მალაგას ლამაზი სანაპიროებისთვის და ლანდშაფტისთვის, უძველესი კოშკებისა და ლამაზი პორტისთვის უნდა ეწვიოთ. აქ მზე და კარგი რესტორნები დაგხვდებათ. ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი თანამედროვე ხელოვნებითა და კულტურით ცოცხლობს, კრეატიული ბუტიკებითა და ფერადი ქუჩის ხელოვნებით. აქ წლის განმავლობაში სამასი დღე მზიანია და წვიმა დღის გეგმებს თითქმის ვერასდროს ჩაგიშლით.
-
გაისეირნეთ პარკში – Montes de Málaga
ეს მშვენიერი ადგილი მალაგადან 5 კილომეტრში მდებარეობს. იქირავეთ ველოსიპედი და გაატარეთ დღე საოცარ ფლორაში. წაიღეთ ლანჩი და დატკბით ხმელთაშუაზღვის შთამბეჭდავი ხედებით.
-
ადით მთაზე – Mirador de Gibralfaro
ამ მთაზე ასასვლელად რამდენიმე ბილიკი არსებობს და ის ქალაქის პანორამულ ხედებს გვთავაზობს. რაც უფრო მაღლა ახვალთ, ნანახით მით უფრო მოიხიბლებით. ხმელთაშუაზღვა აქედან თითქოს ცას ერწყმის.
-
მოინახულეთ ეკლესია – Iglesia de San Juan Bautista
ეს ეკლესია 1487 წელს, გოთიკური სტილით ააგეს, თუმცა მას შემდეგ მან ბევრჯერ განიცადა ცვლილებები, მათ შორის ბაროკოს პერიოდში და ეს ფაქტი მის გარკვეულ დეტალებზე აშკარად აისახება. კოშკურა მე-15 საუკუნეში დაამატეს. სხვადასხვა არქიტექტურულ სტილზე დასაკვირვებლად ეს ტაძარი არაჩვეულებრივი ადგილია.
-
დაათვალიერეთ მუზეუმი – Museo de Málaga
მალაგას მუზეუმი, რომელიც პლაზა დე ლა ადუანაზე მდებარეობს, ანდალუსიის უდიდესი მუზეუმია, ესპანეთში კი სიდიდით რიგით მეხუთეა. ის 2016 წელს გაიხსნა და ხელოვნებისა და არქეოლოგიის მუზეუმი გააერთიანა. დაიწყეთ ეზოს გამოკვლევით, შემდეგ დაათვალიერეთ სამივე სართული. მუზეუმი მხოლოდ ორშაბათობითაა დახურული.
-
ესტუმრეთ მალაგას პორტს – Port of Málaga
მალაგას პორტი ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. აქ ბევრ მაღაზიასა და ბარ-რესტორანს მიაგნებთ. მალაგას პორტი ხმელთაშუაზღვის ერთ-ერთი უძველესი პორტია. გაისეირნეთ პალმებით მორთულ ბულბარში და დააგემოვნეთ გემრიელი კოქტეილი.
-
მოინახულეთ სასახლე – Castillo de Gibralfaro
გიბრალფაროს მთაზე მდებარე მავრიტანული სასახლე მეათე საუკუნით თარიღდება და ის მალაგას ქალაქს გადმოჰყურებს. სასახლე სრულად არის აღდგენილი და დღეს სამხედრო მუზეუმსაც წარმოგვიდგენს. შეგიძლიათ მიხვიდეთ ავტობუსით ან ფეხით.
-
დალაშქრეთ მდინარე – Chíllar River
მდინარე ქილარის ტური ნერჟას გამოქვაბულებს და რეგიონის ულამაზეს გარემოს გთავაზობთ. ბუნების მოყვარულებისთვის ეს ლაშქრობა ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება. გზის გავლას 4-დან 6 საათამდე სჭირდება. მოგიწევთ წყალში და გამოქვაბულის კედლებში გავლა. ნერჟაში მისვლისას კი გამაგრილებელ აუზს შემოგთავაზებენ.
-
იხილეთ კათედრალი – Catedral de la Encarnación de Málaga
მალაგას კათედრალი ქალაქის ისტორიულ ცენტში მდებარეობს და მალაგას ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობაა. ის რენესანსის სტილშია შესრულებული, თუმცა გარედან ბაროკოს ფასადი ამშვენებს. ფრესკები მე-16/მე-18 საუკუნით თარიღდება. ის რეგიონის ყველაზე შთამბეჭდავ კათედრალადაც ითვლება.
-
დაათვალიერეთ პიკასოს მუზეუმი – Museo Picasso Málaga
მალაგა ბევრი ადამიანის საყვარელი ნეო-კლასიკოსი კუბისტის, პაბლო პიკასოს დაბადების ადგილია და დღეს მისი ნამუშევრების ნაწილს სწორედ აქ, ბუენავისტას სასახლეში მიაგნებთ. ძველი ქალაქის ცენტრში მდებარე მუზეუმი ცნობილი ესპანელი მხატვრის გარდა, დროებით გამოფენებსაც მასპინძლობს.
-
ეწვიეთ ალკაზაბას რომაულ თეატრს – Roman Theatre Alcazaba
მალაგას სამხრეთით მდებარე თეატრი რომის იმპერიის ისტორიულ შეხსენებას წარმოადგენს. ის პირველ საუკუნეში აშენდა და მოესწრო პერიოდს, როცა მალაგა რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. დღეს აქ საჯარო პერფორმანსები იმართება.
-
დაისვენეთ სანაპიროზე – El Pedregalejo
ეს მალაგას ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროა, ქალაქის ცენტრიდან ნახევარი საათის გზაზე. გაატარეთ სარელაქსაციო დღე 1 კილომეტრი სიგრძის სანაპიროზე, მიირთვით ზღვის პროდუქტები და საღამოს რომელიმე სანაპირო კლუბში იცეკვეთ.
-
გაისეირნეთ ბოტანიკურ ბაღში – La Concepión Botanical Garden
მალაგას ბოტანიკური ბაღი ქალაქის ცენტრიდან ავტობუსით ნახევარი საათის გზაზე მდებარეობს. ის 1850 წელს გაშენდა და დღეს 2000-ზე მეტი სახეობის მცენარეს აერთიანებს სხვადასხვა კონტინენტიდან.
-
იშოპინგეთ – Calle Larios
კალე ლარიოსი მალაგას ცნობილი სავაჭრო ქუჩაა. დაიწყეთ ყავით კაფე ცენტრალში და დაკავდით შოპინგით. აქ ბევრ საერთაშორისო ბრენდის მაღაზიას აღმოაჩენთ, მაგრამ თუ რაიმე ავთენტური გსურთ, Joyería Montañés-თან გაჩერდით. ეს უძელესი სამკაულის მაღაზიაა.
-
დაათვალიერეთ ქუჩის ხელოვნება – The MAUS
მალაგას ერთ-ერთი უბანი ღია ცის ქვეშ გამოფენას ჰგავს. აქ ქუჩის მხატვრების საოცარ ნამუშევრებს ყველა შენობაზე იხილავთ.
-
დააგემოვნეთ ადგილობრივი ღვინო – Antigua Casa Guardia
ამბობენ, რომ როცა პიკასო არ ხატავდა, ამ ბარს სტუმრობდა. ეს ტრადიციული ღვინის ბარია, რომელიც აქაურ ღვინოს გთავაზობთ, გემრიელ ტაპასთან ერთად.
15 რამ რაც ესპანეთში მოგზაურობამდე უნდა იცოდეთ