მთაგორიანი და ქვაფენილიანი ულამაზესი ლისაბონი ნამდვილად მოგაქცევთ შთაბეჭდილების ქვეშ. მდინარე ტაგუს სანაპიროზე სეირნობა და მისი უბნების გამოკვლევა საოცარი გამოცდილებაა. ჩვენ აქ საუკეთესო უბნებს გირჩევთ:

1. Belém/ბელემი

საუკეთესო უბანი სანაპიროზე 1 დღიანი გასვლებისთვის

ბაღებით, წყლისპირა მოედნებით და მონუმენტებით მდიდარ ბელემს მოგზაურები ხშირად მხოლოდ 1 დღეს ან დღის პირველ ნახევარს უთმობენ, რათა ჯერონიმოს მონასტერი და ბელემის კოშკი მოინახულონ. მაგრამ, ლისაბონის ეს უბანი იდეალური ლოკაციაა მათთვის, ვისაც ურბანული აღმოჩენების სანაპიროთი დაბალანსება უნდა. წაყევით ბორანს ტრაფარიაზე და იქიდან ავტობუსი კოსტა და კაპარიკას სანაპიროზე მიგიყვანთ. აქ ყველანაირი ტიპის სასტუმრო, მდინარისპირა კაფე-რესტორნებია და ლისაბონის ქალაქის ცენტრიც ტრანსპორტით სულ რაღაც 10 წუთის სავალ გზაზეა.

2. Madragoa & Santos/მადრაგოა და სანტოსი

საუკეთესო უბნები ნელი მოგზაურებისთვის

თუ ადგილობრივებს კითხავთ თუ სად მთავრდება სანტოსი და იწყება მადრაგოა, ერთი და იგივე პასუხს სავარაუდოდ ვერ მიიღებთ. მადრაგოა და სანტოსი ერთ უბნად აღიქმება და ხშირად ცალ-ცალკე ვერც მოიაზრებენ. ოფისები, სკოლები, ლამაზი კაფეები უფასო Wi-Fi-თ, ტრადიციული და თანამედროვე რესტორნები და ტიპური ლისაბონის ატმოსფერო – ასე ხასიათდება ეს წყვილი: მადრაგოა და სანტოსი. ის ცოცხალია დღისით და მშვიდია სამუშაო საათების შემდეგ. თუ ავთენტური ლისაბონის ცხოვრების შეგრძნება გსურთ აქ უნდა დარჩეთ ან გარკვეული დრო გაატაროთ. ანტიკური ხელოვნების ეროვნული მუზეუმი აუცილებლად მოსანახულებელი ღირსშესანიშნაობაა. ქუჩები კი გაგაოცებთ ძველის და ახალის ოსტატური სინთეზით.

3. Baixa, Chiado & Rossio/ბაიქსა, კიადო და როსიო

საუკეთესო უბნები შოპინგისთვის

ლისაბონის ყველა ისტორიული და კულტურული შრე აქ იკვეთება. დაათვალიერეთ უნიკალური ძეგლები, ფოტოგენური მოედნები და უბნების საოცარი კონტრასტი. ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ, გაეშურეთ მაღაზიებისკენ. ბაიქსას მთავარი არტერია – ავგუსტას ქუჩა ძველი ტრადიციული მაღაზიებით გამოირჩევა. ეცადეთ ერთი და იგივე ნივთების, პატარა სუვენირების ფასი რამდენიმეგან იკითხოთ, რადგანაც ზოგგან მაცივრის მაგნიტების ფასიც კი მაღალია. როსიოში დიდი მოედნები და ქანდაკებებია, ძვირი სუვენირებით. კიადო კი ისტორიული კაფეებით გამოირჩევა. ეს ტურისტული უბნები საუკეთესოა დასარჩენად. ტრანსპორტის ხაზები აქ ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომია.

4. Mouraria & Alfama/მურარია და ალფამა

საუკეთესო უბანი ღირსშესანიშნაობებისთვის

მურარიას უბანში ვიწრო ქუჩები სავსეა მაღაზიებით, სადაც ყველაფერს შეიძენთ, ტრადიციული რესტორნებით და ადგილობრივებით, რომლებიც სხვადასხვა ენებზე საუბრობენ. ალფამაში კი ტერასები, ლამაზი სახურავები და ლისაბონის ცნობილი გადმოსახედებია. ეს ორი უბანი ლისაბონის უძველესი უბნებია და ქალაქის გულში მდებარეობენ. აქ ნახავთ მუზეუმებს, ციხესიმაგრეს და ეროვნულ პანთეონს. მაგრამ, აქ საუკეთესო გამოცდილებაა მის ქვაფენილიან ქუჩებში დაკარგვა, მთებზე ასვლა და ლისაბონის შუასაუკუნოვანი კედლების ხილვა. დარჩით აქ თუ მოგწონთ ძველი ქალაქის ავთენტურობა, არ გაწუხებთ ხალხმრავლობა და გაწყობთ ნაკლები ტრანსპორტის საშუალება სხვა უბნებთან შედარებით. ორივე უბანი შეგიძლიათ ფეხით მოიაროთ.

5. Bairro Alto & Cais do Sodré/ბაირო ალტო და კაის დო სოდრე

საუკეთესო უბნები რესტორნებისა და ღამის ცხოვრებისთვის

უიქენდებზე აქ მუდამ ბარების ძიებაში დადიან. ივახშმეთ ბაირო ალტოს უბანში და მოგვიანებით წადით კაის დო სოდრეს ღამის კლუბებში. ბაირო ალტო უფრო ქარიზმატული უბანია, რომელიც 1980 წლის რევოლუციის შემდეგ, ლისაბონის ბოჰემურ ლოკაციად იქცა. აქ სტუდენტები და არტისტები იყრიდნენ თავს და საუბრობდნენ მუსიკალურ და ინტელექტუალურ თავისუფლებაზე. მართალია მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ დღეს ეს უბანი მაინც ბიუჯეტური და უკონკურენტო ღამის ცხოვრების ადგილია. კაის დო სოდრეც ბიუჯეტური ბარებით გამოირჩევა.

6. Parque das Nações/პარკ დას ნასოესი

საუკეთესო უბანი ოჯახებისთვის

ეს აღმოსავლეთი უბანი ლისაბონის ახალი ნაწილია. ის შორსაა ქალაქის ცენტრიდან, თუმცა მისი ურბანული პარკი საუკეთესოა ბავშვებისთვის. აქ მდებარეობს ევროპის უდიდესი აკვარიუმიც –  Oceanário და ინტერაქციული სამეცნიერო მუზეუმი (Pavilhão do Conhecimento) ბავშვებისთვის და დიდებისთვის. აქ ასევე პროდუქტების მაღაზიები, ბიუჯეტური რესტორნები და საკვების დახლებია.