ნორვეგია “საოცრებების ქვეყნადაა” ცნობილი. ეს სკანდინავიელი ერი პლანეტის ულამაზეს ადგილას ცხოვრობს. მაგიური ფიორდები, სანაპიროები, არქტიკული არქიპელაგი და დინამიური ქალაქები – ჩვენ ნორვეგიის საუკეთესო ადგილებს გირჩევთ.
ალესუნდი/Ålesun
ალესუნდი 1904 წლის ხანძრის დროს თითქმიდ სრულად განადგურდა, რადგანაც ის ხის დასახლება იყო. ნორვეგიის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ქალაქი დღეს არტ-ნუვოს ფერად არქიტექტურას წარმოგვიდგენს. ის 7 კუნძულზეა გაფანტული და ერთმანეთს წყლის ხიდებით უკავშირდება. გარშემო კი ზღვის და მთის ხედებია.
Bergen/ბერგენი
ამ ქალაქს “ფიორდებზე გასასვლელს” უწოდებენ. ბერგენი სუნთქვის შემკვრელ ბუნების სილამაზეშია ჩაძირული. ქალაქი ქვაფენილიანი ქუჩებით და ხის სახლებით იუნესკოს დაცულ ძეგლებშია შესული. ბერგენი სავსეა უნიკალური არქიტექტურით, რომელიც შუასაუკუნეებს და თანამედროვე ხელოვნებას გამოხატავს.
ფრედრიკშტადი/Fredrikstad
ამ ქალაქის ძველი ნაწილი ჰოლანდიური მოდელის მიხედვითაა აგებული, გამოკვეთილი კონტურებით. ძველი უბანი აერთიანებს ცოცხალ ბაზრის მოედანს, ქვაფენილიან ხეივანს, ტრადიციულ ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებს… უჩვეულო დაგეგმარების წყალობით ქალაქს ბევრი მწვანე სივრცე აქვს.
გაირანგერი/Geiranger
ეს პატარა სოფელი მთებზე ულამაზეს გადმოსახედებს გვთავაზობს. ცისფერი კამკამა წყალი და მთის ხასხასა ფერდები საოცარ კომბინაციას ქმნიან. სოფლის გარშემო ბევრი სალაშქრო ბილიკია ჩანჩქერებით და ხედებით.
ჰენინგშვაერი/Henningsvær
ეს მომხიბვლელი სათევზაო სოფელი რამდენიმე პაწაწინა კუნძულზეა გაშენებული, რომლებიც არქტიკული არქიპელაგის ნაწილები არიან. ქალაქის ფერადი სახლები კრისტალივით სუფთა წყალში აირეკლებიან. ზამთარში კუნძულებს თოვლი ფარავს და შენობები ჯანჯაფილის საშობაო სახლებს წააგავს. ზაფხულობით კი აქ 24 საათის მანძილზე დღის სინათლე და სასიამოვნო ამინდია.
ლონგიარბინი/Longyearbyen
ესეც ჩრდილოეთ პოლუსის კუნძულებში შემავალი ქალაქია. მისი ექსტრაორდინალური ლანდშაფტი ნამდვილად მოგხიბლავთ. აქ ციცაბო მთები ქვიშიან სანაპირო ზოლს უერთდებიან. ქალაქი პატარა მარა ფერადია. წითელი, მწვანე, ყვითელი და ლურჯი სახლები ჰარმონიულ კონსტრასტს ქმნიან.
რეინი/Reine
რეინი თავისი მომხიბვლელობით ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორს იზიდავს. ეს პატარა სათევზაო სოფელი წყნარი წყლით და მთებითაა გარშემორტყმული. სოფლის ყოველი კუთხიდან უზარმაზარ კლდეს მოკრავთ თვალს, რომელიც თითქოს ოკეანიდან წამოიზარდა და გარემოს მისტიკური ელფერი შესძინა.
შკუდენეშავნი/Skudeneshavn
ეს ქალაქი მე-19 საუკუნის 130 ორიგინალურ ნაგებობას აერთიანებს, თეთრად შეღებილს. მის ნავსადგურს ასობით ნავი ავსებს, განსაკუთრებით ზაფხულში, ნაოსნობის ფესტივალზე. ამ დროს ქუჩებში ტრადიციული ფოლკლორის პერფორმანსები ეწყობა.
ტრომსო/Tromsø
არქტიკული წრიდან 320 კილომეტრში მდებარე ტრომსო ექსტრემალური ლოკაციის წყალობით, ჩრდილოეთ ციალის დასანახად ნორვეგიაში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. აქ ვიზიტორებს საშუალება აქვთ ადგილობრივ ველურ ბუნებას დააკვირდნენ. ტრომსოს გარშემო ბევრი ტყე, ფიორდი და მთაა.
ტრონდჰეიმი/Trondheim
ეს ქალაქი ერთ დროს ვიკინგების დედაქალაქი იყო და რეგიონის ისტორიას ბრწყინვალედ ასახავს. აქ გოთიკური არქიტექტურის საოცარი ნიმუშებია. მათ შორის ჩრდილოეთ ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი შუა საუკუნეების ეკლესია – ნიდაროსის კათედრალი. სვერესბორგი კი საუცხოოდ შემონახული ციხესიმაგრე და ღია მუზეუმია.