ნანგრევებს, მათ შორის ნაკიჯინსა და კაცურენს, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.

ჩაყვინთეთ მანტებთან ერთად

მანტებთან შეხვედრა ოკინავას წყალქვეშა სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილებაა. იაეიამას არქიპელაგში, იშიგაკის კუნძულის გარშემო არსებული წყლები იაპონიაში მანტებთან დაივინგისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება. მათი ნახვა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა ყველაზე ხელსაყრელი პირობები შემოდგომაზეა.

ამ შთამბეჭდავ არსებებთან ერთად მყვინთავებს შეუძლიათ იხილონ ზღვის კუები, რიფის ზვიგენები, არწივისებრი სკაროსები, კლოუნი თევზები და ტროპიკული ზღვის ბინადრებით სავსე ფერადი მარჯნის რიფები.

დააგემოვნეთ და თავად მოამზადეთ ადგილობრივი კერძები

ნაჰას ხალხმრავალი ბაზრობის დახლებზე ტროპიკული ხილის მრავალფეროვნება დაგხვდებათ: მანგო, დრაკონის ხილი და ადგილობრივი ციტრუსები. აქვე იყიდება ახლად დაჭერილი ზღვის პროდუქტები, კუნძულზე მოყვანილი ბოსტნეული და ადგილობრივი დელიკატესები.

გაისეირნეთ რიუკიუს ტრადიციულ სოფელში

ტაკეტომის კუნძულზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ისეთი ოკინავა, როგორსაც ბევრი მოგზაური წარმოიდგენს, მაგრამ რეალურად იშვიათად პოულობს. გაისეირნეთ მშვიდ ქუჩებში, რომლებსაც წითელი კრამიტის სახურავებიანი სახლები და ქვის კედლები მიუყვება, დააგემოვნეთ იაეიამას სობა და შემდეგ წყლის კამეჩის ეტლით მშვიდად შემოიარეთ სოფელი, სანამ ფონად ოკინავას ტრადიციული სიმებიანი საკრავის მელოდიები ჟღერს.

რამდენად უსაფრთხოა ოკინავა?

მოგზაურთა უმეტესობას ოკინავაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პრობლემები არ შეხვდება და ჩვეულებრივი სამოგზაურო სიფრთხილის დაცვა სრულიად საკმარისია. თუმცა ადგილობრივ ბუნებას ყურადღებით უნდა მოეკიდოთ.

გასათვალისწინებელია ზღვასთან დაკავშირებული საფრთხეებიც, მათ შორის ძლიერი დინებები, ზღვის ზღარბები და შხამიანი ჰაბუ მედუზები. გაითვალისწინეთ ადგილობრივების რჩევები და ყურადღება მიაქციეთ სანაპიროებზე განთავსებულ გამაფრთხილებელ ნიშნებს.