ევროპას მრავალფეროვანი ლანდშაფტის წყალობით გასაოცარი კუნძულები აქვს. ჩვენ უნიკალური და ყველაზე ლამაზი კუნძულები შეგირჩიეთ ამ კონტინენტზე:
1. კორჩულა / Korčula, ხორვატია
ვენახებით, ზეთისხილის ხეებით და ტყეებით მდიდარი კორჩულა გარშემო კუნძულებიდან ყველაზე მწვანეა. ის ხმელეთიდან 3 კმ-ს დაშორებით მდებარეობს და ზაფხულობით საკმაოდ გადატვირთულია. კუნძულის საუცხოოდ შემონახული შუასაუკუნოვანი დასახლებები თავისი ისტორიული არქიტექტურით აუცილებლად მოგხიბლავთ.
2. სკიატოსი / Skiathos, საბერძნეთი
დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ თქვენი ოცნების სანაპირო. აქ სწორედ მას იხილავთ: თეთრი ქვიშით, გამოქვაბულებით, ბუნებრივი თაღებით, ულამაზესი მზის ჩასვლებით და აშ. კუნძული ათენსა და თესალონიკს შორის მდებარეობს. მას პატარა დედაქალაქი აქვს თეთრი სახლებით და ანტიკური მონასტრებით.
3. სარდინია, იტალია
ხმელთაშუაზღვაში სარდინია სიცილიის შემდეგ, უდიდესი კუნძულია. დაისვენეთ სამოთხის მსგავს თეთრ სანაპიროებზე და დატკბით აქაური ველური ბუნებით. გაუყევით სანაპირო ბილიკებს და იხილეთ მთის სოფლები თავისი მისტიკურობით.
4. კორსიკა, საფრანგეთი
კორსიკას სახელი ნიშნავს “სილამაზის კუნძულს” და ის მკვეთრად განსხვავებულია სხვა კუნძულებისგან. კორსიკის კულტურა, ტრადიციები, სამზარეულო თუ ენა აქაურობას ავთენტურ და უნიკალურ იერსახეს სძენს. მისი ბუნება კალეიდოსკოპურია: ქვიშიანი სანაპიროებით, ტყეებით, ველებით და მთებით.
5. მენორკა / Menorca, ესპანეთი
ეს ესპანეთის აღმოსავლეთ სანაპიროა – კუნძული-მარგალიტი ბალეარის ზღვაში. ადგილობრივი ტურიზმი აქ ფართოდაა განვითარებული. მას იუნესკოს ბიოსფეროს დაცული ტერიტორიის სახელი 1993 წელს ეწოდა. აქ ქვეყნის გამორჩეულ სანაპიროებს ნახავთ. მისი ელეგანნტური საპორტო ქალაქი მაო ბრიტანული არქიტექტურის გავლენას განიცდის, ხოლო ფერადი ციტადელა უფრო ესპანურ ატმოსფეროს ქმნის.
6. საარემა / Saaremaa, ესტონეთი
თუ ესტონეთის ნამდვილი სულის შეცნობა გსურთ, ტალინის და ტარტუს ნაცვლად, საარემას გზას დაადექით. ამ კუნძულზე მრავალფეროვანი ტყეები და პატარა სოფლებია ველური ცხოვრების რიტმის შესაგრძნობად. ესტონელებს ძალიან უყვართ მისი მაგიურობა თავისი შთამბეჭდავი ციხესიმაგრით.
7. ლოფოტენის კუნძულები / Lofoten, ნორვეგია
წითელი სათევზაო ქოხებით მორთული ლოფოტენი ფრანგ ნოველისტ ჟიულ ვერნის შთააგონებდა. ეს დაუსრულებელი არქიპელაგი, რომელსაც ნორვეგიიდან ბორნით და ხიდებით დაუკავშირდებით, კინოს კადრს აუცილებლად მოგაგონებთ. მისი ბუნების სილამაზე წელიწადის ყველა დროს განსაცვიფრებელია.
8. გოთლენდი / Gotland, შვედეთი
“ბალტიისპირეთის დედოფლად” წოდებული ეს მაგიური კუნძული არის ადგილი, სადაც შუასაუკუნოვანი შენობები ქვიშის სანაპიროებს და დუნებს ხვდებიან. შვედეთის ეს უდიდესი კუნძული შვედეთსა და ესტონეთს შორის მდებარეობს და მისი დედაქალაქი იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაშია შეყვანილი. გოთლენდში საოცარი სიმშვიდე დაგხვდებათ.
9. ტესელი / Texel, ნიდერლანდები
ბუნებრივი ნაკრძალებით, სანაპიროებით და ტყეებით მდიდარი ტესელი, ვადენის კუნძულებს შორის ყველაზე ხშირად მონახულებადია. ის ჰოლანდიის ჩრდილოეთ სანაპიროზეა გადაჭიმული. ერთ დროს ის აზიისკენ, აფრიკისკენ და ამერიკისკენ მიმავალი გემების მთავარი გაჩერება იყო.
10. სკილის კუნძულები / Isles of Scilly, ინგლისი
მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში ეგზოტიკური ამინდი არაა, ატლანტის ოკეანესთან მდებარე სკილი ყოველთვის იყო ქვეყნის განსხვავებული ნაწილი მისი უნიკალური ეკოსისტემით. ეს სამოთხე 200-მდე პატარა კუნძულს აერთიანებს.
11. სკაის კუნძული / Isle of Skye, შოტლანდია
შოტლანდიაში სიდიდით რიგით მეორე კუნძული მშვიდი გამოქვაბულებით და ჩანჩქერების სიმრავლით გამოირჩევა. აქაური დრამატული ლანდშაფტი შთამბეჭდავ ხედებს გთავაზობთ. ეწვიეთ მას ზღაპრული ციხესიმაგრეებისთვის, ფერადი სათევზაო სოფლებისთვის და საყვარელი სახლებისთვის. თან იქონიეთ საწვიმარი.
12. ინის მორი / Inis Mór, ირლანდია
ინის მორში ტრადიციული მუსიკა, კულტურა და მემკვიდრეობა მოგხიბლავთ. აქ ხშირად ტარდება ფესტივალები და ღონისძიებები. კუნძულის გზები ანტიკურ მონუმენტებამდე, რენესანსის ტაძრებამდე და შუქურებამდე მიგიყვანთ.