ლისაბონში მოგზაურობა ამაღელვებელი გამოცდილებაა რადგანაც პორტუგალიის დედაქალაქში უამრავი რამის გაკეთება შეიძლება. აქ ბევრი სანაპიროცაა, რომელიც ადგილობრივებს უყვართ და მათთან ადვილად მოხვდებით.  პორტუგალიის სანაპირო ცნობილია გრძელი ქვიშის ნაპირებით და სერფინგის მოყვარულთათვის პატარა სამოთხეა. აქ ნახავთ პატარა, მშვიდ და მყუდრო სანაპიროებსაც სარელაქსაციოდ.

პრაია და პონტა დოს კორვოსი / Praia da Ponta dos Corvos

ეს მდინარის სანაპიროა, სადაც ბანაობა ნებადართულია, მაგრამ ლისაბონის საუკეთესო საცურაო ადგილი არაა. თუ სანაპიროზე სარელაქსაციო დღის მოწყობა გსურთ, ეს მშვიდი ლოკაცია საუკეთესოა. მთავარი სიმდიდრე რაც ამ ნაპირს გააჩნია, ხედია ლისაბონზე. განსაკუთრებით სასიამოვნოა აქ მზის ჩასვლის ყურება.

როგორ მოხვდებით: სამწუხაროდ, სანაპირო საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხელმისაწვდომი არაა. თუ მანქანას იქირავებთ ან ტაქსს გამოიძახებთ, ლისაბონის ცენტრიდან აქ 1 საათში მოხვდებით.

კოსტა და კაპარიკა / Costa da Caparica

ლისაბონის ცენტრიდან 30 წუთის გზაზე თეთრი ქვიშის გამორჩეული სანაპირო დაგხვდებათ. ეს წყლისპირა დასახლება ლისაბონის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი არეალია და ამ მიზეზით, ის ადგილობრივთა ფავორიტი ადგილია. ზაფხულში მას დატვირთულს ხშირად ნახავთ. აქ ბევრი დასასვენებელი ადგილი და ღია ბარია. მზის ჩასვლის შემდეგ წვეულებების ატმოსფეროსაც იგრძნობთ.

როგორ მოხვდებით: ლისაბონიდან კაპარიკამდე ავტობუსები დადიან. გზას 30 წთ სჭირდება.

პრაია დო მეკო, სესიმბრა / Praia do Meco, Sesimbra

სესიმბრა ცნობილია გრძელი სუფთა ქვიშიანი ნაპირებით და ულამაზესი ბუნებით. აქ ინფრასტრუქტურა არც ისე განვითარებულია, ამიტომაც ბევრი საკვები ობიექტი არ დაგხვდებათ. ამ სანაპიროს პატარა განცალკევებული ნაწილი ქვეყნის პირველი ნუდისტური სანაპიროა.

როგორ მოხვდებით: მანქანის ქირაობის შემთხვევაში, გზა ამ სანაპირომდე 45 წუთს წაიღებს.

პრაია დე კარკაველოსი / Praia de Carcavelos

კარკაველოსი ცოცხალი სანაპიროა, განსაკუთრებით ზაფხულში. აქ შესაძლოა ვერ განმარტოვდეთ, მაგრამ სასიამოვნო ატმოსფეროში აღმოჩნდებით. მისი შარმი ნამდვილად განუმეორებელია.

როგორ მოხვდებით: ლისაბონის მთავარი სადგურიდან (Cais do Sodré) მატარებლები აქ ყოველდღე დადიან.

პრაია დო გინჩო / Praia do Guincho

პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანაპირო ვრცელ ადგილს გთავაზობთ. ის ეროვნული პარკის ნაწილია და კრისტალივით სუფთა წყლით და თეთრი ქვიშით გამოირჩევა. თუმცა, ხანდახან აქ დიდი ტალღები იცის და სერფერები მას ხშირად აკითხავენ. დიუნებით გარშემორტყმული ნაპირი მშვენიერი ერთ-დღიანი გასაქცევია ლისაბონიდან.

როგორ მოხვდებით: შეგიძლიათ გაყვეთ მატარებელს ლისაბონიდან კაშკაისამდე და შემდეგ სანაპირომდე ტაქსით მიხვიდეთ.

პრაია და რიბეირა დე კაშკაისი / Praia da Ribeira de Cascais

კაშკაისი დიდი სანაპირო ქალაქია სავსე ტურისტებით. მისი რიბეირას სანაპირო ქალაქის ცენტრია და ის ყოველთვის ტრადიციული სათევზაო ნაპირი იყო. დღეს აქ ნავები ისევ არიან, მაგრამ სანაპიროს მთლიანად დამსვენებლები მოიცავენ. დააგემოვნეთ გემრიელი კერძები მის რესტორნებში.

როგორ მოხვდებით: ლისაბონის სოდრეს სადგურიდან (Cais do Sodré) მატარებლები კაშკაისამდე და უკან რეგულარულად დადიან.

პრაია დო ესტორილი / Praia do Estoril

კაშკაისი ლისაბონიდან ყველაზე პოპულარული ერთდღიანი აქტივობაა, მაგრამ მისი სანაპიროები მაინც პატარაა და ზაფხულში დატვირთული. სულ რაღაც 10 წუთის გზაზე, ნაკლებად ტურისტული ესტორილი შემოგეგებებათ ულამაზესი სანაპიროთი, სადაც უმეტესწილად ადგილობრივები ჩადიან. წყალი მშვიდია საცურაოდ. ესტორილის კაზინო გამორჩეულია ევროპაში, სწორედ მან შთააგონა იან ფლემინგი დაეწერა ბონდის კაზინო როაილი.

როგორ მოხვდებით: ლისაბონის სოდრეს სადგურიდან (Cais do Sodre) მატარებლები აქამდე და უკან რეგულარულად დადიან.

პრაია და ფიგუეირინა / Praia da Figueirinha

ეს არაბიდას ეროვნული პარკის უდიდესი სანაპიროა, ლისაბონიდან 1 საათის სავალ გზაზე. აქ ახლომდებარე ქალაქ სეტუბალიდანაც ადვილად ჩახვალთ ავტობუსებით. მისი წყალი ცნობილია როგორც სასიამოვნოდ თბილი, რაც ბანაობის შესაძლებლობას მაისიდან იძლევა.

როგორ მოხვდებით: სანაპირო ხელმისაწვდომი არაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. სამანქანო გზით ლისაბონიდან მდებარეობს 1 საათის გზაზე.